ზუგდიდში ბოლო პერიოდის განმავლობაში ტექნიკის რამდენიმე მაღაზია დაიხურა, რასაც სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლები ახალ საბანკო რეგულაციებს
და მყიდველის ნაკლებობას უკავშირებენ. ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო კომპანიის „მეგამოლის“ მარკეტინგის დირექტორმა გვანცა გოცირიძემ რადიო
„ათინათს“ უთხრა, რომ მაღაზიამ ბოლო სამი თვის განმავლობაში საგრძნობლად იზარალა, თუმცა ის კონკრეტულ ციფრებზე ვერ საუბრობს. ამავე პერიოდში, ზუგდიდში სავაჭრო ობიექტების დახურვის შედეგად 50-მდე ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა.
„რეგულაციების შემდეგ დავკეტეთ მაღაზია, შეჩერდა და ერთი მესამედით დაიკლო რეალიზაციამ. ეს არის ის, რაც სჭირდებოდა მაღაზიას იმისთვის, რომ მინიმუმ, თავი მაინც შეენახა, მოგებაზე არ ვსაუბრობ. ამიტომ კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზუგდიდში დაგვეკეტა ობიექტი და შეგვენარჩუნებინა თბილისში მანამ, სანამ სიტუაცია დასტაბილურდება. ყველა ობიექტი დამოკიდებულია განვადებებზე და ეს, რა თქმა უნდა, არ იყო საკმარისი”, - აღნიშნა გოცირიძემ.
ტექნიკა უკვე გაიტანეს ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „ტექნო ბუმიდან“. სავაჭრო ობიექტის დირექტორის, ეთერ ქოქოლაძის ინფორმაციით, მომხმარებლების ნაკლებობა საბანკო რეგულაციებს უკავშირდება, რადგან, მისი თქმით, მყიდველების დიდი ნაწილის საქონლის შეძენას მხოლოდ განვადებით ახერხებდა. მან განმარტა, რომ განვადებების დამტკიცება 2018 წლის გაზაფხულიდან 40%, ხოლო 2019 წლის იანვრიდან 70-80% ით შემცირდა.
პრობლემებზე საუბრობს „სმაილის“ დირექტორი ზურაბ ჩქოფოიაც. მან გვითხრა, რომ ბოლო თვეების განმვალობაში ობიექტის მეპატრონემ 40 000 ლარით იზარალა.
„მაღაზიის დაკეტვის გადაწყვეტილება მივიღეთ იმის გამო, რომ არ მტკიცდებოდა განვადებები და მაღაზიამ იზარალა. ტექნიკის ნაწილზე გამოვაცხადეთ ლიკვიდაცია, ნაწილი მომწოდებლებმა დაიბრუნეს“, - თქვა მან.
პრობლემები შეექმნა ტექნიკის მაღაზიების ნაწილს, თუმცა ისინი მუშაობას აგრძელებენ.
„არ ვიხურებით, თუმცა, რა თქმა უნდა, არ გვაქვს კარგი ვითარება. ჩვენც გვიჭირს, არ მტკიცდება განვადებები. ბანკებს დაუწესდებათ შეზღუდვა სესხის გაცემის პოლიტიკასთან დაკავშირებით – მათ მოუწევთ უფრო მკაცრად შეაფასონ მომხმარებლის (სესხის მსურველის) გადახდისუნარიანობა და სესხების გაცემის პოლიტიკა გაამკაცრონ”, - გვითხრეს ტექნიკის მაღაზიის მფლობელებმა.
ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე მიიჩნევს, რომ რეგულაციები საქართველოსთვის ზედმეტად მკაცრია და ისინი ნეგატიურად აისახება ეკონომიის ზრდაზე . კეპულაძის განმარტებით, მოსახლეობის დიდი ნაწილი დღეს სესხის მოთხოვნით არაფორმალურ სექტორს მიმართავს.
„რეგიონებში ძალიან ბევრი ადამიანი არის თვითდასაქმებული და ვერ ახერხებს საკუთარი შემოსავლების დაფიქსირებას, შესაბამისად, ბანკი უარს ეუბნება სესხზე და სწორედ ამან წარმოშვა პრობლემები. ჭარბვალიანობის ძირითადი პრობლემა მოდიოდა ონლაინ სესხებიდან, ისინი ყოველგვარი ფინანსური შესწავლის გარეშე გასცემდნენ სესხებს“, - გვითხრა კეპულაძემ.
