ზამთრის პერიოდში სეზონური ვირუსების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა და სამედიცინო ცენტრებში მიმართვიანობა გაიზარდა.
რუხის კლინიკური დირექტორი ბონდო ბჟალავა რადიო "ათინათთან" ამბობს, რომ მათ ჰოსპიტალში ვირუსით ინფიცირებულ ხანდაზმულ პაციენტებს მკურნალობენ.
"ესენი არიან ის ქრონიკული პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ სხვადასხვა დაავადება - გულის უკმარისობა, თირკმლის უკმარისობა და სხვა პრობლემებით მკურნალობენ ამბულატორიულად. მათში ხშირია ვირუსის გამო გართულებები", - ამბობს ის.
მისივე თქმით, წამყვანი სიმპტომია სურდო, ყელის ტკივილი და ტემპერატურული რეაქცია.
"ქრონიკულ პაციენტებს ვურჩევდი, რომ თავი აარიდონ სადღესასწაულო დღეებში ალკოჰოლის მიღებას და დაიცვან ექიმის მითითებები და რეკომენდაციები სწორად, ატარონ პირბადე მასობრივ თავშეყრის ადგილებში, ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში კი მიიღონ სითხე და სიცხის დამწევი საშუალებები. თუ ტემპერატურა გაგრძელდა სამ დღეზე მეტხანს, უნდა მიმართონ ექიმს", - აღნიშნავს ბჟალავა.
ევექსის კლინიკური ხელმძღვანელი სულხან ორჟონიაც აცხადებს, რომ ვირუსის შემთხვევებმა მოიმატა. ყოველდღე საავადმყოფო სეზონური ვირუსით დაინფიცირებულ 20-30 პაციენტს იღებს.
"ძირითადად, პედიატრიული კონტინგენტია. ჩვეულებრივი ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არის ცხელება, ყელის ტკივილი, ზოგ შემთხვევაში ფაღარათი და 2-3 დღიანი ცხელებით შემოდიან პაციენტები კლინიკაში", - თქვა მან.
მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში ძირითადად A და B გრიპის ვირუსი ცირკულირებს, რომლითაც დაინფიცირების შემთხვევაში, არსებობს გართულების ალბათობა.
"დროული ჩარევა, დროული მომართვიანობა და დროული იზოლაცია, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფს კარგ გამოსავალს", - აღნიშნა ორჟონიამ.
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ოდიშარიას თქმით, მიმდინარე სეზონი აქტიურია ვირუსული ინფექციების პიკური გავრცელებით, განსაკუთრებით კი გრიპით.
მასალის გამოყენების პირობები