რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმეები რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე, მათ შორის ტერორიზმის მუხლით აღძრა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სვეტლანა პეტრენკომ განაცხადა, რომ საქმე აღიძრა „რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიმართ ჩადენილი დარღვევებისა და დანაშაულის ფაქტებზე, რომლებსაც ასევე აქვთ აფხაზეთის მოქალაქეობა”.
1 მარტს, აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში „საპრეზიდენტო“ არჩევნების
მეორე ტური გაიმართა, რომელშიც ორი კანდიდატი მონაწილეობდა, ბადრა გუნბა, რომელსაც მოსკოვი ღიად უჭერს მხარს და ოპოზიციონერი ადგურ არძინბა. ხმების დათვლა ამ დრომდე მიმდინარეობს.
საღამოს გავრცელდა ინფორმაცია გაგრის რაიონში პოლიციის განყოფილებაზე
შეიარაღებული თავდასხმის, ასევე მიუსერას პოსტზე ორმხრივი სროლის შესახებ. ორი დაჭრილი გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში ასევე განაცხადეს, რომ ისინი იძიებენ სისხლის სამართლის საქმეს „აფხაზი, სომეხი და რუსი ეროვნების რუსეთის მოქალაქეების მუქარის ფაქტზე, რომლებიც ასევე არიან აფხაზეთის მოქალაქეები“.
სვეტლანა პეტრენკოს თქმით, "გამოძიებაში სერიოზული ძვრებია".
„ეხო კავკაზას“ თანახმად, მოგვიანებით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ტელეგრამის არხზე სააგენტოს წარმომადგენლის სვეტლანა პეტრენკოს კიდევ ერთი კომენტარი გამოქვეყნდა:
„იდენტიფიცირებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, რომელიც თავს დაესხა საარჩევნო უბანს და ცეცხლი გაუხსნა აფხაზ სამართალდამცავებს - ეს არის ნურიკ სმირი. ის საპასუხო სროლის შედეგად დაიჭრა და საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამ დანაშაულის სხვა მონაწილეთა იდენტიფიცირება გრძელდება“.
აფხაზური ტელეგრამის არხების ინფორმაციით, ნურიკ სმირი ოპოზიციონერი ადგურ არძინბას ნათესავია.
„საპრეზიდნეტო“ არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, რომელიც
15 თებერვალს გაიმართა, რუსეთმა გააძლიერა კონტაქტები სოხუმთან და ბადრა გუნბას მხარდაჭერა. კერძოდ, მოსკოვმა აფხაზურ მხარეს გადასცა სასკოლო ავტობუსები; გუნბამ სატელეფონო საუბრები გამართა რუსეთის ეკონომიკის მინისტრთან მაქსიმ რეშეტნიკოვთან და რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერთან ტატიანა გოლიკოვასთან; რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი მიხეილ
მურაშკო ჩავიდა აფხაზეთში; სოხუმში ჩავიდა
„გამარჯვების მატარებელი“ და ასევე ელექტრომატარებელი -
„ლასტოჩკა“ რუსული სირიუსიდან; რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სპეციალური თვითმფრინავი
ილ-76 ჩაფრინდა სოხუმის აეროპორტში, მას მძიმე პაციენტები უნდა გადაიყვანა მოსკოვში, თუმცა გამოცემის ტანახმად, ფრენა გადაიდო თვითმფრინავის გაუმართაობის გამო. მანამდე, მოსკოვში გადანცხადეს, რომ რეგურალური რეისები აფხაზეთთან
1 მაისიდან განახლდება.
მიუხედავად იმისა, რომ ადგურ არძინბა, ბადრა გუნბას მსგავსად, რუსეთთან სტრატეგიული ურთიერთობების განვითარების აუცილებლობაზე საუბრობს, ოპოზიციონერს ბრალს სდებდნენ
„პროთურქულ“ და „ანტისომხურ“ პოზიციაში.
მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც არძინბას მხარდამჭერი ენვერ ბგანბა (რომელიც „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებლის ძმისშვილია) თითქოს, „სომხებთან ურთიერთობის გარკვევისკენ“ მოუწოდებდა, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე „აფხაზეთში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების რუსი მოქალაქეების მიმართ სიძულვილისა და მტრობის გაღვივების ფაქტზე“. მოსკოვმა განაცხადა, რომ ეს იყო "მოწოდებები ძალადობისკენ სომეხი ერის წარმომადგენლების მიმართ".
არჩევნების მეორე ტურამდე, რუსეთის საგარეოო უწყების წარმომადგენელმა,
მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ „ყურადღებით აკვირდებიან სიტუაციას აფხაზეთში, რომელსაც რუსეთს დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს და მოსკოვი მოელის, რომ აფხაზეთში საარჩევნო ციკლის დასრულება, გამოიწვევს რესპუბლიკის სტაბილურობის გაძლიერებას".
ყოფილი “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია თანამდებობიდან 2024 წლის 19 ნოემბერს
გადადგა, რასაც წინ უსწრებდა ოპოზიციის პროტესტი და ე.წ. პარლამენტში სოხუმსა და მოსკოვს შორის
საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესის ჩაშლა.
მასალის გამოყენების პირობები