ინტერვიუ
როგორ მოახერხებენ ოჩამჩირის სამხედრო ბაზის გვერდზე ანაკლიის პორტის აშენებას, - პაატა ზაქარეიშვილი
რა საფრთხეებს შეიცავს ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსების გეგმები, რამდენად სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორი შეიძლება ეს გახდეს საქართველოს ნატოსკენ სწრაფვის კონტექსტში, როგორ აფასებენ ამ რისკებს ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც, ამავე დროს, ანაკლიის პორტის განვითარებას აანონსებენ, რა ბერკეტები არსებობს შავ ზღვაში ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით; სოხუმის დამოკიდებულება რუსეთის ახალ გეგმებთან დაკავშირებით, როგორია გალის შეხვედრების განახლების პერსპექტივა, - ამ თემებზე საუბრობს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი. 

ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ფლოტის მუდმივი ბაზის განთავსების შესახებ განცხადება, ბოლო დღეების ერთ - ერთი ყველაზე რეზონანსული საკითხია, რას წარმოადგენს ეს პორტი დღეს და ახალი ფუნქციებით, რა საფრთხის შემცველი შეიძლება გახდეს?

რა თქმა უნდა, ეს ძალიან სერიოზული მოვლენაა, უსაფრთხოების კონტექსტიდან გამომდინარე შავ ზღვაზე და მით უმეტეს, საქართველოსთვის, ოკუპირებული ტერიტორიიდან გამომდინარე, სამეგრელოს მოსახლეობისთვის. გუშინ ბერაია (პარლამენტარი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, (რედ.)) გამოვიდა, პარლამენტის წევრი და თქვა, რომ თითქოს, განსაკუთრებული საფრთხეები არაა, საფრთხეები ისედაც იყოო და არ ვეთანხმები ამას, იმიტომ, რომ, რა არის ოჩამჩირის პორტი? ოდესღაც საბჭოთა შავი ზღვის ფლოტის ნაწილი იყო. პატარა პორტი, რომელიც გარკვეულ დამატებით სამსახურებს ახორციელებდა, გარე პერიმეტრზე იცავდა, ან რაღაც გარკვეულ ფუნქციებს ასრულებდა სევასტოპოლის პორტიდან გამომდინარე და სამხედრო ინფრასტრუქტურის რაღაც გარკვეული ნაწილი იყო, ბომბორას აეროპორტთან ერთად, გუდაუთაში და ასე შემდეგ. ბათუმის აეროპორტიც, ეს ყველაფერი საერთო სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურის ნაწილი იყო შავ ზღვაზე ოდესღაც, საბჭოთა კავშირის დროს და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მან ფუნქცია დაკარგა. ხელიდან ხელში გადადიოდა და საბოლოო ჯამში, იქ განთავსებული იყო რუსეთის სასაზღვრო ჯარების ნაწილი, კატარღები, რომლებიც იცავდნენ ვითომ "საზღვარს", ოკუპირებულს, ბუნებრივია და აქედან გამომდინარე, მათ ჰქონდათ გარკვეული ფუნქციები, მათ ჰქონდათ თავდაცვის იარაღი, შეიძლება ჰქონოდათ, სიტყვაზე, რაღაც ტყვიამფრქვევი... ახლა რა ხდება, ეს პორტი გადაეცა რუსეთის სასაზღვრო ძალებიდან სამხედრო ძალებს და იქ შევა არა კატარღები, რომლებიც თავის თავს იცავენ, არამედ, მცირე ზომის სამხედრო - საბრძოლო გემები, ხომალდები, რომლებიც თავის დაცვაზე კი არ იმუშავებენ, არამედ შეტევაზე. იქ განლაგებული იქნება რაკეტები, რომლებითაც შეიძლება დააზიანო უკრაინა... და ამავე დროს, შორს იყო უკრაინიდან. შესაბამისად, ასეთ ხომალდებს სჭირდება დაცვის უფრო მაღალი დონე და გამოდის, რომ პორტი, თუ ამდენ ხანს იყო უფრო სასაზღვრო, ახლა იქნება სამხედრო. შესაბამისად, დაცვის არეალი გაიზრდება. ჰაერიდან თავდაცვის მექანიზმები გაძლიერდება, ხმელეთიდან, ზღვიდან და არეალი იქნება სადღაც, 30 – 40 კილომეტრი, ანუ ვრცელდება ანაკლიის პორტამდე.

