"ეს პანდემიის დასასრულია" - ექიმები ზუგდიდში, რომლებმაც კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთეს (ფოტო/ვიდეო)
14:18 / 15.03.2021
საქართველოს მასშტაბით პრეპარატი AstraZeneca პირველმა ექიმმა-ალერგოლოგმა, ლანა უბილავამ გაიკეთა. ის ზუგდიდში, "ევექსის" პოლიკლინიკაში, დაახლოებით, დილის 9 საათზე აიცრა.
15 მარტიდან ქვეყნაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.
"გავიკეთე ვაქცინა, არანაირი პრობლემა არ ყოფილა და თავს კარგად ვგრძნობ. არავის ვავალდებულებ, მაგრამ, სასურველია, გაიკეთოს ყველამ, რათა დავამარცხოთ კორონავირუსი", - უთხრა ლანა უბილავამ რადიო "ათინათს".
კიდევ ერთი დაწესებულება, სადაც ამ ეტაპზე მედიკოსების ვაქცინაცია მიმდინარეობს, ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალია. სწორედ აქ გაიკეთა ერთ-ერთმა პირველმა აცრა "საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის" ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ.
"ნამდვილად არ ვღელავდი, შეგნებულად ვიცოდი რაზეც მოვდიოდი, რომ მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო ჩვენი ქვეყნისთვის. ყველა ჩემს კოლეგას მინდა მოვუწოდო, ჩაერთოს ამ პროცესში, დღეს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია ჩვენი აქტივობა. მაგალითს მივცემთ ბევრ ჩვენგანს. შეგრძნება მაქვს მშვენიერი, არავითარი ზედმეტი ღელვა არ მქონია ამასთან დაკავშირებით, მშვენივრად ვგრძნობ თავს. ეს არის პანდემიის დასასრული და გილოცავთ ყველას ამ დღეს, ჯანმრთელობას გისურვებთ. პროტოკოლის მიხედვით, ნახევარ საათის განმავლობაში დავისვენებ და გავაგრძელებ ჩემს სამუშაო დღეს", - აღნიშნა ნანა ოდიშარიამ.
მისი განმარტებით, ვაქცინაციის პროცესში ზუგდიდის ორი კლინიკის გარდა, უახლოეს დღეებში რეგიონის მასშტაბით არსებული სხვა სამედიცინო დაწესებულებებიც ჩაერთვებიან.
გადაუდებელი მედიცინის ექიმი ლევან ქობალია ამბობს, რომ ვაქცინის გაკეთების გადაწყვეტილება მაშინვე მიიღო, რაც ქვეყანაში Astra Zeneca-ს შემოტანა დაანონსდა. მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის დროული აცრა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
"როგორც კი გახდა შესაძლებელი, პირველ რიგში დავრეგისტრირდი და მაქვს კარგი განცდა. მოვუწოდებ ყველას მიიღონ ეს საშუალება, საჩუქარი, ასე ვთქვათ და ვიყოთ მზად ამისთვის, არანაირი პრობლემა არ არის. ვართ პირველი რგოლი, თუ სამედიცინო პერსონალი არ იქნება აცრილი და არ იქნა მომზადებული ამისთვის, ვფიქრობ პრობლემა იქნება და ვფიქრობ, ჯობია, პირველ რიგში ჩვენ ავიცრათ", - გვითხრა ექიმმა.
კოლეგასთან ერთად აიცრა რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორიც. ნიკა ჭეჟია მიიჩნევს, რომ აცრის შესაძლო გართულების რისკი მინიმალურია, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შესაბამისი კვლევებით დასტურდება.
"ბევრმა ავტორიტეტულმა ქართველმა ექიმმა, მეცნიერმა ისაუბრა ამ ვაქცინის ავკარგიანობაზე, ასე რომ ამაზე არ გავამახვილებ ყურადღებას. ერთს ვიტყვი - ბავშვობიდან, ყველა კალენდარული აცრა მაქვს გაკეთებული. ამ აცრასაც დიდი რუდუნებით ველოდებოდი და ყველას მოვუწოდებ, რომ გავიკეთოთ ვაქცინაცია, ყველაფერს რომ თავი დავანაბოთ ადამიანების სახის ნახვა, უნიღბოდ ცხოვრება მომენატრა", - ამბობს ნიკა ჭეჟია.
მისივე თქმით, საზოგადოებაში გავრცელებულ უნდობლობას სწორი ინფორმაციის მიღებით და გავრცელებით უნდა ებრძოლონ.
"ვიღაცას ეჭვი ეპარება რომ წარმოება არის დარღვეული, ან ეფექტი არ ჰქონდეს ისეთი როგორსაც ამბობენ. ვიღაცას ეშინია გართულებების, გართულება კი შეიძლება მოყვეს ყველაზე ბანალურად კიტრი რომ იყიდება მაგასაც, ნებისმიერ მედიკამენტს შეიძლება ჰქონდეს. მე პირადად მახსოვს, ექიმობას ვიწყებდი და უიშვიათესი ფაქტი, ლიდოკაინზე იყო გართულება და ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა. ასევე არის საუბარი იმაზე, რომ ზოგ ქვეყნებში აიკრძალა, რაც ასე არ არის. დროებით მოხდა შეჩერება და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ თქვა, რომ ის თრომბოემბოლის დაფიქსირებული შემთხვევები, 5 მილიონიდან, რამდენიმე ათეული - არ არის ვაქცინასთან კავშირში. სამედიცინო სფეროს ნებისმიერი წარმომადგენელი უნდა საუბრობდეს საერთაშორისო სტატიებით, ფაქტებით და არა დამახინჯებული, არასწორად გაგებული ინფორმაციით", - მიიჩნევს ექიმი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ექვემდებარება ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ყველა პირი - ექიმი, ექთანი, სანიტარი, ლაბორანტი, სტომატოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ეპიდემიოლოგი, ადმინისტრაციული მუშაკები (მენეჯერი, მძღოლი, რეგისტრატორი და სხვა).
შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტიის 43 200 დოზა საქართველოში 13 მარტს ჩამოვიდა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, საქართველოს კოვიდსაწინააღმდეგო გეგმის თანახმად, ვაქცინების პირველი პარტიით სამედიცინო პერსონალი აიცრება. მისივე ინფორმაციით, საქართველოში ბოლო მონაცემებით რეგისტრირებულია ჯანდაცვის სფეროში მომუშავე 64 051 ადამიანი, რომელთაგან 54 000 ვაქცინაციას ექვემდებარება.
სამეგრელო-ზემო სვანეთში ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის სულ 3 100 ვაქცინა არის განკუთვნილი. დღევანდელი მონაცემებით მხოლოდ ზუგდიდში რეგისტრაცია 40-მა მედიკოსმა გაიარა.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
აფხაზი ოპოზიციონერები მოითხოვენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა განსახილველად გაიტანოს და „წერტილი დასვას“ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების საკითხში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები