გაუჩინარებული ანაკლიელის დედა შს მინისტრთან შეხვედრას ითხოვს
2012 წელს გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის ოჯახის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან იმყოფებიან და მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. ამის შესახებ რადიო "ათინათს" გაუჩინარებულის დედამ ცინარა აბულაძემ განუცხადა.
"ჩვენი პირადობის ნომრები ჩაიწერე, გვითხრეს მინისტრს შეგახვედრებთო. ჯერჯერობით ვიცდით... ჩემი შვილის საქმის გამოძიება დასრულებულია, მაგრამ მაინც არაფერს მეუბნებიან, სულ მატყუებენ. აქედან არ წავალ სანამ სიმართლეს არ მეტყვიან", - თქვა ცინარა აბულაძემ.
ანაკლიის მკვიდრი გოგიტა აბულაძე სახლიდან 2012 წლის 18 ივნისს გავიდა. ის სამსახურში, სასტუმრო „ანაკლიის“ მიმართულებით წავიდა, სადაც ინჟინერ-ტექნიკოსად მუშაობდა. აბულაძის გაუჩინარებიდან ორი თვის შემდეგ მშობლებმა სახლში, მისი წერილი შემთხვევით იპოვეს, სადაც წერია: „გადავედი აფხაზეთში ჟენიას შესახვედრად. ამის შესახებ იცის მალხაზ პაჭკორიამ“. აბულაძის ახლობლები აცხადებენ, რომ წერილში ნახსენები მალხაზ პაჭკორია, სამეგრელო-ზემო სვანეთში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსი მალხაზ პაჭკორიაა. გაუჩინარებულის ოჯახის წევრები და ახლობლები საპროტესტო აქციებს უკვე ორ წელზე მეტია მართავნენ. ისინი ხელისუფლებისგან საქმის გამოძიებასა და გაუჩინარებულის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიწოდებას ითხოვენ.
მასალის გამოყენების პირობები