საზოგადოება
თეიმურაზ ქარჩავა სომხეთში 600 მლნ დოლარის ინვესტიციის ჩადებას გეგმავს
ცოტა ხნის წინ სომხური მედიის საშუალებით ცნობილი გახდა, რომ კომპანია Anaklia IEP Holding-ი (Industrial Eco Park), რომელსაც ყველაზე მდიდარი ქართველების ოცეულში შესული ბიზნესმენი თემურ ქარჩავა ხელმძღვანელობს, სომხეთში 600 მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებს. ამ ფულით ვანაძორში აიგება გაზზე მომუშავე ელექტროსადგური, რომლის სიმძლავრე *540 მეგავატი იქნება და საიდანაც სომხური მედიის ცნობით, ელექტროენერგია ექსპორტით ისევ საქართველოში უნდა შემოვიდეს.

საქართველოში თემურ ქარჩავას ბიზნესი არა აქვს, მისი აქტივები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია. მისი სახელი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ბიზნესმენმა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ანაკლიის პორტის პროექტის მითვისებაში დაადანაშაულა. ბიზნესმენის თქმით, ანაკლიაში პორტის მშენებლობის იდეას ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში გაეცნო, 2001 წელს კი მისი დაკვეთით ღრმაწყლიანი პორტის პროექტიც შეიქმნა. 2009 წელს ლონდონში მყოფ ქარჩავას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დაურეკეს და მალე ანაკლიაში სააკაშვილისა და ბიზნესმენის შეხვედრა გაიმართა. ბიზნესმენის ცნობით, ანაკლიაში მოლაპარაკება ორ დღეს მიმდინარეობდა, განხილვაში ჩართული იყვნენ ექსპერტებიც. ამის შემდეგ სააკაშვილმა განკარგულება გასცა პორტის მშენებლობის შესახებ. ეკონომიკის სამინისტრომ პორტის მშენებლობისთვის გამოყო 2100 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რისთვისაც თემურ ქარჩავას კომპანია "ანაკლია-პორტმა" 6,7 მილიონი ლარი გადაიხადა. ქარჩავას კომპანიამ პორტის სამშენებლო სამუშაოები 2010 წლის სექტემბერში დაიწყო. როგორც ბიზნესმენი ამბობს, მუშაობა ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში მიმდინარეობდა. თუმცა,მოულოდნელად სააკაშვილმა ანაკლიაში ქალაქ ლაზიკისა და ლაზიკა-პორტის მშენებლობის შესახებ დაიწყო საუბარი. 2011 წლის მარტში კი საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ცალმხრივად გააუქმა შეთანხმება შპს "ანაკლია-პორტთან", ჩამოართვა მას ნაყიდი მიწის ნაკვეთი და სასამართლოშიც შეიტანა სარჩელი, რომლითაც მოითხოვდა 100 მილიონი დოლარის საჯარიმო სანქციების დაკისრებას - იმ არგუმენტით, რომ "ანაკლია-პორტი" მშენებლობის გრაფიკში ვერ ჩაეტია. 

თემურ ქარჩავა, ბიზნესმენი: - სომხეთში განსაკუთრებით კარგი პირობები შეგვიქმნეს თბოელექტროსადგურის ეფექტურად მუშაობისთვის. სომხეთის მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც, კომპანია Anaklia IEP Holding-ს ეძლევა გარანტია, რომ წელიწადში 1 მლრდ კუბმ გაზს სტაბილურად მიიღებს, მის მიერ წარმოებული ელექტროენერგია კი შეუფერხებლად გავა საექსპორტოდ. გარდა ამისა, კომპანია ისარგებლებს მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათებით.

