პროტესტის 25 - ე დღეს, მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან.
მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, ისინი აქ მოვიდნენ საქართველოს და ევროკავშირის დროშებით.
ისმის შეძახილები აქციის მონაწილეების მხრიდან: „საქართველო - ევროპაა“ , „გაუმარჯოს ერთიან თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს“.
სამხარეო ადმინისტრაციის შენობის მიმდებარედ სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები იმყოფებიან. ისევე, როგორც წინა დღეებში, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ. ასევე მათი მოთხოვნაა, რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩატარება.
„ეს მთავრობა მიგვაქანებს რუსეთისკენ, უბრალოდ, წარმოუდგენელია ამასთან შეგუება, ჩვენ ვართ თავისუფალი ხალხი, ჩვენ გვინდა თავისუფლება, ჩვენ გვინდა ევროპული მომავალი, რომელიც არის ერთადერთი ხსნა, რომ საქართველომ მართლა ამოისუნთქოს, და ქართველმა ხალხმა იცხოვროს ღირსეულად. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, ვითხოვთ ახალ არჩევნებს და ამ რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებას“, - ამბობს სოციალური მუშაკი, ნანა შედანია.
აქციაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს კურსკის ოლქში შეტაკებებისას დაღუპულ ქართველ მებრძოლს, აფხაზეთიდან დევნილ ჯაბა კვარაცხელიას, რომელიც დევნილობაში, წალენჯიხის რაიონის სოფელ ნაკიფუში ცხოვრობდა.
„მეორე დღეა ცდილობენ, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ ახერხებენ ქართველი და უკრაინელი მებრძოლები, დაღუპულის ცხედრის გამოსვენებას. ჩვენ, რა თქმა უნდა, მას, როგორც ორი ქვეყნის, უკრაინის და საქართველოს გმირს გავაცილებთ იმქვეყნიერ საქართველოში“, - აღნიშნა, წალენჯიხის მერის მოადგილემ, თამარ ბელქანიამ.
მისი თქმით, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები, შევლენ უახელს ისტორიაში, როგორც უკრაინის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის დაღუპული გმირები.
შეკრებილებს მიმართავენ გამომსვლელები. ადგილზე დამონტაჟებულია მონიტორი, რომელზეც ქვეყანაში მიმდინარე აქციების ტრანსლირება მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მოუსმენენ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიმართვას, რომელიც 21 საათზეა დაგეგმილი.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში, საპროტესტო აქციები იმართება.
მასალის გამოყენების პირობები