ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განმარტებით, ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით კერძო
პარტნიორის შერჩევის ეტაპი ხვალ დასრულდება.
ის ამბობს, რომ აღნიშნული პროცესი საკმაოდ კომპლექსურია, მათ შორის სამშენებლო სამუშაოების კუთხით და ამ ეტაპზე, სამინისტროს კონსულტანტი პრეტენდენტის მიერ გამოგზავნილ დამაზუსტებელ პასუხებს ამუშავებს.
"რა დროსაც ჩვენ მივიღებთ კონსულტანტის შეფასებას მიმდინარე კვირის განმავლობაში, სავარაუდოდ, ხვალ, მაქსიმუმ, მომავალი კვირის დასაწყისში, აქედან გამომდინარე დადგინდება შესაბამისობა. თუ იქნება კიდევ დასაზუსტებელი კითხვები, ალბათ ჩვენ კიდევ მოგვიწევს დიალოგის გაგრძელება პრეტენდენტთან. რაც შეეხება სამშენებლო სამუშაოებს, აქაც, იცით, რომ ჩვენ გვქონდა დიდ ოთხეულთან მოლაპარაკებები. ეს იყო კონკურენტული გარემო, კონკურენტულ პირობებში ხდებოდა მშენებელი კომპანიის შერჩევა, მაქსიმალურად გამოცდილი საზღვაო მშენებლობის კუთხით. ჩვენ, პრინციპში, ხვალ უნდა დავასრულოთ ეს პროცესი. აქაც საინჟინრო კონსულტანტები იყვნენ ჩართულები, რომ შეფასებულიყო ის წინადადებები, რომლებიც წარმოადგინეს კომპანიებმა და ხვალ ვასრულებთ ამ პროცესს. ხვალ ჩვენ უკვე მშენებელი პარტნიორის გამოვლენას მოვახდენთ და, შესაბამისად, საზოგადოებასაც მივაწვდით ამის შესახებ ინფორმაციას",- ამბობს მინისტრი.
შეგახსენებთ, მან მიმდინარე წლის მაისში
თქვა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმი უახლოეს დღეებში გამოცხადდებოდა. სამინისტრომ წინადადებები მხოლოდ ჩინური კონსორციუმისგან მიიღო.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის
განცხადებით, შერჩეული ჩინური კონსორციუმი ამერიკის მთავრობამ სამხედრო, სადაზვერვო-კვლევით საქმიანობაში, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის წარმოების განვითარებაში ამხილა. მათი განმარტებით, კონსორციუმს აქვს თაღლითობასა და კორუფციაში მონაწილეობის ისტორიაც.
ანაკლიის პორტის სახელმწიფო თანამონაწილეობით აშენება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის დეკემბერში
გადაწყვიტა.პროექტის პარტნიორის
შერჩევის ეტაპი შვეიცარიულ-ლუქსემბურგულმა და ჩინურ-სინგაპურულმა კომპანიებმა წარმატებით გაიარეს.
თავდაპირველად, პორტი ანაკლიის განვითარების კონსორციუმს უნდა
აეშენებინა, პირველი გემები კი 2020 წლის ბოლოს უნდა მიეღო, თუმცა, სახელმწიფომ მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.
2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურისთვის
50 მლნ ლარია გამოყოფილი.
ამავე თემაზე:
ანაკლიის პორტი გახდება ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის სიმბოლური პროექტი - ჩინეთის ელჩი
მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტის განვითარება, მალე დაიწყება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები - პრემიერი
ანაკლიის პორტის ხარისხიანი განვითარებისთვის ბევრი პარტნიორისგან შემდგარი კონსორციუმი ითანამშრომლებს სახელმწიფოსთან - მინისტრი
ფოთისა და ანაკლიის პორტის პროექტები განხორციელდება ისე, რომ სახელმწიფო ინტერესები იყოს დაცული - მინისტრი
ანაკლიაში ჩინელების ამ დოზით შემოყვანა დანის ჩარტყმაა ამერიკელ, ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობებში - პრეზიდენტი
მასალის გამოყენების პირობები