- ელექტროენერგია ექსპორტით საქართველოში შემოვა?
- მოგეხსენებათ, ანაკლიაში ღრმაწყლიანი პორტის მშენებლობა იგეგმება, სადაც ასევე შეიქმნება ინდუსტრიული ზონა, თავისუფალი ეკონომიკური ზონა, აეროპორტი და ყველა ამ ობიექტს წელიწადში საშუალოდ 800 მეგავატი სიმძლავრის ელექტროენერგია დასჭირდება. საქართველოში დღეს არსებული ენერგორესურსებით კი ეს მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება. თუ სახელმწიფოს ნება იქნება, თბოელექტროსადგურში გამომუშავებულ ელექტროენერგიას უპირველესად საქართველოში შემოვიტანთ. ჯერჯერობით ხელისუფლების პოზიცია გაურკვეველია. თუმცა, ჩვენ გვაქვს ამ ელექტროენერგიის გასაღების ბაზარი, მათ შორის - თურქეთი, ირანი და რუსეთი.
- რატომ გადაწყვიტეთ თბოელექტროსადგურის აშენება სომხეთში და არა საქართველოში? რუსული გაზი აზერბაიჯანულზე ძვირი ღირს, ხოლო 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია არც ჩვენს ეკონომიკას აწყენდა.
- კომპანია წარმოებისთვის საჭირო გაზს მიიღებს როგორც რუსეთიდან, ასევე ირანიდან და მისი ფასი 1 ათას კუბმ-ზე 185 დოლარი იქნება. სომხეთს, ირანსა და რუსეთთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც სომხეთი მომავალი 20 წლის განმავლობაში შეუფერხებლად მიიღებს გაზის მისთვის საჭირო მოცულობას. ძირითადად, სწორედ ამან გადაგვაწყვეტინა სომხეთში თბოელექტროსადგურის აგება. თუმცა, მანამდე გაზტურბინული თბოელექტროსადგურების მშენებლობის იდეა საქართველოში გვქონდა. ჩვენი სურვილები და პროექტები საქართველოს ხელისუფლებას გავაცანით. ერთ-ერთი ასეთი თბოელექტროსადგური ანაკლიაში უნდა აშენებულიყო და მისი სიმძლავრე 220 მეგავატი იქნებოდა. ორი გაზტურბინა, თითო 275 მეგავატი სიმძლავრისა, გარდაბანში დაიდგმებოდა. ერთსაც ტყიბულში ნახშირზე უნდა ემუშავა. ოთხივე ამ სადგურის გამომუშავებული სიმძლავრე 1000 მეგავატამდე იქნებოდა, მაგრამ მთავრობამ რატომღაც არ ისურვა ამ პროექტის განხორციელება. ამ გადაწყვეტილებით საქართველომ დაკარგა - სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა და ფინანსური ენერგორესურსი.
- ხელისუფლებამ თუ იცოდა, რომ ქართული კომპანია სომხეთში ასეთ მასშტაბურ ინვესტიციას ახორციელებდა?
- მე თავისუფალი ბიზნესმენი ვარ. არც ერთ ხელისუფლებაზე არ ვყოფილვარ დამოკიდებული...
ბოლოს საქმიანი ვიზიტი სომხეთში 14 აგვისტოს მქონდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრს შემთხვევით შევხვდი სასტუმრო "მარიოტში". სწორედ აქ შეიტყო საქართველოს მთავრობამ ამ ინვესტიციის შესახებ. 

- სამართლებრივი დავა შპს "ანაკლია-პორტსა" და სახელმწიფოს შორის ჯერ არ დამთავრებულა?
- "ანაკლია-პორტს" მოეხსნა ის ჯარიმები, რომლებიც წინა ხელისუფლებამ თითქოსდა ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დაგვაკისრა. ახლა კომპანიის კუთვნილი მიწების დაბრუნების საკითხი დგას. ეს არის 2100 ჰექტარი, რომელიც ჩვენს კომპანიას ეკუთვნოდა და სადაც პორტი უნდა აშენებულიყო. ეს საკითხიც სასამართლომ უნდა განიხილოს, თუმცა, ხელისუფლებასაც აქვს უფლება, მიწა დაგვიბრუნოს. მთავრობის ნება თუ იქნება, პორტის მშენებლობის დაწყება 6 თვეში შეიძლება.
- თუ სახელმწიფო სადავო მიწას არ დააბრუნებს, თქვენი შემდეგი ნაბიჯი რა იქნება?
- საერთაშორისო სასამართლოს მივმართავ. ეს უკვე პრინციპის საკითხია. 

- თქვენი და სააკაშვილის ურთიერთობა როგორ დასრულდა? მას შემდეგ, რაც ანაკლიის პორტის იდეა წაგართვათ, არ შეხვედრიხართ?
- ბევრჯერ შევხვდი შემთხვევით, ხან საპატრიარქოში, ხანაც ანაკლიაში, მაგრამ რომ დამინახავდა, თავს უკან აბრუნებდა, გამარჯობასაც არ მეუბნებოდა. მორცხვობდა, ალბათ, მაგრამ თავის არჩეულ გეზს მაინც არ ღალატობდა.  წყარო: "კვირის პალიტრა"
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.