მიუხედავად ამ რისკებისა, მთავრობაში აცხადებენ, რომ ანაკლიის პროექტი გეგმის მიხედვით მიდის...

ჩვენი მთავრობა გაიძახის, რომ ჩვენ ანაკლიის პორტი უნდა აღვადგინოთ, და რომელი გემი შემოვა ასეთ პორტში, როცა იცის, რომ ის შედის თავდაცვის არეალში. ეჭვქვეშ დგება მაშინვე ამ გემის მოძრაობა ამ მიმართულებით. ანუ, პორტი, ოჩამჩირის პორტი თავისთავად ფორმას ვერ შეიცვლის, იქ რომ შეცვალო, 5- 6 წელი მაინც სჭირდება ამას, თუ არა 10 წელი, მაგრამ, ქაღალდზე უკვე სხვა ფუნქცია ექნება და ქაღალდიდან გამომდინარე, ეს ფუნქცია გადაიზრდება უსაფრთხოების ზომების განხორციელებაში და შემდეგ უკვე ჩიტი ვერ შეფრინდება იქ. აქამდე იქ თურქული გემებიც შედიოდნენ და ნახშირი გამოჰქონდათ. ანუ, ყველას ვისაც არ ეზარებოდა, თავის ტალახიან ფეხებს აფათურებდა აი ამ პორტში. ახლა ასე არ იქნება! ძალიან მკაცრი იქნება დაცვითი მექანიზმები. ამიტომ, ვინც ამბობს, რომ არაფერი არ შეიცვალაო, დაბადებით უგუნური ადამიანია და წარმოდგენაც არ აქვს რა ხდება, ან შეგნებული მტერია, ან იცის რა ხდება, და ჩვენი მოტყუება უნდა.

საქართველოს ნატოს პერსპექტივისთვის რამდენად შემაფერხებელი ფაქტორი შეიძლება გახდეს ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზის განთავსება?

ეს არის ძალიან სერიოზული ამბავი. თანაც საქართველო თუ მიდის ნატოში და ასევე წერია კონსტიტუციაში და არავის არ მოუღია კონსტიტუციიდან, მაშინ ეს პირდაპირ ემუქრება საქართველოს ნატოს პერსპექტივებს. ახლა არ ვლაპარაკობ ევროკავშირზე, ეს სხვა თემაა და ამას არ ეხება. ეს ეხება უკვე ჩვენს ნატოს პერსპექტივებს. თურქეთთან ურთიერთობებს. მე მაინც მგონია, რომ ეს უფრო ქაღალდზე იქნება, ვიდრე რეალობაში. იცით, რომ ყირიმი უკვე იბომბება ოფიციალურად, ამიტომ, რუსეთს სჭირდება, რომ ეს გემები სადმე იყოს მიბმული.  წარმოიდგინეთ, თურქული გემი მოძრაობს ნეიტრალურ წყლებში და ხედავს გემს, რომელსაც ნომერი აწერია და არ აქვს მიბმის პორტი, ეს მისთვის საფრთხეა უკვე. მან უნდა იცოდეს, რომელ პორტზეა მიბმული გემი. ამიტომ, ბევრი გემი, შეიძლება ოჩამჩირის პორტში ვერც შევიდეს, ვერც შეეტიოს, მაგრამ, შეიძლება ჰქონდეს ოჩამჩირის პორტის მიბმა, რათა ლეგიტიმური იყოს მისი არსებობა ზღვაში. ამიტომ, ბევრი რამე შეიძლება ქაღალდზე გაფორმდეს, მაგრამ პორტი გახდება სამხედრო, არა გემები, არამედ პორტი.

გამომდინარე აქედან, უკრაინის მხრიდან ლეგიტიმური იქნება თუ არა შეტევა რუსულ ბაზაზე, ოჩამჩირეში მისი განთავსების შემთხვევაში, სულ რამდენიმე კილომეტრში ანაკლიიდან?

