სტატია
ევროკავშირი ძალიან გვეხმარება, რომ საქართველოს განათლების სისტემა უფრო წარმატებული იყოს - ირაკლი თაკალანძე ბრიტანულ გამოცდილებაზე
ირაკლი თაკალანძემ მაგისტრატურის პირველ კურსზე, 2020 წელს ერაზმუს + -ის პროგრამაში მიიღო მონაწილეობა და სწავლის გაგრძელება დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე ძველ და მოთხოვნად, "გლაზგოს" უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე გადაწყვიტა.

რესპონდენტი რადიო "ათინათს" უყვება, რომ მისი მოტივაცია ევროპული განათლების მიღების შემდეგ ქართულ შრომით ბაზარზე თავის დამკვიდრება და წარმატების მიღწევა იყო. ის განათლების მიღებას თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავების საუკეთესო შესაძლებლობად მიიჩნევს. ამასთან, განსხვავებული ეროვნებისა და კულტურულის ხალხთან თანაცხოვრებას პიროვნული განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად ასახელებს.

"ჩემი აზრით, ჩვენი მომავლის შენება დამოკიდებულია ჩვენს მოტივაციაზე, წარმატების მიღწევის სურვილზე და, მცირედით, იღბალზეც. ვფიქრობდი, ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა გამოცდილების ევროპაში მიღება, რათა საქართველოში ერთ-ერთი დაფასებული კადრი ვყოფილიყავი. გარდა ამისა, მსურდა ინგლისური ენის დონის გაუმჯობესებაც, რაც ერთ-ერთი ფაქტორი იყო გლაზგოს უნივერსიტეტის არჩევისა", - ამბობს ირაკლი.

როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა, ჩვენთან საუბარში ყურადღება გაამახვილა რამდენიმე ძირითად მახასიათებელზე, რაც მას პროფესიული კუთხით აინტერესებდა და გლაზგოს უნივერსიტეტში სწავლის მნიშვნელოვან ასპექტად მიიჩნევდა, განსაკუთრებით აღნიშნა ის ავტორები, რომლებმაც გლაზგოს უნივერსიტეტში შექმნეს ფუნდამენტური ნაშრომები.

"ვიცოდი, რომ იქ რამდენიმე ცნობილი ავტორი სწავლობდა. მათი ნაშრომები ჩემი პროფესიისთვის უაღრესად აუცილებელი იყო. ასეთი ავტორია ადამ სმითი, რომელიც პოლიტიკური ეკონომიკისა და ზოგადად, ფილოსოფიის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამაა. საინტერესოა ისიც, რომ იქ კორპუსებს ჰქვიათ სახელები იმ მიმართულების პროფესორების მიხედვით, რომლებმაც გლაზგოს უნივერსიტეტი დაამთავრეს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი სამაგისტრო ნაშრომის თემა იყო "პროპაგანდა და გენდერული სტერეოტიპები საბჭოთა კავშირის რეკლამებსა და პოსტერებში", შევარჩიე ის ლექტორები, რომლებიც საკვლევი ნაშრომის წერაში გამიწევდნენ კონსულტაციას. ერთ-ერთი ასეთი იყო ანგელა მორენო, ვინც ევროკავშირის პოლიტიკას მასწავლიდა, მაგრამ მას სხვადასხვა გამოცდილება ჰქონდა იმ მიმართულებით, რაც ჩემი ინტერესის სფერო იყო და საშუალება მქონდა, მასთან საგნის მიღმაც მესაუბრა ჩემთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც პრაქტიკაში ძალიან გამომადგა", - გვეუბნება იგი.

სწავლის პარალელურად, მან სტაჟირება გაიარა გლაზგოს უნივერსიტეტის სტუდენტურ ტელევიზიაში, სადაც მისი განმარტებით, ბრიტანული საზოგადოებისთვის მრავალი ცნობილი სახე მუშაობდა. სწორედ იქ დასაქმებული ადამიანების რეკომენდაციით, თაკალანძეს სამსახური შესთავაზეს ადგილობრივ გამოცემაში.

