ფონდი "იავნანა" ზუგდიდში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახს სახლს შეუძენს
ფონდი "იავნანა" ზუგდიდში მცხოვრობ სოციალურად დაუცველ ტასო აკობიას და მისი 8 მცირეწლოვან შვილს საცხოვრებელ სახლს შეუძენს. ტასო აკობია შვილებთან ერთად ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ყოფილი შენობის ერთ ოთახში, 8კვ.მ-ზე უკვე წლებია ცხოვრობს. ის შვილებს მარტო ზრდის. მისი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა.
აკობიების ოჯახს "იავნანასთან" შუამდგომლობა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გაუწია. ფონდმა აკობიების ოჯახისთვის 12 ათასი ამერიკული დოლარი გამოყო.
"გუშინ ძალიან სასიხარულო ამბავი გვაცნობეს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო "იავნანას", მის ხელმძღვანელობას და ყველა იმ ადამიანს, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ტასოს და მისი შვილების პრობლემა. ქალაქის საკრებულო ჩართულია, რომ მოხდეს აკობიების ოჯახისთვის, აღნიშნული თანხის ფარგლებში, საცხოვრებელი სახლის მოძიება. ჩვენ დიდი იმედი გავქვს, რომ ვიპოვით ისეთ სახლს, სადაც ტასო და მისი შვილები კარგ პირობებში იცხოვრებენ", - თქვა ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ მერაბ ქვარიამ.
მასალის გამოყენების პირობები