ეს ყველაფერი საქართველოს ტერიტორიაზე ხდება და მით უმეტეს, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიას ეხება და უშუალოდ საფრთხის ქვეშ დგება ანაკლია. ეს ერთი.  მეორე. უკრაინა დასდევს რუსულ გემებს და ჩვენ ვიცით სახელგანთქმული ეს ამბავი, სად გაუშვეს და რა ფორმით რუსეთის სამხედრო გემი, უკვე ფოლკლორის ნაწილად იქცა უკვე რუსული სამხედრო გემზე ლაპარაკი ... უკრაინა არ მალავს თავის ამბიციებს გაანადგუროს რუსული ფლოტი შავ ზღვაზე. ამ ფონზე მან უკვე ჩაძირა და დააზიანა არაერთი და ორი რუსეთის სამხედრო საბრძოლო ხომალდი. ამ ფონზე ბუნებრივია, ის იტოვებს უფლებას და განაცხადა კიდევაც, პრეზიდენტის დონეზე იყო განცხადება უკრაინაში, რომ უკრაინა იტოვებს ლეგიტიმურ უფლებას დააზიანოს, გაანადგუროს ყველგან, სადაც ის ჩათვლის საჭიროდ თავისი უსაფრთხოების ინტერესებისგან გამომდინარე, რუსული შეიარაღებული ფორმირებები. ამიტომ, ოჩამჩირის დაბომბვა, ოჩამჩირის გარშემო არსებული ინფრასტრუქტურის დაბომბვა, ეს შეიძლება იყოს აბსოლუტურად, უკრაინის მხრიდან, ლეგიტიმურად განხორციელებული შეტევა. ბუნებრივია, ეს შეეხება რეგიონსაც, შეეხება რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს, მათ შორის გალის მოსახლეობას, ოჩამჩირის მოსახლეობას, მთელი აფხაზეთის მოსახლეობას, ჩვენი ტერიტორიებია და ბუნებრივია, იქ მცხოვრები ყველა მოქალაქე, პირადად ჩემთვის, პაატა ზაქარეიშვილისთვის, ჩვენი მოქალაქეები არიან, პოტენციური, ფაქტობრივად, მათ უსაფრთხოებას შეეხება ყველაფერი ეს.

ჩვენ გავიძახით იმას, რომ არაფერიც არ ხდება განსაკუთრებული, როდესაც ამდენი საფრთხის მომცველი ღონისძიება ხორციელდება რუსეთი მხრიდან, ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, თუ რამდენად არ ადარდებს რუსეთს საქართველო, ვითომ მეგობრობაში არიან ახლა, ვითომ თავზე ხელს უსვამენ საქართველოს ხელისუფლებას, "ქართული ოცნების" სახით, მაგრამ, სულ არ ადარდებთ და იმდენად თავხედურად და უტიფრად მოქმედებენ, რომ საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესებს ასე ფეხქვეშ თელავენ.

ამ შემთხვევაში, ვისი მხარდაჭერის იმედი უნდა გვქონდეს, რეგიონის, შავის ზღვის უსაფრთხოების თვალსაზრისით? რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას?

