სტატია
როგორი იყო 2018 წელი ზუგდიდისთვის - პოლიტიკოსებისა და არასამთავრობოების შეფასებები
2018 წელი ზუგდიდის პოლიტიკური ცხოვრებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი და აქტიური გამოდგა. თანამდებობიდან თითქმის ერთდროულად გადადგნენ არჩეული მერი ლაშა გოგია და ვიცე-მერი გია გულორდავა, რომლებზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით გამოძიება დაიწყო, მოგვიანებით კი ორივე მათგანი დააკავა. სუს-მა ამ დანაშაულში მონაწილეობისთვის მერიის კიდევ ერთი მაღალჩინოსანი საკუთარ კაბინეტში აიყვანა. ზუგდიდს ახალი ვიცე-მერი გეგა შენგელია ჰყავს, მერის მოვალეობას კი ამ დროისთვის მაიზერ ნანავა ასრულებს. ის ერთ-ერთია, ვისაც რადიო „ათინათმა“ გასული წლის შეფასება სთხოვა. ჩვენ პოლიტიკოსებს ვკითხეთ, როგორ შეაფასებდნენ ისინი ზუგდიდის პოლიტიკურ ცხოვრებას ერთი წლის განმავლობაში და რას მიიჩნევენ დადებით და უარყოფით მოვლენებად.

მაიზერ ნანავა თვლის, რომ 2018 წელი განხორციელებული პროექტებითა და პროგრამებით ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მთავარ პრობლემად კი შიდა გზების მოუწესრიგებლობას ასახელებს. ნანავამ საკუთარ შეფასებაში ზემოთ მოყვანილი ფაქტები არ გაიხსენა.

alt

„მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული ბევრი პროექტი განვახორციელეთ და ეს პრაქტიკა მომავალ წელსაც გაგრძელდება. არსებობს პრობლემური საკითხები, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, ერთ-ერთი კი ზუგდიდში არსებული შიდა გზების პრობლემაა, რომელიც წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებამ გამოიწვია. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ საკითხის მოგვარებაზე და ეტაპობრივად აუცილებლად შევძლებთ ამას. 2018 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან შესრულდა და მიმდინარეობს 30 ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელთა ღირებულება 11 134 194 ლარია, ადგილობრივი ბიუჯეტიდან განხორციელდა და მიმდინარეობს 80 ინფრასტრუქტურული პროექტი, ღირებულებით 2 700 000 ლარამდე; სტიქიის ფონდით განხორციელდა და მიმდინარეობს 50 ინფრასტრუქტურული პროექტი, ღირებულებით 1 626 878 ლარი; რეაბილიტირდა სანიაღვრე არხები, წყალმომარაგების ქსელი, კეთილმოეწყო მრავალბინიანი სახლების ეზოები, განხორციელდა შიდა გზების რეაბილიტაცია, რეაბილიტირდა ხიდ-ბოგირები, მომავალ წელსაც გაგრძელდება წყალმომარაგებისა და კანალიზაციის პროექტების განხორციელება, რაც გულისხმობს ზუგდიდის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას,წყალარინების ქსელების რეაბილიტაციასა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობას. 25 უსახლკარო და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლი გადაეცემა. პროექტი მომავალ წელსაც გაგრძელდება. აქტიურად მიმდინარეობს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღისა და ზუგდიდის N2 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია. 2019 წელს ზუგდიდს რეაბილიტირებული საჭადრაკო სკოლა ექნება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტად კვლავ რჩება გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და მოქალაქეთა ჩართულობაა“, - აღნიშნა ნანავამ.


ზუგდიდის პოლიტიკურ ცხოვრებაზე არ საუბრობს არც საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია. მანაც ხაზი გაუსვა სხვადასხვა სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტს, გამოწვევად კი წოწერია სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეიბის პრობლემებს მიიჩნევს.

alt
„მუნიციპალიტეტის პრიორიტეტს წარმოადგენს ჯანდაცვის და სოციალური საკითხები. ამ მიმართულებით წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი ხარჯები იქნა გაწეული. თუმცა, ამავე დროს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის უმუშევრობისა და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის პრობლემები კვლავაც გამოწვევად რჩება, რაც კიდევ უფრო გაამწვავა თხილის სოკოვანმა დაავადებებმა და აზიური ფაროსანით გამოწვეულმა პრობლემებმა. ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვან პროექტებს ჩაეყარა საფუძველი - ანაკლიის პორტი, ბოტანიკური ბაღი, თეატრი, გზები, ხიდ-ბოგირები, სანიაღვრე არხები და ა. შ. მაგრამ აქაც არის გამოწვევა - ქალაქის გზების ავარიული მდგომარეობა, რაც განაპირობა წყლის და წყალარინების სისტემის მოწყობამ. თუმცა, მომავალი წლიდან, მუნიციპალიტეტი გეგმავს მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარებას ამ პრობლემის მოსაგვარებლად“, - გვითხრა წოწერიამ.

