აბაშის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ ზიანი მიაყენა ადმინისტრაციულ ერთეულებს. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი მერიის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.
ამავე ცნობით, დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, სახნავ-სათესი სავარგულები, შიდა საუბნო გზები.
მერიაში განმარტავენ, რომ სამიქაო-მაიდნის ადმინისტრაციულ ერთეულში მდინარე კოვზა ნაპირებიდან გადმოვიდა და დატბორა მიმდებარე ტერიტორია.
მათი თქმით, არსებულ ვითარებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.
სტიქიის ადგილებზე მუშაობენ მუნიციპალური სამსახურები და აბაშის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველები.
ცნობისთვის, ძლიერმა წვიმამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტშიც შექმნა პრობლემები.
უხვმა ნალექმა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა, ასევე ჩამოირეცხა შიდა საუბნო გზები.
მასალის გამოყენების პირობები