"ტასო 6 წლის რაც გახდა, იმ დღიდან ყოველ დილით "მიდის სკოლაში", - ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი ზუგდიდელმა ქეთი დიდიშვილმა. როგორც პირველკლასელის დედა გვიყვება,
ლეპტოპს იმ იმედით მიუსხდნენ, რომ სკოლაში 1-ელ ოქტომბერს მაინც წავლენ. ქეთიმ წინასწარ იცის, რომ დისტანციური სწავლა ძალიან გაუჭირდებათ, რადგან ეს სიახლე ბავშვისთვისაც და მშობლისთვისაც ერთნაირად უცხო და რთულია.
"აუცილებლად უნდა ყოფილიყო გიოს (დეიდაშვილი) კლასელი. ძალიან დიდი მოლოდინი ჰქონდა სკოლაში წასვლის და ჯერ კიდევ აქვს. ძნელია 6 წლის ბავშვი მიუსვა ლეპტოპს სამეცადინოდ და არა სათამაშოდ. ახლა ფიქრობს მარტო გართობაზე და არა სწავლაზე, მიუხედავად იმისა, რომ მე სულ ვესაუბრებოდი, როგორ უნდა იჯდეს გაკვეთილზე, რომ მასწავლებელს მოუსმინოს... დისტანციური სწავლა ჩემთვისაც წარმოუდგენელია... ვიმედოვნებთ, რომ პირველ ოქტომბერს მაინც მიუჯდება მერხს, თეთრ პერანგში გამოპრანჭული. რა თქმა უნდა, მინდა ყველანაირი ნორმების დაცვით დაიწყოს სასწავლო პროცესი. ტასოსაც არ დაემსხვრევა ოცნება იმაზე, რომ მართლა წავიდა სკოლაში", - ამბობს ქეთი.
განსაკუთრებულად ემზადებოდა სკოლის პირველი დღისთვის 6 წლის მართაც. თეთრი პერანგი, შავი შორტი და თეთრი ფეხსაცმელი უნდა ჩაეცვა, გაკვეთილების მერე კი რამდენიმე მეგობრის პიცასა და ფორთოხლის წვენზე დაპატიჟება ჰქონდა დაგეგმილი. სწავლა კი დაიწყო, თუმცა სკოლაში წასვლის ნაცვლად, სახლიდან ტელეფონით ჩაერთო გაკვეთილს. ონლაინ გაიცნო კლასელები და მასწავლებელიც.
"პირველ გაკვეთილზე მისთვის უკვე ნაცნობ პლანეტებსა და ვარსკვლავებზე ისაუბრეს. გაკვეთილის შემდეგ კი მიუბრუნდა სათამაშოებს და თქვა, რომ სკოლა "მართლა" რომ დაიწყება, მაშინ დაპატიჟებს მეგობრებს პიცაზე", - გვითხრა მართას მამამ არჩილ თოდუამ.
მართას მშობლები ფიქრობენ, რომ პირველკლასელებისთვის სწავლა აუცილებლად სკოლის შენობაში უნდა დაწყებულიყო. ისინი შიშობენ, რომ, ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად, არსებობს იმის რისკი, მოსწავლეს სწავლის სურვილი აღარ გაუჩნდეს.
"პირველი გაკვეთილები და ურთიერთობა სკოლასთან, სასწავლო სივრცესთან განათლების მიღების პარალელურად მნიშვნელოვანია ბავშვის სოციალიზაციისთვის, სხვადასხვა უნარის ჩამოყალიბებისთვის, რაც ონლაინ სწავლებით რთულად მისაღწევია. ამიტომაც ვიმედოვნებთ, რომ 1 ოქტომბრიდან მართა შეძლებს სკოლაში სიარულსა და სრულფასოვანი განათლების სკოლის პირობებში მიღებას", - ამბობს არჩილი.
დისტანციური სწავლების პრაქტიკულ ნაწილს დიდი ხნით ადრე გაეცნო დესი გერსამიას დედა სალომე ჩანგელია. ის მიიჩნევს, რომ პირველკლასელებისთვის ვირტუალური სწავლების პროცესი საკმაოდ რთულია, რადგან ბავშვებს აღქმის უნარები ჯერ კიდევ კარგად არ აქვთ განვითარებული.