"სწორედ იმ მნიშვნელოვანი ადამიანების დახმარებით, რომლებიც იქ გავიცანი, ახლახან, ჩემი პირველი სტატია გამოქვეყნდა ბრიტანულ გაზეთში".

კითხვაზე, თუ რა არის ბრიტანული ქალაქის მთავარი მახასიათებელი და რა გამოარჩევს გლაზგოელ ხალხს სხვებისგან, გვპასუხობს, რომ მთავარი ნიშნებია ქალაქის დახვეწილი ინფრასტრუქტურა, რომელიც კლასიკური ევროპის არქიტექტურის ერთგვარი მემკვიდრეობაა, ხალხი კი ინდივიდუალურ მიღწევებთან ერთად, ახერხებს კოლექტიური პასუხისმგებლობის ერთმანეთში ეფექტურად გაზიარებას. ის გლაზგოელი ხალხის დასახასიათებლად კონკრეტულ ისტორიას გვიყვება:

"ჩემი სახლის ირგვლივ ძალიან ბევრი პატარა კათოლიკური ტაძარი იყო და ერთხელაც, სრულიად შემთხვევით, მოვხვდი წირვაზე. ჩემთვის უცნაური და სასიამოვნო გამოცდილება იყო მთელი პროცესი. როდესაც მოძღვარი გამოვიდა სიტყვით, მან გამოაცხადა იქ მსხდომთა სახელები და აღნიშნა მათი სასიკეთო წვლილი საზოგადოებაში. მაგალითად, ერთ-ერთმა ადგილობრივმა, სიუზანმა ბავშვთა საავადმყოფოსთვის სათამაშოების ხარჯებზე იზრუნა და აშ, თითქმის ყველა დამსწრე ამოიკითხა. ჩემი სახელიც გააჟღერა და ძალიან გამიკვირდა. თქვა, რომ იმედი ჰქონდა, სხვა შეხვედრებსაც დავესწრებოდი".

სალექციო პროცესთან დაკავშირებით კი გვეუბნება, რომ იქ სწავლას ქართული უნივერსიტეტებისგან განასხვავებს დროის მენეჯმენტი და სილაბუსის სტუდენტის საჭიროებებზე მორგება, რაც მისი აზრით, უფრო ეფექტურია.

"ლექციები იწყებოდა დილის 8 საათზე. სასწავლო პროცესი იწყებოდა ძალიან ადრე და შესაბამისად, უფრო მეტი დრო მრჩებოდა ჩემთვის საინტერესო აქტივობებით დაკავებულიყავი და სოციალიზაცია მომეხდინა. კიდევ ერთი რამ, როდესაც საგნები ავირჩიეთ, სანამ ლექციები დაიწყებოდა, ყველა ლექტორმა გამოგვიგზავნა კითხვარი და სილაბუსი, თუ რა თემები გვაინტერესებდა, რასაც ყველაზე მეტ დროს დავუთმობდით. კითხვარზე პასუხების მიხედვით შეარჩიეს სასწავლო მასალები.ნამდვილად იმას ვსწავლობდით, რაც გვაინტერესებდა და არა წინასწარვე მკაცრად გაწერილ ტექსტებს. ლექტორს, რა თქმა უნდა, ჰქონდა გარკვეული მონახაზი, თუმცა ის მორგებული იყო სტუდენტების ინტერესებზე. ეს ელემენტი ჩემთვის სიახლე იყო".

