სოფელ ლიხნიში დაზიანებული კავკასიური ცაცხვის ჩინური პრეპარატებით მკურნალობა დაიწყეს. პირველი 30 საწვეთური ხის გადასარჩენად აფხაზმა ეკოლოგებმა და აფხაზეთში მომუშავე ჩინეთის მოქალაქეებმა მიიტანეს, წერს "ეხო
კავკაზა".
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკოლოგიის "სახელმწიფო კომიტეტის" თავმჯდომარემ საველი ჭითანავამ რუსეთის საინფორმაციო სააგენტო "ტასს" განუცხადა, რომ წამალი პეკინიდან მოსკოვში, შემდეგ კი აფხაზეთში ჩაიტანეს. მისივე თქმით, ერთი კვირის შემდეგ კიდევ 30 წვეთოვანს დაუყენებნ და აღდგენის კურსს დაასრულებენ.
ჭითანავას სიტყვებით, ეკოლოგებს სჯერათ, რომ ხე გაჯანსაღდება და მეორე გადასხმის შემდეგ მისი გამოცოცხლების ნიშნები გამოჩნდება.
კავკასიური ცაცხვი , რომელსაც "აფხაზების სულერ სიმბოლოს უწოდებენ" 5 აპრილს ხერხით დააზიანეს. ხის გარშემო ნაჭდევის სიღრმე 20 სენტიმეტრია და ის სავარაუდოდ, 150 წლისაა.
სოხუმში ფაქტი ვანდალიზმად შეაფასეს. აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ მომხდარი ტერორისტულ აქტს შეადარა.
საქმე "ხის უკანონო ჭრის" მუხლითაა აღძრული. ეჭვმიტანილი ძმები ირაკლი და დაურ ბაღათელიები 11 აპრილს დააკავეს. ირაკლის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, დაური კი გაუსვლელობის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
19 აპრილს "აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიტოს საბჭოს" თავმჯდომარემ, არქიმანდრიტმა დოროთემ (დბარმა) ცაცხვის ხის დაზიანებაში "დონეცკიდან აფხაზეთში ჩამოსული მართლმადიდებელი მღვდლის" შესაძლო მონაწილეობის შესახებ ისაუბრა.
მანამდე "აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიტოს საბჭოში" განაცხადეს, რომ რამდენიმე ვერსიას განიხილავენ "მათ შორის უცხოური სპეცსამსახურების შესაძლო მონაწილეობას, ასევე აფხაზეთში შიდა სიტუაციის დესტაბილიზაციის განზრახვას".
მასალის გამოყენების პირობები