"ოჯახის ერთ-ერთი წევრი, ბებია პედაგოგია და ვხედავდით, თუ როგორი ძალისხმევით მუშაობდა მოსწავლეებთან დისტანციურად, თუმცა იმედიანად ვიყავით განწყობილი, რომ ჩვენი სასწავლო წელი დაიწყებოდა საკლასო ოთახებში. ამისთვის მზადება დავიწყეთ რამდენიმე კვირით ადრე. ბაღის შემდგომ სკოლა მორიგი მნიშვნელოვანი ეტაპია, ამიტომ ვცდილობდი ბავშვისთვის მიმეწოდებინა სწორად ინფორმაცია, რათა იოლად შეჰგუებოდა ახალ გარემოს. რამდენიმე დღით ადრე გადაწყდა, რომ სწავლებას დავიწყდებდით დისტანციურად, რადგან ვირუსის მაღალი გავრცელების გამო საფრთხე არსებობდა. გადმოგვეგზავნა გაკვეთილების ცხრილი, ვიცოდით, რომ 9 საათზე გვექნებოდა პირველი შეხვედრა დამრიგებელთან. ყველაფრის მიუხედავად, მოვწესრიგდით დილას, თუმცა ბავშვი ინსტინქტურად წავიდა კარისკენ... ჩემმა ხმამ შემოაბრუნა. პირველ გაკვეთილზე ბავშვებმა დამრიგებელს გაუზიარეს თავიანთი განცდები და წაუკითხეს ლექსები. ჩემი შვილი დააინტერესა მასწავლებლის მიერ შემოთავაზებულმა აქტივობებმა და ვთვლი, რომ სწავლის მოტივაციაც მისცა. იმ პირობით დასრულდა ჩართვა, რომ პირველი ოქტომბრიდან საკლასო ოთახებს შეაღებენ", - გვიყვება სალომე.
1 ოქტომბრამდე გადაწყვიტა პირველი მასწავლებლის გაცნობა გეგა კალანდიამ. გაუხარდა "ბუქის" მიღება და იცის, რომ ის სწავლისთვის უნდა გამოიყენოს. თუმცა, როგორც დედას სოფო ხორგუანს უთხრა - "გართობაც უნდა". უფროსი შვილის მაგალითზე სოფო ფიქრობს, რომ ონლაინ გაკვეთილებმა მოსწავლეები მოადუნა და სწავლის მიმართ დამოკიდებულება ნაკლებად სერიოზული გახადა.
"ორი მოსწავლის დედა ვარ. ერთი მეოთხე კლასელია და იცის როგორია სკოლაში, საკლასო ოთახში კლასელებთან ურთიერთობა. უმცროსი კი წელს გახდა პირველკლასელი და ძალიან დიდი მოლოდინი ჰქონდა. დარწმუნებული იყო, რომ სკოლა ძალიან, ძალიან მოეწონებოდა. სამზადისი ცოტა უჩვეულო იყო, ვერც დავარქმევ ასე. ალბათ, მე თვითონ ვერ შევუქმენი შვილებს საამისო განწყობა არსებული სიტუაციიდან გამომდინარე. ახლა ვიმედოვნებ, რომ ამ გამოწვევას მასწავლებელთან და ბებოსთან ერთად გაუმკლავდება. ბებოსთან იმიტომ, რომ მე ვმუშაობ და პროცესში, სავარაუდოდ, ვერ ჩავერთვები. დღეს გაიცნო გეგამ ლელა მასწავლებელი, როცა ვუთხარი, რომ მისი წაყვანა სკოლაში ამიტომ მინდოდა, ძალიან გაუხარდა და მაშინვე დამეთანხმა. არანაკლებ უხაროდა ის, რომ "ბუქი" უნდა მიეღო და საკუთარი ლეპტოპი ექნება. მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ მალე შეხვდებიან ჩვენი შვილები თავიანთ მასწავლებლებს და კლასელებს საკლასო ოთახებში და კიდევ უკეთესად გაგრძელდება სასწავლო პროცესი, ვიდრე ოდესმე“, - უთხრა სოფომ რადიო
"ათინათს".ელენე ფაცაცია მალე 7 წლის გახდება. სკოლაში წასვლას, უკვე ერთი წელია, ელოდება. "ელზას და ანას" ჩანთაც საგანგებოდ შეარჩია, მაგრამ ჯერ არ იცის, "ნამდვილ" სკოლაში სიარული რას ნიშნავს. ჯერჯერობით, მოსწავლე რომ არის მხოლოდ მაშინ მიხვდა, როცა დედამ სახლში სკოლიდან "დედა ენა" და სხვა წიგნები მოუტანა.
