მესტიის მუნიციპალიტეტში, იფარის თემის სოფელ ბოგრეშში არქეოლოგიურმა ექსპედიციამ VIII-VI საუკუნეების ნამოსახლარი აღმოაჩინა.
როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის სვანეთის ექსპედიციის ხელმძღვანელმა პროფესორმა ზვიად კვიციანმა რადიო
„ათინათს“ უთხრა, ვარაუდი მიმდინარე წლის ივლისში ნაპოვნმა კერამიკამ, ორნამენტებმა და დამუშავების ტექნიკამ დაადასტურა.
„1979 წელს მესტია-უშგულის საავტომობილო გზის გაფართოების დროს აღმოჩნდა გატეხილი კერამიკული ჭურჭელი მასში არსებული არტეფაქტებით. იქ იყო ბრინჯაოს სამაჯურები, შუბის პირები, მძივები და ა.შ. 1979 წლის შემდეგ იქ არ ჩატარებულა არც სადაზვერვო და არც სტაციონარული არქეოლოგიური გათხრები. 2004 წელს კი იქ ჩამომავალმა ადიდებულმა ღელემ წამოიღო ძეგლის პატარა ნაწილი. ღელეში 2004 წელს წამოღებული ანაკრეფი მასალა თარიღდება გვიანი ბრინჯაოს ხანით. შემდეგ 2011 წელს ჩავატარეთ მცირე სადაზვერვო ჭრილები. 2012 წელს ჩვენ უკვე გვქონდა სტაციონალური გათხრები. რომ დაგვედასტურებინა, ძეგლის ხასიათი და ფუნქცია, ამიტომ დავიწყეთ 2012 წელს გათხრები. ამ სამუშაოებმა აჩვენა, რომ აქ არის სამაროვანი მაგრამ არა ბრინჯაოს ხანის არამედ, შუა საუკუნეების ხანის. ეს იყო ზედა ფენა, სამაროვანთან ერთად აგრეთვე დადასტურდა ნაეკლესიარი, გამოჩნდა ეკლესიის კედელი.რაც შეეხება ქვედა ფენას, ამ პირველი ფენის აღების შემდეგ დავუღრმავდით და გამოჩნდა ნამოსახლარი, ეს არის ძვ.წ. VIII-VII-VI საუკუნეები. ამის შემდეგ უკვე წელს 2019-ში ჩვენ გავაფართოვეთ ძეგლი აღმოსავლეთ, დასავლეთ მხარეს და ა.შ. ამ გათხრების შედეგად დამტკიცდა ის, რასაც ვამბობდი 2012 წელს. იქ არის შემორჩენილი ქვის კედელი, ბათქაში, ალიზი გამომწვარი, არის ხის ძელები, არის ასევე გადასახური მასალა, ფიქალისგან გაკეთებული, ამრიგად სტრატიგრაფიამ -ჭრილებმა აჩვენა რომ ეს არის მრავალფენიანი, სამ ეტაპიანი ძეგლი, მესამე, გვიანი ბრინჯაოს ხანა, რომელიც სამწუხაროდ ღელეს ადიდების შედეგად არის ნაწილობრივ წაღებული, ნაწილი კიდე საავტომობილო გზის გასწორების დროს. ეს ძეგლი განსაკუთრებით დააზიანა სამშენებლო სამუშაოებმა. მაშინ დაზიანდა მნიშვნელოვანი აღმოჩენები, სამარხები“, - გვითხრა კვიციანმა.
გარდა ამისა, კვიციანის ინფორმაციით, გათხრების შედეგად წყალსადენიც დადასტურდა, რომელიც კირხნარისგან იყო გაკეთებული და ფიქალის ქვებით გადახურული.
მისი შეფასებით, აღნიშნული ძეგლი კავკასიაში ერთ-ერთი განსაკუთრებული მნიშვნელობის ნამოსახლარია ჩრდილო და ამიერკავკასიის კოლხურ-ყობანური კულტურის მიმართებაში.
ზვიად კვიციანი ამბობს, რომ ძეგლის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აღნიშნულ ადგილზე შემდგომი კვლევების ჩატარებაც მნიშვნელოვანია.
ფოტო: ზვიად კვიციანი
მასალის გამოყენების პირობები