ასევე, რესპონდენტი ევროპული უმაღლესი განათლების სისტემის კომპონენტად ასახელებს რამდენიმე საკითხს: გამოცდის შემდეგ ლექტორებისგან მიღებულ დეტალურ უკუკავშირს, რაც მას უადვილებდა სამომავლოდ ხარვეზების გამოსწორებას; პრეზენტაციების განსხვავებული ფორმით წარმართვას, რაც მისი თქმით, სტუდენტების მიერ სემინარების ჩატარებას გულისხმობდა, ეს კი ეხმარებოდა იმ სტუდენტებს, ვისაც აკადემიური საქმიანობის გაგრძელება და დიდ აუდიტორიასთან მუშაობის გამოცდილება სურდა; მოდელირებული და სიმულაციურ ლექციებს, საკითხის მრავალწახნაგოვანი განხილვით, რაც ავითარებდა სტუდენტის კრიტიკულ აზროვნებას და იმ მომენტში, პოლიტიკურ აქტორად აქცევდა მას.

"მგონია, რომ საქართველოს რეალობისთვის მარტივად ადაპტირებადია მსგავსი მიდგომები. ამისთვის აუცილებელია, მოტივაცია ჰქონდეთ იმ პირებს, რომლებიც ქვეყნის განათლების სისტემას განსაზღვრავენ, ასევე, უმაღლესი განათლების დაწესებულებებში დასაქმებულ ლექტორებს. ამისთვის, ფინანსების სწორი გადანაწილებაცაა საჭირო. ამ ნაწილში, ევროკავშირი ძალიან გვეხმარება, რათა საქართველოს განათლების სისტემა უფრო დახვეწილი და წარმატებული იყოს და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია არ დავკარგოთ ის მონაპოვარი, რაშიც დიდი ძალისხმევა ჩაიდო. უნდა გაგრძელდეს ის დახმარებები, რაც ქართველ სტუდენტებს უკეთესი მომავლის შესაძლებლობას სთავაზობს

ყველას, ვისაც შესაძლებლობა და ინტერესი აქვს, ვურჩევდი ევროპულ უნივერსიტეტში განათლების მიღებას. მათ უნდა გამოიყენონ ეს შანსი, რადგან მიიღებენ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და აუცილებელ გამოცდილებას ცხოვრებაში.

პროფესიის მიღმა, გარდა იმ უნარებისა და სასწავლო ლიტერატურისა, ბევრ რამეს ისწავლიან საკუთარ თავზე. იქ, დამოუკიდებლად ცხოვრების პერიოდში, წააწყდებიან სხვადასხვა გამოწვევას, რომლის მართვაც მოუწევთ მხოლოდ და მხოლოდ მათ და არავინ ეყოლებათ ირგვლივ, მეგობარი, მშობელი, ახლობელი, ვისი იმედიც საქართველოში გვაქვს ხოლმე. სხვადასხვა კულტურის გაცნობით, განსხვავებული ეროვნების ხალხთან კომუნიკაციითაც კი ძალიან საინტერესო დეტალებს აღმოაჩენ საკუთარ თავში და განსხვავებული კუთხით შეხედავ რეალობას", - დასძენს ირაკლი.

საუბრის დასასრულს, აღნიშნავს, რომ აკადემიურ საქმიანობაში ძალიან დაეხმარა გლაზგოში მიღებული გამოცდილება და სტუდენტებს იქ დამკვიდრებული მიდგომებით უტარებდა სემინარებს. სამომავლოდაც, აპირებს საუნივერსიტეტო საქმიანობის გაგრძელებას და სხვადასხვა კვლევაში მონაწილეობას.

გადაცემა მომზადებულია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის "ერთიანი საქართველო ევროპისათვის" ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია რადიო ,,ათინათი'' და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი" მიმდინარე წლის აგვისტოდან ახორციელებს პროექტს ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და NEET-ახალგაზრდების ციფრული და სამეწარმეო მიმართულებით გაძლიერება".

26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
08 / დეკემბერი 2024
ამ წუთებში, ზუგდიდში, საპროტესტო აქციის მონაწილეები, მსვლელობას მართავენ.
08 / დეკემბერი 2024
დღეს, 8 დეკემბერს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში, აქციის დროს დაშავებულ ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
08 / დეკემბერი 2024
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.