ბერაია, რომელსაც პარლამენტში ევალება უსაფრთხოება, ამბობს, არაფერი არ ხდებაო. და რისი იმედი უნდა გქონდეს, რომელი თურქეთი დაგეხმარება და რომელი ნატო, როცა თვითონ ამბობ, რომ არაფერი არ ხდებაო, თურქეთი დაინახავს გემს, რომელიც მას საფრთხე უქმნის, პირდაპირ დაარტყამს, რომელსაც მისამართი და რაღაც  ბმა ექნება პორტთან, სიტყვაზე, მაგრამ, თურქეთი აქამდე არ წავა, თურქეთზე მეტად უკრაინა გააკეთებს ამას. ამიტომ, რისი იმედი უნდა გვქონდეს: საქართველო თუ მიდის ნატოში, თუ ამას ვამბობთ, საქართველოს ტერიტორიაზე არის ორი უკანონო სამხედრო ბაზა, ეს არის გუდაუთის, რომელიც მთელი შავის ზღვის სანაპიროზე ვრცელდება და ეს არის ცხინვალში.
ასევე ლეგიტიმური უფლებაა გარკვეული ღონისძიებები განახორციელოს იქ, მით უმეტეს, ანაკლიას აშენებს იქ, როგორც ამბობს.  დემაგოგიას უფრო ჰგავდა ეს , როგორ მოახერხებენ ოჩამჩირის სამხედრო ბაზის გვერდზე დიდი , მსოფლიო მნიშვნელობის პორტის აშენებას, ვერ წარმომიდგენია. მაგრამ, ეს არაა ახლა მთავარი ამ წუთში, მთავარი არის ის, რომ ჩვენ უნდა ვუთხრათ თურქეთს, უნდა გვეთქვა თურქეთისთვის, რომ ჩვენ მივდივართ რა ნატოში, ჩვენ გვჭირდება თავდაცვა ოკუპანტი რუსეთისგან, ამიტომ, თუ შეიძლება და შენ ინტერესებშიც არის, რომ ანაკლიასთან ავაშენოთ რამე სამხედრო საზღვაო ბაზა თურქეთის, ვიდრე ჩვენ არ გავხდებით ნატოს წევრი სახელმწიფო. რუსეთს შევატყობინებდით, რომ ჩვენ ამას ასე არ გავატარებთ და მის პატარა ოჩამჩირის პორტს ვუპირისპირებთ ნატოს სერიოზულ შენაერთს, როგორიც არის თურქეთის სამხედრო ფლოტი. ეს უნდა ვაჩვენოთ აქ ჩვენთან, რომ ჩვენ ნატოში მივდივართ! კი არ გვიწერია კონსტიტუციაში მარტო, არამედ, ვმოქმედებთ, ნაბიჯებს ვდგამთ და ჩვენ არ ვართ მარტო რუსეთის წინაშე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვერდით დგას ისეთი სახელმწიფო, რომელიც ანგარიშგასაწევი ძალა გახდა აზერბაიჯანში რუსეთისთვის, ასევე ეს სახელმწიფო ეწინააღმდეგება რუსეთს სირიაში, ეს სახელმწიფო მუშაობს ახლა, რათა გარკვეულწილად გავლენები მოახდინოს ისრაელ - პალესტინის კონტექსტში. ეს არის თურქეთი, ჩვენი მეზობელი სახელმწიფო, რომელიც იცავს საქართველოს საზღვარს დოკუმენტით, ხელი აქვს მოწერილი ამაზე. 

აქედან გამომდინარე, საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა შავს ზღვაზე, რომელიც თურქეთის ინტერესებშია. უკრაინა არ არის კავკასიაში, აზერბაიჯანი არ არის შავ ზღვაზე, ჩვენ კავკასიაშიც ვართ, ჩვენ შავ ზღვაზეც ვართ, ჩვენ ორმაგი ფასი გვაქვს, ვიდრე უკრაინას და აზერბაიჯანსა ერთად აღებულს. მაგრამ, ჩვენ არ ვმოძრაობთ, როცა მე ვამბობ, რომ "ქართული ოცნება" არის რუსული პოლიტიკის გამტარებელი, ჩემთვის ნომერ პირველი არგუმენტი ეს არის, ის, რომ ჩვენ არ თანამშრომლობთ თურქეთთან უსაფრთხოების საკითხებში. ჩვენ თურქეთთან ვთანამშრომლობთ მხოლოდ ეკონომიკურ საკითხებში, რაც რუსეთის ინტერესებშია აგრეთვე, სანქციების გვერდის ავლა და ასე შემდეგ, მაგრამ, რაც რუსეთის ინტერესებში არაა, ჩვენ თურქებთან არ ვთანამშრომლობთ. ... და ეს ჩვენს ინტერესებშია პირველ რიგში, რომ ვითანამშრომლოთ სამხედრო უსაფრთხოების კონტექსტიდან გამომდინარე. 

თქვენი აზრით, როგორია სოხუმის დამოკიდებულება რუსეთის ახალ გეგმებთან, მათ შორის ოჩამჩირის პორტთან დაკავშირებით?

სოხუმი ვერაფერს ვერ გააკეთებს, მას თავისი წინააღმდეგობები აქვს, ეს არის მიწა და საკუთრება, ის, რომ რუსი არ ჩავიდეს დღევანდელ დე ფაქტო რეალურ აფხაზეთში, აპარტამენტების თემა, ეს არის საკითხები, სადაც აფხაზეთი ეწინააღმდეგება რუსულ პოლიტიკას, არის საკითხები, სადაც არ ეწინააღმდეგება. მაგალითად ბაბუშარის აეროპორტის მშენებლობა, აქ არ შეეწინააღმდეგნენ, იმიტომ, რომ ის ან იმუშავებს, ან არ იმუშავებს, თუ არ იმუშავებს, ინფრასტრუქტუა მაინც შერჩებათ. არის საკითხები, რომლებიც ერთჯერადი ქმედებისაა, არ არის განგრძობადი, როგორც მაგალითად აპარტამენტების საკითხი. აპარტამენტებს ააშენებენ და შემდეგ ასი ათასობით რუსი ჩამოვა და იცხოვრებს აფხაზეთის ტერიტორიაზე, ასევე, სიტყვაზე, მიწის გადაცემა, თუ მიწა გადაეცა რუსეთს, ესე იგი, კარგავენ მას. არის რაღაც საკითხები, რაც აფხაზებისთვის მტკივნეულია და მნიშვნელოვანია და ამის გამო იბრძვიან და არის საკითხები, რომლებისთვისაც ისინი არ იბრძვიან, მათ შორის, ასეთია ოჩამჩირის პორტთან დამოკიდებულება. იციან, რომ ამაზე წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს, ეს რუსეთის სამხედრო ინტერესებია, აქედან, აფხაზეთი იმდენად არ დაზარალდება პოლიტიკურად, თუ დაბომბვები არ იქნება. ... და იმედია, რუსეთი ამას თავიდან აიცილებს. ამიტომ, ისინი ამაზე თანხმდებიან, მათ ბევრი არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ბევრს არ მომწონს ეს.

ამ ფონზე, ქართულ - აფხაზური ურთიერთობების კონტექსტში, რას ფიქრობთ, ბოლო დროს გალის შეხვედრების განახლების თაობაზე გაკეთებულ განცხადებებზე ?

გალის შეხვედრებს რაც შეეხება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ახლა ამაზე არ უნდა ილაპარაკოო, ამბობენ და მე კი ძალიან მენიშნა, რომ დაურ კოვე, რომელიც იყო "საგარეო საქმეთა მინისტრი" და შემდეგ იყო "კულტურის მინისტრი", ახლა გამაოგნებლად ჩამოაქვეითეს და დანიშნეს გალის რაიონის გამგებლის მოადგილედ. მაგრამ, ეს რომ ყოფილიყო ან გუდაუთის გამგებლის მოადგილე, იგივე ოჩამჩირის ან გაგრის, სხვაა და გალის რაიონის გამგებლობის მოადგილეობა, არ არის რაღაც ხუმრობა. საქმე ის არის, რომ ამით ამტკიცებენ, რომ  სოხუმი ემზადება გალის შეხვედრების აღდგენისთვის  და როგორც წესი, გალის შეხვედრებში მონაწილეობენ ადგილობრივი თვითმმართველობები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან ან სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნიის წარმომადგენლობიდან ან გალის რაიონიდან და ამაზე არავინ არ საუბრობს ქართულ ტელევიზიებში და ყველას ჰგონია, რომ კოვე ჩამოაქვეითეს მხოლოდ ... და თქვენ ნახავთ, რომ კოვე იქნება გალის რაიონის წარმომადგენელი და ჩვენ გვეყოლება ჩვენი მხრიდან ასეთი დონის წარმომადგენელი? ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი, რომელიც იქნება გალის შეხვედრებზე.  მან იცის ზუსტად, რა ხდება თბილისის პოლიტიკურ სამზარეულოში? ეჭვი მეპარება, იქ კი ეცოდინებათ. პოლიტიკური ბერკეტი იქნება გალის შეხვედრები, ამიტომ, მე ასე წარმომიდგენია კოვეს "ჩამოქვეითება", რომ ის იქნება გალის შეხვედრებზე ერთ - ერთი წამყვანი ფიგურა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
23 / ნოემბერი 2024
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილმა „მინისტრმა“ და ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა, ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა შეიძლება გახდეს რუსეთ-ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს ერთიანი ვალუტის საცდელი ადგილი. ამის შესახებ მან რუსულ РБК - სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
23 / ნოემბერი 2024
„ახლა აფხაზეთში არ ვარ, რამდენიმე დღით მიფრინავ მოსკოვში“, - ამის შესახებ რუსულ „ტასს“ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ განუცხადა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ მდინარე ჩხოუშის ხიდისკენ.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.