ზუგდიდელი ფერმერი ბავშვები ლურჯი მოცვის ბაღიდან (ფოტო/ვიდეო)
17:45 / 09.07.2021
უკვე მეორე ზაფხულია, 12 წლის ტყუპების, დუტას და ბარბარეს, ასევე მათი უფროსი დების ლიზის და დალის დღე არდადეგებზეც დილით ადრე იწყება. მოზარდები ოჯახის საკუთრებაში არსებულ მოცვის პლანტაციაზე გასასვლელად ემზადებიან.
"სამსახურში" თითოეულ მათგანს თავისი მოვალეობა აქვს, თუმცა პლანტაციაში დახარჯულ მათ დროს უფროსები მკაცრად აკონტროლებენ. ახლა, მოცვის კრეფის სეზონზე, საქმე ბევრია, მაგრამ როგორც ბავშვები ამბობენ, საკუთარი შრომის შედეგებით კმაყოფილები არიან.
ლიზი, 16 წლის
"შარშან დავიწყეთ დახმარება უფრო ინტენსიურად. ახლა გაზრდილია მოცვი... მომდევნო დღისთვის საღამოდან ვიწყებთ მზადებას, დედა ამზადებს საჭმელს, რომ დილით ადრე გავიდეთ. აქ ვაკვირდებით, როგორ მიმდინარეობს მოცვის კრეფა, როგორი ხარისხია. თუ ვინმე ახალია, ნომრებს ვაძლევთ, ვიწერთ სახელსა და გვარს. შემდეგ უკვე ნელ-ნელა გამოდის მოცვი და ვიწყებთ აწონვას. შუადღეს, როცა ძალიან ცხელა მოცვის დაკრეფა არ შეიძლება და ვისვენებთ, ჩვენც და აქ მომუშავეებიც. ხანდახან გვძინავს, თუ გვცალია, ხან კი მოცვი მაცივარში მიგვაქვს. ჯერ არ გვქონია შემთხვევა, მოცვი გაგვფუჭებოდა. აი, დღესაც კარგი ხარისხია ძალიან, დიდები. საღამოს გამოსული მოცვიც იგივე პროცედურებს გადის, თან ყველას აინტერესებს რამდენი დაკრიფა, მოდიან გვეკითხებიან. მოცვს რომ წავიღებთ მაცივარში, უკვე საკმაოდ გვიანია, კომენდანტის საათი რომ იყო, აი, სულ ერთი საათით ადრე ვცდილობდით გასვლას, ვჩქარობდით. ვისაც საშვი ჰქონდა გვიანობამდეც რჩებოდა ხოლმე... ყველაზე მეტად მე მიჭირს ხოლმე გაღვიძება", - იღიმის ლიზი თოდუა.
ამბობს, რომ საკუთარი მოცვის მოყვანამდე კენკრის გემო გასინჯულიც კი არ ჰქონდა. ახლა გამორჩეულად უყვარს "ონეილის" ჯიშის მოცვი, რომელიც მისი თქმით, ყველაზე ადრე მწიფდება და შესაბამისად, ფასიც მაღალი აქვს. მიიჩნევს, რომ ზაფხულში მიღებული გამოცდილება მომავალშიც დაეხმარება და საკუთარი საქმის მართვასაც მარტივად შეძლებს. მამისა და ბაბუის გავლენით, საკუთარ ძალებს არქიტექტურაში მოსინჯავს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მოცვის ბიზნესშიც დარჩეს.
"ხალხთან ურთიერთობა მომწონს ძალიან, მიყვარს აქ ყოფნა. ეს ზაფხულები ძალიან კარგად გამახსენდება. ჩემს შემთხვევაში ოჯახთან გატარებული დრო ყოველთვის ძალიან ძვირფასია, მინდა ეს პერიოდი კარგად გამოვიყენო, რადგან სკოლის დამთავრების შემდეგ, წავალ თბილისში, ხშირად ვერ ვნახავ ჩემს ოჯახს. მინდა არქიტექტურაზე ჩავაბარო, ბაბუას გავლენით ალბათ, რომელიც ამ პროფესიისაა, მამაც სამშენებლო ბიზნესში იყო ჩართული. მოცვი იყო სიახლე ჩვენთვის, ვფიქრობ რომ ძალიან კარგი ბიზნესია", - გვეუბნება ლიზი.
