ცოტა ხნის წინ, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რუსეთის მიერ უკრაინის და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული სამგზავრო დოკუმენტებით შენგენის ზონაში გადაადგილების აკრძალვის ინიციატივას.
აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია მიიჩნევს, რომ ეს არის ევროკავშირის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება, ოდნავ დაგვიანებულიც კი. თუმცა, მისი თქმით, აქვე გასათვალისწინებელია ჰუმანიტარული საკითხიც და ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაამარტივოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებზე ქართული პასპორტის გაცემის პროცედურები.
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლის ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული პასპორტებით დაინტერესება ბევრად უფრო გაზრდილია, ვიდრე უკრაინაში ომის დაწყებამდე და რუსეთში მობილიზაციის გამოცხადებამდე, რასაც თან დაერთო ევროკავშირის გადაწყვეტილებაც აფხაზეთში გაცემული რუსული პასპორტების არაღიარების შესახებ. თუმცა, მსურველებისთვის მისი მიღება არც ისე იოლია.
"არადა, ეს სამწუხაროდ პრობლემად არის ქცეული. დღემდე, ყოველ შემთხვევაში, უფრო მეტი უარია, ვიდრე თანხმობა, ამ ქართული პასპორტების გაცემაზე ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებისთვის... და ერთ - ერთი მიზეზი, გახლავთ ის, რომ ისინი არიან რუსეთის მოქალაქეები და აქვთ რუსული პასპორტი...", - განმარტავს გამახარია.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მცხოვრები პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის გამარტივების შესახებ კანონპროექტი აფხაზეთის მთავრობამ თითქმის ორი წლის წინ შეიტანა პარლამენტში, თუმცა საკანონმდებლო წინადადება ჯერჯერობით არც განხილულა.
"... ჩვენ ადრე გვაქვს შეტანილი კანონპროექტი, საკანონმდებლო ინიციატივა, მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებების შესახებ, სადაც ჩვენ ვითხოვთ ერთ - ერთ ცვლილებას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაცემული პასპორტები, და შესაბამისად, იქ მიღებული მოქალაქეობა, არ ჩაითვალოს მეორე ქვეყნის მოქალაქეობად ... ჩვენ შეგვიძლია, ევროკავშირის ძალიან სწორ გადაწყვეტილებას ვუპასუხოთ და ასევე, პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, უნდა გავუმარტივოთ იქ მაცხოვრებელ ადამიანებს საქართველოს მოქალაქეობის მიღება", - თვლის გამახარია.
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებზე ქართული პასპორტების გაცემის პროცედურა სირთულეებთანაა დაკავშირებული, რადგან ის დარწმუნებულია, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები პირების უმრავლესობა არ აიღებს საქართველოს პასპორტებს და არც ნეიტრალურ პასპორტს, რომელსაც გასცემს ქართული მხარე. ექსპერტი ამბობს, რომ ეს პრობლემაც იარსებებს, სანამ კონფლიქტი პოლიტიკურად არ მოგვარდება. ამიტომაც, ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება სხვა გამოსავალს უნდა ეძებდეს. ამ შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს დროებითი დოკუმენტი, რომლის გაცემას ევროკავშირი შეძლებდა.
".... სამინისტროს წარმომადგენლები უნდა მუშაობდნენ ინტენსიურად, რათა შეიძლება დროებითი რაღაც საშუალება მისცენ... შეიძლება ამისთვის შეიქმნას, რაღაც სააგენტო... საქართველოსთან შეთანხმებით, ბუნებრივია. სიტყვაზე, იქ (სოხუმში), გაეროს ოფისებში განთავსდეს ასეთი რაღაც სამსახური, რომელიც უფლებამოსილი იქნება, ამ კატეგორიის ადამიანებს მისცენ გარკვეული რაღაც დროებითი დოკუმენტი, რომელსაც არაფერი საერთო არ ექნება პასპორტთან, როგორც ასეთთან, ამას ჰქვია ლესე-პასე (Laissez-Passer). მაგალითისთვის, არსებობს ასეთი ვარიაციები ლესე - პასესი, სადაც იქნება, გვარი სახელი ადამიანის და მისი პირადობის დამადასტურებელი რაღაც დოკუმენტი, თუგინდ აფხაზეთის პასპორტი იყოს და თუგინდ რუსული პასპორტი. ის არ იქნება ვიზა და ამ ადამიანს, შეეძლება ერთჯერადად გადაადგილდეს შენგენში...", - განმარტავს ექსპერტი.
