კულტურის სამინისტრომ მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს
ჩაშალა თავისივე
გამოცხადებული კონკურსი ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად.
სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მიზეზად "უფრო ჯანსაღი კონკურენციისთვის თანაბარი პირობების შექმნა" დასახელდა, თუმცა უწყებას დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
რადიო "ათინათი" ეცადა გაერკვია, რა მოხდა სინამდვილეში.
ლაშა შეროზიას, რომელიც სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტს ზუგდიდის თეატრში ოთხი წელი იკავებდა, ამბობს, რომ აღარ იცის, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ახლა მიმდინარე კონკურსში. ამბობს, რომ ამავე პერიოდს დაემთხვა თეატრის წინააღმდეგ მიზანმიმართული ანტიპიარი გარკვეული ჯგუფების მხრიდან. საუბარია სპექტაკლის "დიგი-დიგი ბუმ-ბუმ პუცი-პუცი" ინტიმური ხასიათის სცენაზე, რასაც სამხატვრო ხელმძღვანელის მიმართ, როგორც თავად ამბობს, ცილისმწამებლური კამპანია მოჰყვა.
"არ ვიცი, რატომ ჩაიშალა კონკურსი, მაგრამ, ალბათ, რაღაც ფორმით იმანაც იმოქმედა, რომ სრულიად ცილისმწამებლური კამპანია დაიწყო, რომელიც იყო ყურით მოთრეული იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც საერთოდ სპექტაკლები არ აქვთ ნანახი თეატრში. ფაქტი იყო ის, რაც მთელმა საქართველომ ნახა და განსაკუთრებით ზუგდიდში, ცილისწამებას სამართლებრივად მივხედავ, რადგანაც მაქვს რაღაც ნაბიჯები, რაც ამ ყოველივეს გასცემს პასუხს", - თქვა შეროზიამ.
მისი თქმით, როდესაც ზუგდიდის თეატრი საინტერესო თემებზე წარმატებით დგამდა ბავშვებისთვის, მოზარდებისა და ზრდასრულებისთვის სპექტაკლებს, სწორედ ამ დროს დაიწყო მის წინააღმდეგ კამპანია.
"ზუგდიდის თეატრში იმდენი რამ გაკეთდა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აბსოლუტურად გარდაცვალების პირას მყოფი თეატრი ფეხზე დადგა და საკმაოდ პოპულარული გახდა. მერე წამოიწყეს მთელი ეს პროცესი. ოთხწლიანი ვადა გამივიდა, არავის არ მოვუხსნივარ, არავის გავუგდივარ, უბრალოდ, ვადა ამომეწურა და ახალი კონკურსი გამოცხადდა, სადაც ცხადია, მქონდა საბუთების შეტანის უფლება და სურვილიც.
ზუგდიდის მაყურებელი აღმოჩნდა ფანტასტიკური, ძალიან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი ამ პერიოდში, როცა ეს სრულიად ამორალური ამბავი ხდებოდა ჩემს თავს, რომელიც პიროვნული განადგურებისკენ იყო მიმართული და ეს იყო ყველაზე დიდი საშინელება, რაც მოხდა", - აღნიშნავს თეატრის ყოფილი ხელმძღვანელი.
მას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ დასის წევრები. ისინი ფიქრობენ, რომ, როგორც თვითონ განმარტავენ, სიცრუეზე დაყრდნობილი კამპანია შეროზიასა და თეატრის რეპუტაციის შებღალვას ემსახურება.
ზუგდიდის თეატრის მსახიობი გოგი გუგუჩია ფიქრობს, რომ თეატრის წინააღმდეგ ქმედებები მიზანმიმართულია. ხელოვანი ამბობს, რომ ამას მათთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა შეროზიას მხარს ღიად უჭერენ.
"დასი შეკრულია და ლაშას მხარესაა, თეატრიც და მაყურებელიც. ყველაფერი ნორმალურად არის თეატრში, ისე, როგორც ეს უნდა ხდებოდეს.
ენას ძვალი არ აქვს, ვინ რას იტყვის, მაგას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ, როცა რაღაც კეთდება, მაშინ ხდება ხოლმე ასეთი რამ, ცუდი, ნეგატიური რაღაცები მოდის. დიდად ეს ჩვენ არც გვაწუხებს. მთავარია, საქმე კეთდებოდეს. ეს იმდენად ბინძური კამპანია იყო, რომ არც ღირს პასუხის ღირსად. პასუხს მაყურებელი გასცემს იმით, რომ მაინც მოვა თეატრში. ამიტომ ილაპარაკონ რაც უნდათ", - აღნიშნა მსახიობმა.
გუგუჩიას მსგავსად, კიდევ ერთი მსახიობი, მარინა დარასელია საუბრობს ერთიანი პოზიციის სიმტკიცეზე და ყოფილი ხელმძღვანელის განსაკუთრებულ როლზე თეატრის განვითარების საქმეში. დარასელია მთელ ამ პროცესში სხვების ინტერესს ხედავს, თუმცა ჩვენი რესპონდენტებიდან არცერთი აკონკრეტებს, საუბარია კონკურენციაზე თუ სამინისტროსთვის შეროზიას კანდიდატურის მიუღებლობაზე.
"ვიღაცას უნდა სამხატვრო ხელმძღვანელობა, ვიღაცას უნდოდა ბინძური კამპანიით წარემართა ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის პროცესი. სამი წლის წინ სად იყვნენ, როცა ის სპექტაკლი დაიდგა, ახლა გაახსენდათ ეს სპექტაკლი? ან რა იყო აქ გასაგიჟებელი, ეს ხომ ჩვეულებრივად გადიოდა თეატრში", - გვითხრა მარინა დარასელიამ.
ჩვენ არაერთხელ ზარებითა თუ წერილობითი შეტყობინებებით ვცადეთ, კულტურის სამინისტროსგან პასუხი მიგვეღო კონკურსის ჩაშლის მიზეზებზე, კანდიდატურების რაოდენობასა და დასის მიერ გაჟღერებულ მიზანმიმართულ ნეგატიურ კამპანიაზე, თუმცა მცდელობების მიუხედავად, უწყებისგან პასუხი ვერ მივიღეთ.
მასალის გამოყენების პირობები