მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერის საჯარო საჯარო სკოლას, აფხაზეთის ომში დაღუპული ზურაბ გურჩიანის სახელი მიენიჭა.
ის ამავე სკოლის მოსწავლე იყო და წელს 50 წლის გახდებოდა.
სკოლის სახელდების ერთ - ერთი ინიციატორის, მწერალ ირაკლი შამათავას თქმით, ერთი გმირის ისტორია, არა მარტო მისი მშობლიური სოფლისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის გაცოცხლდა.
"ეს ნახევარი საუკუნის ადამიანი, იმის მიუხედავად, რომ წლები გადის, ჩვენს ცნობიერებაში რჩება მარად ჭაბუკად, რომელიც არ დაბერდება თავისი ისტორიით, თავისი აზროვნებით, თავისი გადაწყვეტილებით და სახელმწიფოსთვის გადადგმული ნაბიჯებით, რომელიც 22 წლის ასაკში კი არა, უფრო გვიან ასაკშიც კი არის შესაშური, გმირი უნდა იყო მოწოდებით, ყველაზე კარგ დროს უნდა გქონდეს ალღო, რომ მიიღო ყველზე კარგი გადაწყვეტილება და ზურას გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ არის ტრაგედიებით აღსავსე, არის აბსოლუტურად გამართლებული", - გვითხრა ირაკლი შამათავამ.
ირაკლი შამათავა ზურაბ გურჩიანი სოხუმის უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი იყო, როდესაც საომარი მოქმედებები დაიწყო. 21 წლის ახალგაზრდა საკუთარი სურვილით ჩაება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში და 23-ე მექანიზირებული ბრიგადის, მე-8 ბატალიონის II ასეულში, ე.წ. "ბაგრატიონის ასეულში" მსროლელად ჩაირიცხა. თავისი გადაწყვეტილების შესახებ ასე წერდა მამას, ვლადიმერ გურჩიანს, რომელიც ეცერის სკოლის ისტორიის მასწავლებელი იყო.
"მე თუ მკითხავ, ყველაზე მთავარი საქმე ქართველი კაცისთვის არის აქ დგომა და ამ უტეხი ხალხის დაცვა. მე ამას ყველა ქართველი კაცის ვალად ვთვლი. ისტორიკოსი ხარ და გეცოდინება, რომ ხალხი, ვინც იარაღით ხელში იბრძოდა სამშობლოსათვის, გმირებად იქცნენ, ხოლო ისინი, ვინც ამ ომს გაექცა, ლაჩრებად მოინათლნენ. მე არ მინდოდა ლაჩარი მრქმეოდა. არც შენ გაგეხარდება, ვიცი, ლაჩარი შვილის ყოლა. ჰოდა, მოხრილად კი არა, წელში გამართული უნდა დადიოდე, რომ არ ავირჩიე ლაჩარი მრქმეოდა...".
ზურას და, ლელა გურჩიანი ამავე სკოლის მათემატიკის მასწავლებელია. ასევე, ამავე სკოლაში გასულ წლამდე მუშაობდა ზურას დედა, ნინელი გაბრიჭიძე. ის ფიზიკა-მათემატიკის პედაგოგია.
"განსხვავებული ბავშვი იყო, დიდობაშიც - სხვანაირი! მას ჰქონდა საოცარი თვისება, მცირე დროში მოესწრო ყველაფერი. როგორც დედა, სულ ვგრძნობდი, დიდი ხნის არ იყო და მას განსაკუთრებულ ბედისწერას უმზადებდა განგება. გასაკვირი არაა, რომ 22 წლის ბიჭმა ამდენი მოასწრო სიცოცხლეში?! ... მერე იყო აფხაზეთის ომი. სოფელ კამანის ტრაგედია... როგორც კი რეალობის წინაშე აღმოვჩნდით მე და ჩემი მეუღლე, წამიერად გავიაზრეთ, რომ ზურა მარტო ჩვენი კი არა, მთლიანად საქართველოს შვილი იყო...", - ამბობს აფხაზეთის ომში დაღუპული გმირის დედა.
ნინელი გაბრიჭიძე
ზურას თანამებრძოლი და ვიცე-პოლკოვნიკი, 23-ე ბრიგადის III ასეულის მეთაურის მოადგილე იოსებ გერლიანი იხსენებს, თუ როგორ მივიდა ბრიგადაში ახალგაზრდა კაცი და როგორ ეძებდა მებრძოლებში ნათესავებს.
"სულ ახალგაზრდა მოვიდა ჩვენთან კამანში. მებრძოლების თითქმის 99% იყვნენ თავისი სურვილით მოსულნი საომრად... მოვიდა და თქვა, გავიგე, აქ ჩემი ნათესავები, მოგვარეები ხართ ყველაზე ცხელ წერტილში და აქედან გამომდინარე, მეც მინდა, რომ თქვენს გვერდით ვიბრძოლო, როგორც ძმამ და მეომარმაო", - ყვება ვეტერანი.
ზურაბ გურჩიანი ერთ-ერთი იყო იმ გმირთაგან, რომლებიც 1993 წლის 5 ივლისს, კამანის დაცვისას, დაიღუპა. მხოლოდ 2 თვის შემდეგ, 1 სექტემბერს შეძლო ოჯახმა ზურას ცხედრის მოძიება. ზურაბ გურჩიანი დაკრძალულია მშობლიურ სოფელ ეცერში.
2021 წლის 1 აპრილს, საინიციატივო ჯგუფის (ია ღადუა, ირაკლი შამათავა, რამაზ გერლიანი) ძალისხმევის შედეგად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სსიპ – მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერის საჯარო სკოლას, სამშობლოს დაცვის საქმეში თვალსაჩინო წვლილის შეტანისათვის, აფხაზეთის ომის გმირის, ზურაბ გურჩიანის სახელი მიენიჭა.
მასალის გამოყენების პირობები