დემეტრე, 12 წლის
"ბაბუას და მამიკოს დავყვებოდი, ვუსმენდი, ვაკეთებდი მათთან ერთად რაღაცეებს და ასე ვისწავლე", - გვიყვება თოდუების ოჯახის უმცროსი წევრი. ჯერ ვერ გადაუწყვეტია ვინ გახდება მომავალში, აგრონომი, პოლიციელი თუ პოლიტიკოსი, თუმცა დარწმუნებულია, რომ ახლა ყველაზე სასარგებლო და მისთვის საინტერესო საქმითაა დაკავებული. დუტასაც, დების მსგავსად, ბევრი საქმე აქვს, მაგრამ როგორც თვითონ ამბობს, ყველაფერს ასწრებს. ასაკის მიუხედავად უკვე გამოცდილი მძღოლია და პლანტაციის ტერიტორიაზე ყველა სახის ტრანსპორტი სწორედ მის დაქვემდებარებაშია. დუტას მანქანის ტარების უფლებას მამა და ბაბუა მხოლოდ პლანტაციის შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე აძლევენ.
"დილით 7 საათზე ვდგები. რომ მოვდივარ, პირველ რიგში მევალება ყუთების და კონტეინერების შეტანა, რაშიც ყრიან მოცვს. შემდეგ გამომაქვს უკვე სავსე ყუთები. აქ მომუშავე ქალები მაძლევენ ბოთლებს, მომაქვს მათთვის წყალი. დაკრეფილი მოსავალიც მე მიმაქვს მაცივარში. მომწონს, რომ ვმუშაობ და მამას ვეხმარები. კომპიუტერს გადავეჩვიე, აქ მიხარია უფრო, სულ აქ მინდა ყოფნა. ერთმანეთს ვეხმარებით ოთხივე, დამყავს დები მაცივრამდე, მერე უკან ოფისში. მომავალ წლებშიც აქ ვიქნები... თან ვისვენებთ, სასიამოვნო ბუნებაა, ხედი. ეს საქმიანობა ჩემთვის საინტერესოა, ჰობიც შეიძლება ითქვას. მანქანას 4 წლიდან ვატარებ, ყველანაირის გატარება შემიძლია, ალბათ მხოლოდ მატარებელს, თვითმფრინავს ან გემს ვერ გავატარებ. აი წითელი ტრაქტორიც მე დამყავს", - ამაყად გვეუბნება დუტა და ოცნებობს, უკვე სრულწლოვანს "კარგი მანქანა" ჰყავდეს.
ბარბარე, 12 წლის
შეიძლება ითქვას, აქ ყოფნამ ყურადღება გადაგვატანინა პანდემიისგან და სტრესი მოგვიხსნა, - გვეუბნება ჩვენი კიდევ ერთი რესპონდენტი, ბარბარე. გვიყვება, რომ იმ პერიოდში, როცა ბავშვები ნაკლებად ხვდებოდნენ თანატოლებს და ვირუსის გავლენას განსაკუთრებულად გრძნობდნენ, საოჯახო საქმიანობაში ჩართვა მას ძალიან დაეხმარა.
"კომუნიკაციას ვერ ვამყარებდით თანატოლებთან და ეს ყველასთვის ძნელი გადასატანი იყო ალბათ. ცოტა ქალაქს რომ მოვშორდით, ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანეთ, ვკონცენტრირდით ამ სამუშაოზე და უკეთესად ვიგრძენით. მე მოტივაცია მქონდა დავხმარებოდი ოჯახს, თან მამას ფაქტობრივად ვერ ვხედავდი, მინდოდა მეტი დრო გამეტარებინა მასთან, ამიტომაც როცა მოდიოდნენ აქ, მოვყვებოდი - ასე დავიწყე მუშაობა. ყველა ჩვენთაგანს თავისი საქმე აქვს, მე არ მაქვს ერთი კონკრეტული საქმე, მაგრამ ყველაფერში წვლილი შემაქვს, ვცდილობ დავეხმარო ყველას. რთული ალბათ ყველაფრის აწონვა და დაჯამებაა, მოცვის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა, დასაწყობება. დამღლელი სამუშაოა, თუმცა რაც უფრო მალე ვიზამთ, მეტი დრო გვრჩება თავისუფალი. ყველაზე სასიამოვნოა, მოცვს რომ ვუყურებთ უკვე დაკრეფილს და ეს ჩვენი შრომის შედეგია". ისევე, როგორც უფროსი დები, ბარბარე თავისუფალ დროს რამდენიმე უცხოურ ენას სწავლობს. ბოლო დროს ცდილობს კორეულს დაეუფლოს.
დალი, 18 წლის
ოჯახის უფროსი შვილი დალი ერთ-ერთ ყველაზე საპასუხისმგებლო ნაწილზე - მოცვის მოსავლის აღრიცხვასა და ბუღალტერიაზეა პასუხისმგებელი. სისტემაში შეჰყავს მონაცემები დაკრეფილი პროდუქციისა და გაცემული ხელფასების შესახებ. საქმის ეფექტურად და სწრაფად შესრულებისთვის სხვადასხვა მეთოდებს იყენებს. გვეუბნება, რომ იმის ფონზე, რომ ზუგდიდში ახალგაზრდების დასაქმება დიდი პრობლემაა, ახლა მისთვის ძალიან საჭირო და სასარგებლო უნარებს იძენს.
