შპს "ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“ ანაკლიის ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების (Design & Build) საზედამხედველო მომსახურების შესყიდვის მიზნით მეორედ აცხადებს საერთაშორისო ტენდერს მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურებით.
ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, საზედამხედველო მომსახურება მოიცავს ანაკლიის ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების (Design & Build) განხორციელების მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ გასაწევი სამუშაოების ზედამხედველობას.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ინტერესთა გამოხატვის ბოლო ვადად 2024 წლის 4 დეკემბერია განსაზღვრული.
ცნობისთვის, საერთაშორისო ტენდერი შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა“ მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების შესაბამისად 2024 წლის
15 მარტს გამოაცხადა.ანაკლიის პორტის სახელმწიფო თანამონაწილეობით აშენების გადაწყვეტილება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის დეკემბერში მიიღო. პროექტის პარტნიორის შერჩევის ეტაპი წარმატებით გაიარეს შვეიცარიულ-ლუქსემბურგულმა და ჩინურ-სინგაპურულმა კომპანიებმა.
თავდაპირველად, პორტი ანაკლიის განვითარების კონსორციუმს უნდა აეშენებინა, პირველი გემები კი 2020 წლის ბოლოს უნდა მიეღო, თუმცა, სახელმწიფომ მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.
2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილია 50 მლნ ლარი.
მასალის გამოყენების პირობები