მისი თქმით, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია და ლოგიკურია, რადგან ევროკავშირისთვის მიუღებელია , რომ რუსეთი აგრესიის შედეგად მოპოვებულ ტერიტორიებზე ახორციელებდეს თავის იურისდიქციას და შესაბამისად, ოკუპირებულ და ანექსირებულ ტერიტორიებზე გაცემული პასპორტები უკანონოა მათთვის. თუმცა ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს მეორე მომენტზე, რომელიც ჰუმანიტარულ სამართალს შეეხება. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების ფონზე, აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეების უფლებები უფრო მეტად ირღვევა, ვიდრე რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისა, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ აგრესიაში, ირჩევენ ხელისუფალს, და პრაქტიკულად ნებართვას აძლევენ რუსეთს, განახორციელოს აგრესია, ამ შემთხვევაში, უკრაინის წინააღდეგ საშინელი ომი. აქედან გამომდინარე, ევროკავშირმა და საქართველომ რაიმე გამოსავალი უნდა შესთავაზონ აფხაზეთში მცოვრებ მოქალაქეებს.
"მიიღებენ ისინი თუ არ მიიღებენ ამ შეთავაზებას - უკვე სხვა საკითხია", - დასძენს კონფლიქტოლოგი.
ევროპარლამენტმა რუსეთის მიერ უკრაინის და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული სამგზავრო დოკუმენტების არაღიარებას 21 ოქტომბერს დაუჭირა მხარი.
ევროპარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის და სევასტოპოლის, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების ანექსია უკანონოა და რომ ევროკავშირმა დაგმო რუსეთის გადაწყვეტილება ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ საქართველოში. ამიტომ, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა და მოკავშირეებმა ევროპის ეკონომიკური ზონიდან აღარ უნდა მიიღონ ამ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტები.
წინადადების თანახმად, ევროკომისიამ უნდა გაიაროს კონსულტაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და შეადგინოს რუსული სამგზავრო დოკუმენტების სია, რომლებიც მომავალში არ უნდა იქნას მიღებული.
მანამდე, 12 ოქტომბერს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთის და "სამხრეთ ოსეთის" რეგიონებში და უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებსა და ყირიმში გაცემული სამგზავრო დოკუმენტების მფლობელები ვერ მიიღებენ შენგენის ვიზას და ვერ გადაკვეთენ ევროკავშირის საზღვრებს.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩების წინასწარ შეთანხმებას და განაცხადა, რომ "ევროკავშირის პოლიტიკა აფხაზეთის მიმართ არის აფხაზი ხალხის იზოლირება, კუთხეში მიმწყვდევა და საკუთარი ნების კარნახი", რადგან, როგორც ის ამბობს, "ევროკავშირს არ მოსწონს აფხაზეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის სამოკავშირეო ურთიერთობები და ისინი ყველანაირად ცდილობენ შეცვალონ ეს ისტორიულად ჩამოყალიბებული მდგომარეობა. რა თქმა უნდა, მათ ეს არ გამოუვათ".
არძინბამ აღნიშნა, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებამ არ აღიაროს "აფხაზეთში გაცემული პასპორტები, შესაძლოა გავლენა იქონიოს იმ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობაზე, რომლებიც ახორციელებენ პროექტებს რესპუბლიკაში და იღებენ ევროკავშირის დაფინანსებას". თუმცა, მისივე თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პროგრამებისა და პროექტების დაახლოებით 80%, რომლებიც ამჟამად აფხაზეთის ტერიტორიაზე ხორციელდება, ფინანსდება ევროკავშირის, სხვადასხვა ოფიციალური და არაოფიციალური სტრუქტურების მიერ.
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებთა უდიდეს ნაწილს ადგილობრივი ე.წ. მოქალაქეობის გარდა, რუსეთის მოქალაქეობაც და შესაბამისად, რუსული პასპორტები აქვს. რუსეთი სამგზავრო დოკუმენტებს გასცემს ანექსირებულად გამოცხადებულ ყირიმში და დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებშიც.
მასალის გამოყენების პირობები