დღეს დილიდან, ენგურის ხიდთან შეიკრიბნენ ადამიანები, რომლებსაც დროებით ოკუპირებულ გალის რაიონის სოფელ საბერიოში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების დაკრძალვაზე წასვლა სურდათ.
ოჯახის ნათესავები, მეზობლები და ახლობლები ხიდთან მცირეწლოვნების სურათებით მივიდნენ. ისინი ამბობენ, რომ ე.წ საზღვარზე გადასვლა აფხაზურ მხარესთან შეთანხმებული სიების საფუძველზე ხდება, რის გამოც საბერიოში სამძიმარზე წასვლას ბევრი ვერ ახერხებს.
"ნათესაობაა აქეთ მხარეს დარჩენილი. რა იქნებოდა, ეს დღე მაინც მიეცათ, რომ გადასულიყვნენ. ყველა ტირის, ნაწილი დარჩა, ვერ ახერხებენ გადასვლას. დაახლოებით, 10 ადამიანი მოვდივართ. დედის მხრიდან, ნათესავები. ეს არის სამართალი?...ბავშვები აქ სწავლობდნენ, პერიოდულად გადადიოდნენ ბებიასთან. ბავშვებს პირობები არ ჰქონდათ. შუქი რომ ყოფილიყო, ალბათ არ მოხდებოდა ეს ტრაგედია", - ამბობს ოჯახის ნათესავი, მაია სორდია.
ჭოლარიების ოჯახი სოფელ ახალკახათში, დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა. დაღუპული ორი მოზარდი აფხაზეთის მე-14 სკოლაში სწავლობდა. ამავე სკოლის მასწავლებელი ეშა თაკალანძე ერთ-ერთია იმათგან, ვინც ოკუპირებულ სოფელში გადასვლის ნებართვა მიიღო. ის დილით, ოჯახის ახლობლებთან ერთად, ენგურის ხიდთან მივიდა. თაკალანძის თქმით, მისი სამეზობლოდან დაახლოებით 30-მდე ადამიანი მიდის სამძიმარზე.
"უდიდესი ტრაგედიაა ყველასთვის, მათ შორის ჩვენი სკოლისთვის, სადაც ისინი სწავლობდნენ. უფროსი ბავშვი მეორე კლასში იყო, პირველი კლასის მოსწავლე იყო მისი და. დღესასწაულებზე ბებიასთან გადადიოდნენ ხოლმე. მომხდართან დაკავშირებით მხოლოდ გადმოცემით ვიცი, რომ ბებიას აერია ბენზინი და ნავთი ღუმელში ცეცხლის დანთებისას. ბებია, როგორც ამბობენ, ამჟამად უკეთესადაა", - ამბობს თაკალანძე.
შეგახსენებთ, 5 იანვარს, ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ჭოლარიების ოჯახში ხანძარს ხუთი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მცირეწლოვნები სახლში ბებიასთან ერთად იყვნენ. დაშავებული ქალი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში განაგრძობს მკურნალობას.
დაღუპულ მოზარდებს დღეს დაკრძალავენ. მათი ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოში 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. სახელმწიფო დაწესებულებებზე დროშები დაეშვა.
ამავე თემაზე:
საბერიოში ხანძრის შედეგად დაშავებული ქალი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში განაგრძობს მკურნალობას
პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია - ექიმი საბერიოში ხანძრის შედეგად დაშავებულ ქალზე
ოკუპირებულ გალში ხანძარს ხუთი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლაგალის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო გლოვის ნიშნად სახელმწიფო დაწესებულებებზე დროშები დაუშვეს
საქართველოში 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა
მასალის გამოყენების პირობები