„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის სამეგრელოში ვიზიტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
ძველ ხიბულასა და ზუგდიდში ივანიშვილის ჩამოსვლას განსხვავებულად აფასებენ პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ჯერ
ძველ ხიბულაში პრეზიდენტ გამსახურდიას გარდაცვალების ადგილას მოსახლეობისთვის დაპირებების მიცემა, შემდეგ კი ზუგდიდში
ეკლესიის მშენებლობაში ფულის ჩადების შესახებ გაკეთებული განცხადება, ერთის მხრივ, ზვიად გამსახურდიას მომხრეების გულის მოგებას, მეორეს მხრივ კი, ზუგდიდის მერის მოახლოებულ რიგგარეშე არჩევნებს უკავშირდება.
რადიო
„ათინათი“ დაინტერესდა, რას ფიქრობენ აღნიშნული საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციები.
ფორმალურად და ვიწრო სამართლებრივი თვალსაზრისით, რამდენიმე გარემოებიდან გამომდინარე, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაზე ოფიციალურად არ საუბრობს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის სააგენტოს“ აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე, თუმცა მიიჩნევს, რომ შინაარსობრივად ივანიშვილის მიერ ხიბულასა და ზუგდიდში გაკეთებული განცხადებები ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს. ბენიძე განმარტავს, რომ ივანიშვილის სამეგრელოში ვიზიტის ირგვლივ რამდენიმე გარემოებაა მნიშვნელოვანი.
„ის, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარე მონაწილეობდეს საარჩევნო აგიტაციაში, დარღვევა და უკანონობა, რა თქმა უნდა, არ არის, თუმცა, საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები, რატომ დაემთხვა რიგგარეშე არჩევნების მოახლოებას მისი ჩასვლა რეგიონში. ხიბულას ამბავი და ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებასთან დაკავშირებული განცხადებები მნიშვნელოვანია ზუგდიდისთვისაც, თუმცა, ამაშიც არ არის პრობლემა. აქ შეიძლება სხვა, მაგალითად, მორალური კუთხით, დაისვას კითხვები. რაც შეეხება ხიბულაში ივანიშვილის ნათქვამს, რომ რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტს განახორციელებს, თუ ეს მოხდება საარჩევნო პერიოდში ისე, რომ მუნიციპალურ ან ცენტრალურ ბიუჯეტში არ იყო აქამდე გათვალისწინებული, ან, როგორც თავად თქვა, ის გაიღებს სახსრებს, ამ შემთხვევაში, ცხადია იქნება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ან ამომრჩევლის მოსყიდვის შემთხვევა, რადგან საქველმოქმედო ორგანიზაციებს ეკრძალებათ აგიტაციაში მონაწილეობა. ზუგდიდის ეკლესიის შემთხვევაში შეიძლება იკვეთებოდეს მოსყიდვის ნიშნები, თუ გარემოებად მივიღებთ იმას, რომ ეს ვიზიტი არსით წარმოადგენდა ზუგდიდში არჩევნების თანმდევ პროცესს. ამ ყველაფერში გასათვალისწინებელია ისიც, რომ, როდესაც ეს განცხადებები გაკეთდა, არჩევნების თარიღი ოფიციალურად დანიშნული არ იყო. ამ გარემოებების გათვალისწინებით, ვიწრო სამართლებრივი მიდგომით და ფორმალურად რთული იქნება ოფიციალურად დარღვევაზე ვისაუბროთ, მაგრამ არსით, შინაარსობრივად შეიცავს ამომრჩევლის მოსყიდვისა და გულის მოგების ნიშნებს“, - გვითხრა ბენიძემ.
მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთგვარ გაფრთხილებად მიიღონ პოლიტიკურმა პარტიებმა. ბენიძე ამბობს, რომ თუ საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე სამართლებრივი რეაგირების ბერკეტი მსგავს შემთხვევებზე არ არსებობს, მას შემდეგ, რაც თარიღი დაინიშნა, შესაძლებელი იქნება ფაქტების კვალიფიკაცია.
„აუცილებელია, რომ უახლოესი, დაახლოებით, თვენახევრის განმავლობაში საარჩევნო გარემოს თანასწორობას არ შეექმნას საფრთხე ფინანსური შეთავაზებებით, რადგან ფულის გავლენა ამომრჩევლის ნებასა და საარჩევნო პროცესში იყოს მაქსიმალურად ნაკლები. არ უნდა ხდებოდეს მოსყიდვა, არამედ, ამომრჩეველი თავისუფლად აკეთებდეს არჩევანს“, -დასძინა მიხეილ ბენიძემ.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მიიჩნევს, რომ ხიბულაში ბიძინა ივანიშვილის ვიზიტს ზუგდიდის მერის არჩევნებთან არავითარი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს. რაც შეეხება ზუგდიდში, ივერიის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში სტუმრობას, არჩევნებთან პირდაპირი კავშირი აქაც არ იკვეთება, თუმცა, საია-ს შეფასებით, კითხვის ნიშნები ჩნდება.
„პირველ რიგში, როცა ივანიშვილი ხიბულაში იმყოფებოდა, არჩევნების თარიღი დანიშნულიც არ ყოფილა, ამასთან ხიბულა არის არა ზუგდიდის, არამედ, ხობის მუნიციპალიტეტი. გარდა ამისა, მოახლოებული იყო გამსახურდიას 80 წლის იუბილე. ზუგდიდში მისი ვიზიტი და ეკლესიის მშენებლობაში დახმარება კი, ძნელი სათქმელია, რამდენად შეიძლება იყოს ამომრჩევლის ნებასთან პირდაპირ კავშირში. მართალია, ეკლესიაში მრევლი დადის და შესაძლოა, ამან იმოქმედოს მის განწყობაზე, თუმცა, პირდაპირ, წინასაარჩევნო დაინტერესებას ჩვენ არ ვერ ვხედავთ. ამის მიუხედავად, ცხადია, ჩნდება კითხვის ნიშნები, რადგან პოლიტიკური პარტიის ლიდერი მაშინ ინტერესდება იმ ქალაქში ტაძრის მშენებლობით, როცა ვიცით, რომ არჩევნები მაისში იმართება“, - უთხრა რადიო
„ათინათს“ საია-ს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკადუამ.
იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის სამეგრელოში ვიზიტი, შესაძლოა, წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდებოდეს, კატეგორიულად უარყოფენ მმართველ გუნდში. ზვიად გამსახურდიას იუბილეზე ზუგდიდში ჩამოსულმა
შს მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ ივანიშვილს სამეგრელოსთვის ბევრი კარგი გაუკეთებია და მომავალშიც იმავეს აპირებს. არჩევნებს არ უკავშირებს ეკლესიის აშენებაში დახმარებასა და თანხის გამოყოფას
მეუფე გერასიმე და ამბობს, რომ შემოწირულობის გაღება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.
ბიძინა ივანიშვილი სოფელ ძველ ხიბულაში 29 მარტს ჩავიდა, ზუგდიდში კი 30 მარტს იმყოფებოდა. მისი ვიზიტის შესახებ მედია დაუწყებული არ ყოფილა. ვიდეოები კი ივანიშვილის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.
მასალის გამოყენების პირობები