"ძალიან ელოდებოდა სკოლის პირველ დღეს, ერთი სული ჰქონდა, მასწავლებელი გაეცნო, კლასელებს შეხვედროდა, მაგრამ, სამწუხაროდ, კიდევ ცოტა ხნით გადაგვედო. ველოდებით ონლაინ მეცადინეობებს, მაგრამ თვითონ ამბობს, რომ "სკოლაში სიარული ურჩევნია". ცოტა იმედგაცრუებულია. რა თქმა უნდა, რთულია პირველკლასელებისთვის ონლაინ სწავლება, მით უმეტეს, ვმუშაობ და ეს დამატებით პრობლემებს ქმნის, მაგრამ, იმედი გვაქვს, მალე სრულყოფილად, ჩვეულებრივ ივლის ელენეც სკოლაში", - გვითხრა ელენეს დედამ ნინო შელიამ.
პირველი კლასი და განსაკუთრებით, პირველი დღეები ბავშვებისთვის დაუვიწყარ ემოციებთან არის დაკავშირებული - ამბობს მარიამის დედა ნინო გვაგვალია. როგორც გვიყვება, სკოლის დაწყებისთვის დადებითი განწყობით მთელი ოჯახით ემზადებოდნენ.
"ვცდილობდი ეს ახალი ეტაპი ყოფილიყო მარიამისთვის უმტკივნეულო და საინტერესო. ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია წინასწარ იმის ახსნა და მოყოლა, თუ რა ელოდება ბავშვს პირველ დღეს და მომდევნო დღეებში, რათა შევუქმნათ სიტუაციის ნაცნობობის განცდა, ამიტომაც ხშირად ვუყვებოდი ისტორიებს, თუ როგორ წამიყვანეს მშობლებმა პირველ დღეს სკოლაში, როგორ მიყვარდა ჩემი პირველი მასწავლებელი, საჭიროების შემთხევაში, როგორ მიემართა მასწავლებლისთვის, დაეცვა ჰიგიენური ნორმები და ა.შ. სამწუხაროდ, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, პირველი შეხვედრა კლასელებთან და მასწავლებელთან მოგვიწია ონლაინ სივრცეში. სამწუხაროდ იმიტომ, რომ განსაკუთრებით პირველკლასელთათვის მნიშვნელოვანია ემოციური, სოციალური, ფიზიკური, შემეცნებითი განვითარება. აუცილებელია ჯანსაღი და ცოცხალი ურთიერთობების შესაძლებლობა მიეცეთ, როგორც თანატოლებთან, ასევე პედაგოგთან", - ამბობს მშობელი.
ნინო თვლის, რომ არსებული მდგომარეობის ფონზე, აუცილებელია მშობელთა და მასწავლებელთა ინფორმირებასა და მხარდაჭერაზე მიმართული აქტიური და ეფექტიანი კამპანიის წარმართვა, რადგან მათი ციფრული კომპეტენცია ხშირ შემთხვევაში სრულად ვერ პასუხობს ონლაინ სწავლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს.
გადაინაცვლებს თუ არა მართა, ტასო, გეგა, მარიამი, დესი, ელენე და კიდევ ათასობით პირველკლასელი ვირტუალურიდან რეალურ საკლასო ოთახებში, იმაზეა დამოკიდებული, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა და როგორ შეაფასებს კორონა-პანდემიის რისკებს.
მასალის გამოყენების პირობები