მან ასევე ხაზი გაუსვა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებსაც და დასძინა, რომ ზუგდიდში, მთელი ქვეყნის მსგავსად, მისი თქმით, არჩევნები დემოკრატიული პრინციპების დაცვით ჩატარდა და „შეიქმნა პრეცედენტი, რომ დამოუკიდებელი კანდიდატი, ქალი გახდა პრეზიდენტი“.

სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებისგან განსხვავებით, მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე არ საუბრობენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. „ევროპული საქართველოს“ წევრი ბათლომე შელია მმართველი გუნდის შეცდომებზე ამახვილებს ყურადღებას.

alt

„2018 პოლიტიკურად ძალიან დატვირთული იყო. პირველ ნახევარში ჩვენ ვიხილეთ ქალაქის და რაიონის გაერთიანების პროცესი, სადაც ხელისუფლებამ გადააბიჯა საკუთარ დაპირებას (გაერთიანების შემთხვევაში კადრების ოპტიმიზაციით თანხების დაზოგვაზე) და გაერთიანების ერთადერთი, უსუსური არგუმენტიც ფეხქვეშ გათელა კადრების კიდევ უფრო გაზრდით და ააიპ-ებში „ქართული ოცნების’ აქტივისტების დასაქმებით... წლის მეორე ნახევარში მთავარი პოლიტიკური მოვლენა იყო საპრეზიდენტო არჩევნები, პირველ ტურში მოსახლეობის ლოგიკური პასუხი ხელისუფლების უუნარობას და ვაბანკზე წასული ბიძინა ივანიშვილი მეორე ტურში, ამომრჩეველზე ტოტალური ზეწოლით და ამ გზით არჩევნების მის სასარგებლოდ დასრულებით... მოკლედ თუ შევაფასებთ, ეს იყო მთავარი ამ წელს და სამწუხაროდ ქვეყანამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა უკან, 90-იანებისკენ“, - გვითხრა შელიამ.

მწვავეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის ანა წითლიძის შეფასებებიც. ის მიიჩნევს, რომ ეს წელი არცერთ სფეროში წარმატებული არ იყო. წითლიძე ასევე ხაზს უსვამს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს.

alt

„სამწუხაროდ,2018 წელი ზუგდიდისთვის ვერც ერთ სფეროში ვერ იყო წარმატებული. ეს ჯერ კიდევ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტიდან ჩანდა, როდესაც ზუგდიდის ბიუჯეტის ნახევარზე მეტი ხელფასებში დაიხარჯა. მეორე ნახევარი კი ისევ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების მოგებულ ტენდერებზე. 2018 წელი გამორჩეული იყო პოლიტიკური სკანდალითაც, როცა კორუფციაზე დააკავეს არჩეული მერი, ვიცე მერი და პასუხისგებაში მისცეს ყოფილი გუბერნატორი. ვერ მოგვარდა ვერც ერთი მნიშვნელოვანი პრობლება მუნიციპალიტეტში, ვერ დასრულდა გზებია რეაბილიტაცია და ზუგდიდელებს დღესაც გადათხრილ გზებზე უწევთ სიარული, არანაირი ხელშესახები მიღწევა განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საკითხებში, რაზეც ათასობით ლარი იხარჯება, არ არსებობს. გაზრდილი ხელფასების ფონზე 2018 წლის ბიუჯეტში დააკლეს სოციალ და ჯანდაცვის პროგრამებს. მოკლედ, 2018 წელი არ ყოფილა ზუგდიდელების კეთილდღეობის წელი, ეს იყო მხოლოდ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებისთვის წარმატებული წელი და მთავარი, 2018 წელს იყო არჩევნები, რომელზეც ზუგდიდელებმა უარი უთხრეს ხელისუფლებას“, -ასეთი იყო წითლიძის შეფასება.

ჩვენ 2018 წლის მნიშვნელოვანი მოვლენების გახსენება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი არჩილ თოდუა მიიჩნევს, რომ ყველაზე უარყოფითი ამბავი ზუგდიდის მერიის ე.წ. კორუფციული სკანდალი იყო. დადებითად კი რამდენიმე საკითხს აფასებს, მათ შორის, პარკირების თემაზე საკრებულოს მუშაობას TI-ის ჩართულობით. აქვე თოდუამ ორგანიზაციის მიერ გამოვლენილი პრობლემებიც გაიხსენა, რომელთა ნაწილის მოგვარების პირობა მერიამ უკვე დადო.

alt

„ასევე წარმატებული გამოდგა ზუგდიდის საკრებულოსთან თანამშრომლობა ავტომობილების პარკირების წესების დახვწის მიზნით, საკრებულომ შესაბამის დადგენილებაში ჩვენი ორგანიზაციის მიერ მომზადებული თითქმის ყველა რეკომენდაია ასახა, რაც ქმნის სამართლებრივ საფუძველს იმისა, რომ პარკირების სისტემის ეს მხარე სრულად იყოს კანონთან შესაბამისობაში. კარგი იყო ის, რომ საკრებულომ მიიღო პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა და წესი, მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე კი ახლა ბევრად მეტი ინფორმაციაა ხელმისწვდომი, ვიდრე უწინ. ყველაზე პრობლემატური კი ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის კორუფციული სკანდალია. ჩვენმა ორგანიზაციამ გამოავლინა ფაქტები, თუ როგორ იგებდა მერიის ტენდერებს ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ლაშა ჯაიანის ყოფილი კომპანია. ბატონი ჯაიანი გადადგა თანამდებობიდან. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ზუგდიდის საკრებულომ ეფექტურად შეასრულოს მერიის მაკონტროლებელი ორგანოს ფუნქცია, იზრუნოს შესაძლო კორფციული გარიგებებისა თუ ინტერესთა კონფლიქტების გამოვლენაზე, რაც გაზრდის როგორც საკრებულოს როლს თვითმმართველობის ფუნქციონირებაში, ასევე გააუმჯობესებს მერიის ანგარიშვალდებულების დონესა და მისი საქმიანობის ეფექტურობას. პრობლემას წარმოადგენდა საარჩევნოდ საჯარო მოხელეთა მასობრივი მობილიზების ფაქტები, ასევე ის დარღვევები, რომლებიც უშუალოდ არჩევნების დღეს ჩვენი თუ სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ იქნა გამოვლენილი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელზეც ჩვენი ორგანიზაცია წლებია საუბრობს, ეს არის მერიის აააიპ-ებისა და შპს-ების დაფინანსების საკითხი, რაზეც ბიუჯეტის დიდი ნაწილი მოდის. კარგია, რომ ზუგდიდის საკრებულომ გამოთქვა მზაობა დაიწყოს მუშაობა ააიპ-ების და შპს-ების ოპტიმიზაციასა და ზოგადად ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზე. ჩვენ აქტიურად ჩავერთვებით ამ პროცესში და ვიმედოვნებთ, რომ შემდეგი წლისთვის მუნიციპალიტეტის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ადგილობრივი პრობლემებისა და საჭიროებების გადაწყვეტა იქნება“, - გვითხრა თოდუამ.

რამდენიმე თემაზე გაამახვილა ყურადღება საიას ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკადუამ. ზემოთ დასახელებულ თემებს მან გარევაჭრობისა და აზიური ფაროსანას მოუგვარებელი პრობლემები დაუმატა.

alt

„2018 წელს ზუგდიდში მცხოვრები მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხები იყო საგზაო ინფრასტრუქტურა, გარევაჭრობა, პარკირება, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები, მიუსაფარი ძაღლები და ა.შ. ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია რომლის დარეგულირებას ზუგდიდში მცხოვრები პირები წლებია ითხოვენ. მიმდინარე წლის ბოლოს და 2019 წელს ქალაქი კვლავ ხვდება მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურით. საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად გარე ვაჭრობა კვლავ პრობლემად რჩება, ისევე როგორც მიუსაფარი ძაღლების საკითხი ქალაქში. უნდა აღინიშნოს, რომ პარკირების პრობლემის მოგვარების მიზნით აქტიური ნაბიჯები გადადგა საკრებულომ. აგრეთვე აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისთვის მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა, რაც ასევე დადებითად უნდა შეფასდეს“, - ასე თვლის ჯემალ ჭკადუა.

ასეთი მრავალფეროვანი და განსხვავებული შეფასებები მოვისმინეთ პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან, თუმცა, ჯერჯერობით, 2018 წელი პოლიტიკური ცხოვრებისთვისაც დასრულებული არ არის. წლის ბოლო დღეს, 31 დეკემბერს მუნიციპალიტეტის საკრებულო ზუგდიდის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს განიხილავს. სწორედ 31-ში გავიგებთ, დაამტკიცებს თუ არა საკრებულო ბიუჯეტს და როგორი იქნება ის.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.