რუხი მოლში დღეის მდგომარეობით, მხოლოდ „თეგეტა მოტორსი“, „გორგია“, ერთი კვების ობიექტი, საცხობი და ორი სუპერმარკეტი მუშაობს.
სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე განთავსებული ავეჯის, ტექნიკის, საცალო და საბითუმო მაღაზიები, ჰიპერმარკეტი „ლიბრე“, ღია ტიპის ბაზარი, „საქართველოს ფოსტა“ და აფთიაქი არ ფუნქციონირებს. სავაჭრო ობიექტების დახურვის მიზეზად ადგილზე მომუშავეები ენგურის ხიდზე შეფერხებულ მიმოსვლას ასახელებენ.
სწრაფი კვების ობიექტ „ივერიაში“ გვითხრეს, რომ საკვებს მხოლოდ „გორგიასა“ და „თეგეტა მოტორსის“ თანამშრომლებისთვის ამზადებენ. ამბობენ, რომ ადგილობრივი ან ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულები აქ იშვიათად შემოდიან. ხათუნა როგავა, რომელიც ობიექტში ორი თვეა მუშაობს, გვიყვება, რომ 60 ადამიანს ხელშეკრულების საფუძველზე ემსახურებიან.
„როგორც ადრე მოძრაობდნენ აფხაზეთიდან, ისე რომ იყოს, კარგი მუშაობა იქნებოდა. ამბობენ გადასვლას "გორგიაც" აპირებსო. ეს ასე თუ მოხდა ძალიან ცუდი იქნება, პირადად მე ალბათ დავხურავ კვების ობიექტს“, - თქვა ხათუნა როგავამ.
„გორგიაში“ ამბობენ, რომ რუხი მოლის ტერიტორიის დატოვებას არ გეგმავენ.
საკონდიტროში, რომელიც რუხი მოლის ტერიტორიაზე სამი წელია მუშაობს, ამბობენ რომ მათთვის ტერიტორია ხელსაყრელია და არც პროდუქციის გასაღება უჭირთ.
„ჩვენ ვაწვდით სხვადასხვა მაღაზიებს აქ წარმოებულ პროდუქტს და ადგილზეც ვყიდით. არ ვიცით სხვა მაღაზიების ამბავი. ჩვენ სამი წელია შეუფერხებლად ვმუშაობთ“, - გვითხრეს საკონდიტროში.
რუხი მოლის ტერიტორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზეა. ჩვენს კითხვაზე თუ რას აპირებს სახელმწიფო სავაჭრო ცენტრის გასააქტიურებლად, სამინისტროში გვიპასუხეს, რომ დამატებითი ინფორმაციისთვის საპარტნიორო ფონდისა და მოიჯარეებისთვის მიგვემართა.
„რუხის სავაჭრო კომპლექსის უშუალო საქმიანობა ხორციელდება იმ კონტრაქტებით, რომლებიც არსებობს კომპლექსის მმართველ კომპანიასა და მოიჯარეებს შორის და აგრეთვე საპარტნიორო ფონდის შესახებ კანონით. ამდენად, დამატებითი ინფორმაციის შესახებ, გთხოვთ, მიმართოთ აღნიშნულ ორგანიზაციას“, - აცხადებენ უწყებაში.
თავის მხრივ, რუხის სავაჭრო ცენტრის დირექტორი დავით მაჭავარიანი მაღაზიების ნაწილის დახურვის მთავარ მიზეზად ენგურის ხიდზე მოსახლეობის შეფერხებულ მიმოსვლას ასახელებს. მისივე თქმით, მოლის გააქტიურება იგეგმება და თუმცა ის დეტალური ინფორმაციის გაჟღერებისგან თავს იკავებს.
„კონკრეტული გეგმები შესახებ საზოგადოებისთვის მიმდინარე თვის ბოლოს გახდება ცნობილი. არის მოლაპარაკებები სხვადასხვა ორგანიზაციებთან. იგეგმება საინტერესო პროექტის პრეზენტაცია და ეს აუცილებლად გახდება ცნობილი მიმდინარე თვეს. ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით“, - თქვა დავით მაჭავარიანმა.
რადიო
„ათინათის“ ინფორმაციით, რუხი მოლის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის გახსნა იგეგმება. ცენტრის გახსნა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დააანონსა.
რუხის სავაჭრო ცენტრის სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის სექტემბერში დაიწყო და 2016 წლის იანვარში დასრულდა. აქ 1000-მდე მუდმივი სამუშაო ადგილი უნდა ყოფილიყო.
პროექტის ღირებულება 15 მილიონ ლარამდეა. ცენტრის მშენებლობა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა საპარტნიორო ფონდის მიერ განხორციელდა.
მასალის გამოყენების პირობები