ექსპერტის აზრით, თუ ეს რეგულაციები უარყოფითად აისახება მოსახლეობაზე, შემდეგ ეკონომიკაზე და შემოუბრუნდება სახელმწიფოს, სავარაუდოდ, მთავრობას მოუწევს მათი გადახედვა.
რეგულაციის აუცილებლობაზე საუბრობს ეკონომიკის დოქტორი რატი აბულაძე. მისი თქმით, ეს არის ჯანსაღი და ეფექტური პროცესი, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ შემოსავლები პირდაპირპროპორციული უნდა იყოს მიმდინარე პროცესების. მისივე განმარტებით, მოსახლეობისთვის ეს პროცესი მტკივნეულია, რადგან მათი ისედაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გაღრმავდა. ექსპერტი თვლის, რომ სახელმწიფომ ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს.
„რეგულაციები საჭიროა იმისთვის, რომ საფინანსო სექტორი გარკვეულ ჩარჩოში მოაქციოს. არც იმის თქმა შეიძლება, რომ რეგულაციები არ ვარგა, მაგრამ ასევე უნდა გავითვალისწინოთ ფინანსური ფონი. მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არის მძიმე, მათი შემოსავლები არის დაბალი და პრობლემა, რომელიც ჰქონდათ უფრო გაღრმავდა. ეს არის მთლიანი საზოგადოების პრობლემა. ამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია ადამიანური რესურსის სწორად დაკომპლექტებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ სულ ვისაუბრებთ ამ პრობლემაზე“, - ამბობს რატი აბულაძე.
თავის მხრივ ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ამ რეგულაციის პრაქტიკაში დანერგვას ყურადღებით აკვირდებიან და საჭიროების შესაბამისად შესაძლოა მოხდეს დოკუმენტის კორექტირება. ამავე ინფორმაციით, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპი, ის, რომ სესხი გადახდისუნარიანობის შემოწმების გარეშე არ უნდა გაიცეს, არ შეიცვლება. ეროვნული ბანკის გათვლებით, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ჭარბი საკრედიტო ტვირთი და გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთი შემცირდებაც, რაც ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს.
„ვფიქრობთ, ჯერ ძალიან მცირე დროა გასული იმისთვის, რომ შედეგებზე ვისაუბროთ. თუმცა, მიმდინარე მონაცემებიდან ვხედავთ, რომ ამ პერიოდში გაცემული სესხების სტანდარტები გაუმჯობესებულია და შემცირებულია იმ სესხების წილი, რომელიც მომხმარებელს ვალაუვალ მდგომარეობაში აყენებს. ასევე, როდესაც ხდება სესხების გადახდისუნარიანობის შეფასება და სესხი სასურველ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, ის უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთით გაიცემა, რაც მსესხებლისთვის უთუოდ დადებითი მომენტია. ნებისმიერი ცვლილება ბიზნეს მოდელის გადაწყობას საჭიროებს და ამჟამად, სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს. თუმცა, როდესაც ეკონომიკის ზრდაზე ვსაუბრობთ, სრულ სურათს უნდა შევხედოთ და საბოლოო დასკვნების გამოტანა მხოლოდ საშუალო და გრძელვადიან პერიოდშია შესაძლებელი. ასევე, ინფორმაციისთვის, იმავე უძრავი ქონების ბაზარს თუ შევხედავთ, საჯარო რეესტრის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ყიდვა-გაყიდვის ტრანზაქციების რაოდენობა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ოდნავ გაზრდილიცაა. ამასთან, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, ზოგადად, ნებისმიერი კომპანიის ბიზნეს მოდელი უნდა ეფუძნებოდეს მდგრად და პასუხისმგებლიან პრინციპებს და არ უნდა იყოს გათვლილი მოსახლეობის მდგომარეობის გაუარესებაზე. საქართველოს ეროვნული ბანკს გააჩნია არაერთი მაკროპრუდენციული ინსტრუმენტი, რომელთა ცვლილებასაც ის განიხილავს, როგორც მაკროეკონომიკური, ისე ფინანსური ტენდენციების გათვალისწინებით“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
საქართველოს ეროვნული ბანკის დებულება „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ“, რომლითაც სესხის გამცემ ყველა ორგანიზაციას მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასება დაევალა, 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. დებულების მიზანია საქართველოს საფინანსო სისტემის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობა და ჯანსაღი დაკრედიტების წახალისება. დებულებით განსაზღვრული რეგულაციები სავალდებულოა, როგორც კომერციული ბანკებისთვის, ისე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, საკრედიტო კავშირებისა და სესხის გამცემი სუბიექტებისთვის.
მასალის გამოყენების პირობები