"მთელი ცხოვრება მინდოდა ბიზნესი მქონოდა, საბანკო საქმე, ბუღალტერია, აღრიცხვა ყოველთვის მომწონდა. მოგვიანებით გადავწყვიტე გამერთულებინა საქმე და სამედიცინოზეც ვიფიქრე, თუმცა ეს სურვილიც გამიქრა. კორეამ და შორეულმა აზიამ გადამაწყვეტინა საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩაბარება, შორი აღმოსავლეთის მიმართულებით, ეს არის ჩემი მიზანი. ჩავირიცხო იქ სადაც ვოცნებობ, მომავალ წელს ჩავაბარებ, დასთან ერთად. ერთმანეთს ხელს ვუწყობთ, ასე არიან ტყუპებიც. სულ ვფიქრობდით რომ მუშაობა გვინდოდა, მაგრამ სად, დაუსრულებელი წინადადება იყო ხოლმე. როცა აქ შარშან ჩავერთეთ იმდენად მოგვეწონა ეს საქმიანობა, შრომა და წამახალისებელი ანაზღაურებაც, რომ კიდევ უფრო მეტად მოვინდომეთ", - გვეუბნება დალი.
მოცვი განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს და მისი მოყვანა არც ისე იოლია. დალის სურს ამ მიმართულებით მეტი ცოდნა მიიღოს და მომავალში გამოიყენოს.
"ბაბუამ საფუძველი ჩაუყარა ამ ყველაფერს. თვითონაც ტრენინგებს ესწრებოდა და ვისურვებდი მეც მქონდეს ასეთი შესაძლებლობა, მეტი ინფორმაცია მივიღო. ბავშვები რომ ვართ, ასაკი გვიშლის ხელს, არ არის ხოლმე შემოთავაზებები, მაგრამ თუ იქნება - სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას, ვისურვებდი მეტი განათლება მქონდეს ამ მხრივ".
დალი ამბობს, რომ პანდემიის პირობებში პლანტაციაზე მომუშავეებისთვის ყველაზე დიდ დისკომფორტი გადაადგილების შეზღუდვა იყო, თუმცა მცირე დაბრკოლებები მარტივად გადალახეს. თოდუების პლანტაციაზე კორონავირუსის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
"საველე პირობებში რომ გვიწევდა მუშაობა, იმდენად სარისკო არ იყო. კომენდანტის საათის დაწესების გამო ბევრი სამუშაო რჩებოდა, სულ რამდენიმე ადამიანს ჰქონდა საშვი და ჩვენ ვერ ვეხმარებოდით. მე და-ძმა სახლში უნდა წამეყვანა და საკმაოდ დიდი დისკომფორტი იყო. აქ მოსული ადამიანები ხსნარებით იმუშავებენ ხელებს, მოსასვენებელი ადგილებიც გარეთ გვაქვს მოწყობილი. მოცვის გარჩევისას კი პირბადეებს ვიყენებდით, არც ერთი შემთხვევა არ გვქონია კოვიდის. ალბათ, ეს ნაწილობრივ ბაბუას დამსახურებაა, რომელმაც თავიდანვე დააწესა მკაცრი შეზღუდვები".
განსაკუთრებით უხარია, რომ საქმით მისი უმცროსი და-ძმაც არის დაინტერესებული. ფიქრობს, რომ საოჯახო ბიზნესში ჩართულობა ეხმარება მათ, ნაკლები დრო გაატარონ ელექტრონულ მოწყობილობებთან.
"ტყუპების შემთხვევაში იყო განსაკუთრებით კარგი, ტელეფონებს და კომპიუტერებს რომ მოწყდნენ. ყველაფერში გვეხმარებიან, უამრავ ფუნქციას ითავსებენ. ბავშვი რა გარემოშიც იზრდება, დიდ გავლენას ახდენს მის პიროვნებაზე. ვფიქრობ, რომ ჩვენ ბავშვობიდან ვხედავდით როგორ შრომობდნენ ბაბუა, მამა, დედა - ოჯახის ყველა წევრი ჩვენთვის მართლა გმირია".
პლანტაციაში მუშაობა ყოველდღე არ უწევთ, რადგან მოცვს ყოველდღე არ კრეფენ, ამიტომ ცდილობენ თავისუფალი დღეები არდადეგებზე სწავლას, მეგობრებს და სხვა საყვარელ საქმეებსაც დაუთმონ. "სამსახურში" გამომუშავებულ სიმბოლურ გასამრჯელოსაც სურვილისამებრ ხარჯავენ. ოთხივე თანხმდება, რომ მათთვის ყველაზე დიდი მოტივაცია ერთად ყოფნაა და ნებისმიერი საქმეც ერთობლივი ძალებით უკეთ გამოუვათ.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები