ახალი ამბები
ზუგდიდში პროევროპული აქციები გრძელდება - პროტესტის 32-დღე (ფოტო)
ზუგდიდში უკვე 32-ე დღეა პროევროპული საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დღესაც, მოქალაქეები სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან საღამოს 19:00 საათზე შეიკრიბნენ. როგორც წინა დღეებში, მათ ხელში კვლავ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები ეჭირათ.

მათი თქმით, საქართველო-EU-ის სტრატეგიული ურთიერთობების 2028 წლამდე შეჩერებასთან ერთად, ისინი საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურობას და აქციის მონაწილეების უკანონოდ დაპატიმრებას აპროტესტებენ.

ამასთან, მოქალაქეები გამოეხმაურნენ მმართველი პარტიის მიერ ახალი პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას და აღნიშნეს, რომ ეს პროცესი უკანონო და ლეგიტიმაციისგან დაცლილი იყო.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი არჩილ თოდუა ამბობს, რომ საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად ჯერჯერობით სალომე ზურაბიშვილი რჩება, რადგან ის არალეგიტიმურმა პარლამენტმა აირჩია.

"დღეს ჩვენ საქართველოს პარლამენტის შენობაში ვიხილეთ ფარსი, ყაველაშვილის ინაუგურაციის სახით. ის არ არის, ამ წუთის მდგომარეობით, საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი იმიტომ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ქვეყანაში გაყალბდა. მთელი მსოფლიო შეთანხმდა იმაზე, რომ ეს არ იყო ლეგიტიმური არჩევნები. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე, მეგობარი სახელმწიფოების დამოკიდებულებები ამ არჩევნებისადმი და მთავარი, ქართული საზოგადოების დამოკიდებულება ცალსახად ნეგატიურია. გამოსავალი კრიზისიდან არის ხელახალი არჩევნები. აქედან გამომდინარე, საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად ჯერჯერობით რჩება სალომე ზურაბიშვილი იმიტომ, რომ ჩვენ არ გვყავს ახალი პარლამენტი. წესის მიხედვით, ზურაბიშვილის უფლებამოსილება შეწყდება იმ მომენტში, როდესაც ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია მოხდება, თუმცა ყაველაშვილი არ არის ამ ქვეყნის პრეზიდენტი, რადგან ის არ აურჩევია ლეგიტიმურ პარლამენტსა და საარჩევნო კოლეგიას" - განმარტავს თოდუა.

სიტყვით გამოსვლაში მან, 28 დეკემბერს, ქვეყნის მასშტაბით შეკრული "ერთობის ჯაჭვი" გაიხსენა. მისი თქმით, სიმბოლური იყო, რომ ზუგდიდში ცოცხალი ჯაჭვი დადიანების სასახლის ჭიშკართან მდგომი ჩოხოსნებით დაიწყო, სამხარეო ადმინისტრაციასთან კი წალენჯიხიდან ჩამოტანილი საქართველოსა და ევროკავშირის დიდი დროშით დასრულდა.

"უამრავი ადამიანი იყო გუშინ "ერთობის ჯაჭვზე" მიუხედავად კოკისპირული წვიმისა და ცუდი ამინდისა. დაწყებული დადიანების სასახლის ჭიშკრიდან, დასრულებული გუბერნიის შენობამდე გადავსებული იყო ეს ზოლი მთლიანად. სიმბოლური იყო ისიც, რომ ჯაჭვის სათავეში ჩოხოსნები იდგნენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშით და სრულდებოდა წალენჯიხიდან ჩამოტანილი დიდი დროშით და ხალხური სიმღერებით. ძალიან საინტერესო და სიმბოლური დემონსტრაცია გვქონდა. ეს კიდევ ერთი დასტური იყო იმისა, რომ ყველა საჭირო მომენტში, როდესაც საჭირო იქნება ასეულობით ადამიანის გამოსვლა ქუჩაში, ქართველი ხალხი მზად არის ამისთვის", - დასძინა მან.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ანანო გვილიამ აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესი უკვე გასცდა კონსტიტუციურ ჩარჩოს და მნიშვნელოვანია, საქართველოს დაუბრუნდეს ლეგიტიმური ინსტიტუციები.

"ყველაფერთან ერთად, დღეს ავირჩიეთ არალეგიტიმური პრეზიდენტი, რომელსაც მინიმუმ აკადემიური ხარისხი არ აქვს და შესაბამისად, არანაირი უნარი და კომპეტენცია არ გააჩნია იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი იყოს. ქართული საზოგადოება არ იმსახურებს ასეთ პრეზიდენტს. ჩვენთვის ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი არის სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც, ვფიქრობ, დღეს ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო, რომ დატოვა ათონელის სასახლე და მან მთელი ლეგიტიმური ინსტიტუცია წამოიღო ამ სასახლიდან. დღეიდან, ეს სასახლე იქნება ყაველაშვილის სახლი, სხვა არაფერი, მანამ, სანამ საქართველო არ დაუბრუნდება თავის კონსტიტუციურ ჩარჩოს. დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებთ სახელოვნად", - თქვა მან.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში, საპროტესტო აქციები იმართება.

ამავე თემაზე:

პროტესტის ერთი თვე ზუგდიდში (ფოტორეპორტაჟი)

"საჯარო მოხელეებს უნდა შევახსენოთ, რაც ქვეყანაში ხდება" - საპროტესტო აქცია მერიის შენობასთან იმართება (ფოტო)

ზუგდიდში საპროტესტო აქცია საახალწლო ღონისძიებების პარალელურად მიმდინარეობს (ფოტო/ვიდეო)

"ბრძოლა გამარჯვებამდე" - დღეს სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან მორიგი აქცია გაიმართება
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2024 წლის იანვრიდან, სამეგრელოს რეგიონში მოქმედებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
დღის სიახლეები
02 / იანვარი 2025
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კან კვარჩიას „საპრეზიდენტო“ კანდიდატად წარდგენის საინიციატივო ჯგუფი დაარეგისტრირა.
02 / იანვარი 2025
საქართველოში 2025 წლის პირველი იანვრიდან იზრდება პენსიების მოცულობა. კერძოდ, 70 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეთა პენსია იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 450 ლარის ოდენობით.
02 / იანვარი 2025
დღეს, 2 იანვარს 17 :00 საათზე ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან მორიგი პროევროპული აქცია ,,დაიბედე გამარჯვება’’ გაიმართება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.