ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექციის ამონარიდებს, რომლებიც ფეისბუკზე გავრცელდა, საზოგადოების ნაწილის აღშფოთება მოჰყვა. აღნიშნულ ვიდეოში ის მეგრელების სხვა ხალხების
მიმართ დამოკიდებულებას ეხება. ამბობს, რომ „ადამიანი, რომელიც მეგრელი არ არის, ის ხომ საერთოდ არ არის ნამდვილი ადამიანი“, იქვე აგრძელებს, რომ მას სამეგრელოში „შესვლის უფლება“ მხოლოდ ცოლის ხაზით აქვს, რადგან მისი მეუღლე მეგრელია. ბერძენიშვილის თქმით, ეს ფრაზები ჩვეულებრივი ხუმრობაა და ის ნეგატიური გამოხმაურება, რაც მის ვიდეოს მოჰყვა, ტროლების აგორებულია.
„ხელისუფლებას ვერაფერი მოუფიქრებია და იძულებული გახდა, ასეთი სიყალბეები შექმნას. ჩემდა ჭირად, სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომელთან მქონდა მოხსენება და იქ ვისაუბრე ამაზე, რაღაცეები ამოჭრეს, დაჭრეს, მიაკოწიწეს და დამაბრალეს, რომ მე გამილანძღავს... ეს ჩემგან როგორი მოსალოდნელია, წარმოიდგინეთ, როცა მე თვითონ მაქვს მეგრელის სისხლი, მერეც, მეუღლეც მეგრელი მყავს. მართალი გითხრათ, თავის მართლება ცოტა მეზარება. ამის სრული ჩანაწერი არსებობს და ვისაც აინტერესებს, მოუსმინოს და გაერკვევა ყველაფერში. ჰყავთ ტროლები, ბოტები, იდიოტები და თხზავენ რაღაცას. ამათი მე არე მეშინია, ცხოვრება გავიარე უკვე... გადაჭარბებული ინტერესია, უჭირთ, რა ქნან... ბოტის ხელს ვგრძნობ, ყველამ იცის და მეც ვიცი, ვინ აკეთებს ასეთ რამეებს“, - გვითხრა ბერძენიშვილმა.
ფილოლოგი და პოლიტიკოსი ამბობს, რომ მას ლექციის ონლაინ ჩატარება სამეცნიერო ბიბლიოთეკამ სთხოვა და ამ ყველაფრის შემდეგ, ის არასოდეს წაიკითხავს ლექციებს უფასოდ.
„უფასოდ ორი საათი ველაპარაკე და იმის მაგივრად, რომ მადლობა ეთქვათ, გამიკეთეს ეს. ხო, მე ისეთი რამისთვის ვარ დაბადებული, რომ საკუთარი თავის წინააღმდეგ ვიმუშაო და ვინმეს რამენაირად თავი მოვაკვლევინო. ეს იყო ჩვეულებრივი ხუმრობები, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ლაპარაკი და ხუმრობა. მე მესმის, რომ საქართველოში ხუმრობაც არ შეიძლება, იმიტომ, რომ ხალხი ძირითადად გაუნათლებელი და ბნელია. ფეხებზე მკიდია, რაც მინდა და როცა მინდა მაშინ ვიტყვი, მაგრამ რაც არ მითქვამს, იმას ნუ დამაბრალებთ. ვიცნობდი ისეთ ადამიანებს, რომლებიც შვილებს არ ელაპარაკებოდნენ იმიტომ, რომ არასწორად გათხოვდნენ. ასეთ ხალხს სამეგრელოშიც ვიცნობდი, გურიაშიც და კახეთშიც. ვინმე თუ იტყვის, რომ ეს შეურაცხმყოფელია, დიდი ბოდიში, მაგრამ ცივი წყალი დალიოს და შეისწავლონ საკუთარი ყველაფერი... საქართველოში მე-19 საუკუნეში ქართველები დედებს ჰყიდნენ და ცხენებს ყიდულობდნენ, მაგრამ თურმე ასეთი რაღაცეები არ უნდა ვთქვათ... მაგრამ ეს არის სიმართლე. თამარ მეფემ შვილს დაბადების დღე მიულოცა და 13 კაცის მოჭრილი თავი მიართვა. თუ გნებავთ, არ ვიტყვი ასეთ თემებს, მაგრამ მეგრელების შეურაცხყოფას ვერ დამაბრალებენ, რადგან არ მაქვს გულში ასეთი, არ არსებობს“, - თქვა მან.
ლევან ბერძენიშვილი „აღშფოთებულ საზოგადოებას“ მიმართავს და ამბობს, რომ მათი დასაცავი არ იქნება მეგრელები, თან დასძენს: „გარწმუნებთ ჩემს მეუღლესაც ეყოფა ამის ძალა და ენერგია“.
„ყველგან ხდებოდა რაღაცა და არ შეიძლება ამას ტაბუ დაედოს. ილია ჭავჭავაძეს, რომელმაც თქვა თავისი სათქმელი, კახეთში თავადებმა სიკვდილი მიუსაჯეს. ბოლოს, მარტო იმიტომ , რომ თელაველია, იქნებ ვაპატიოთო... გიორგი ლეონიძემ კი მართლა უწოდა საცივს მძ....ი, იმიტომ, რომ იდიოტი იყო. მე ამ აზრის არასოდეს ვყოფილვარ და სპეციალურად ვთქვი, იმიტომ, რომ მეჩვენებინა ადამიანი, როგორი შეუგნებელი შეიძლება იყოს. და აქ თუ ვინმემ მეგრელების შეურაცხყოფა იგრძნო, აფერუმ თქვენ“, - ამბობს ლევან ბერძენიშვილი.
აღნიშნული ლექციის წაკითხვას ძალიან ნანობს და მომხდარს განიცდის.
„ვნანობ, ძალიან ვნანობ, რომ ეს ლექცია წავიკითხე. გადამიხადონ ფული და იმას მაინც ვიტყვი, ნერვების ფასად დამიჯდა, მაგრამ ოჯახში შემოვიტანე რაღაცა. ხელისუფლებამ განიზრახა, ახლა ჩემს ლექციებს ჩაუჯდეს. სამეცნიერო ბიბლიოთეკაა, სადაც გადასარევი კარგი ხალხია, ერთ-ერთმა მათგანმა აი, ეს გააკეთა. მაშინ, ამაზე ხმა არავის ამოუღია, როცა ასეთი რადიკალი ვყოფილვარ... ძალიან განვიცდი ამ ფაქტს, განსაკუთრებით სამეგრელოზე, ყველაფერი ერთად გადავიტანე, მაგრამ ასეთი დაბრალება ჩემთვის რაღაცა ახალია და ეს უკვე მეტისმეტი იყო. პირველად ვლაპარაკობ, მეათედ თუ ორმოცდამეათეჯერ, ხომ შეიძლებოდა, ვისაც აინტერესებდა მოესმინა და სცოდნოდა სიმართლე“- აღნიშნა მან.
დარწმუნებულია, რომ ებრძვიან, რადგან ამბობს, რომ ამ ლექციაზე ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე ისაუბრა და მათ იდიოტი უწოდა.
„აი, ამის პასუხია ის, რაც გამიკეთეს. სათუთი საკითხია ეს ყველაფერი, მეგრელების გადარევას რა უნდა, ვისაც გინდა, იმას გადარევ ასეთ სათუთ თემაზე“, - გვითხრა პოლიტიკოსმა.
მასალის გამოყენების პირობები