მუნიციპალური განვითარების ფონდი ზუგდიდის სტადიონის მშენებლობისათვის არსებულ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ცვლილებების შესატანად
ტენდერის გამოცხადებას გეგმავს. მგფ-ის მიერ გამოქვეყნებულ შესაბამის
დოკუმენტაციაში წერია, რომ სტადიონის მოდერნიზაცია თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად უნდა მოხდეს.
„სახელმწიფო სახსრების ეკონომიური ხარჯვის მიზნით, მიმწოდებელი ვალდებულია მაქსიმალურად დაეყრდნოს ზუგდიდის სტადიონის მშენებლობის არსებულ პროექტს, ასევე გაითვალისწინოს ლევან სამხარაულის სახელობის საექსპერტო ბიუროს მიერ მოწოდებული დასკვნა. ჩაატაროს განხორციელებული მშენებლობის დროს მოწყობილი ნაგებობების დამატებითი კვლევები და მოამზადოს აღნიშნულ კვლევებზე დაყრდნობით შემუშავებული პროექტი, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება ფეხბურთის ფედერაციის მოთხოვნებთან და იქნება ახალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. საპროექტო დოკუმენტაცია დამუშავებული უნდა იყოს, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.
როგორც ირკვევა, მშენებლობა, რომელიც უკვე დასრულებული უნდა იყოს (მშენებლობის მეორე ეტაპის სატენდერო დოკუმენტების მიხედვით) გრძელდება და ამ ეტაპისთვის აშენებულია ოთხივე ტრიბუნა, დამონტაჟებულია სკამები, ცენტრალური (დასავლეთი) ტრიბუნის ქვეშ მოწყობილია გასახდელები, მსაჯების ოთახები, სველი წერტილები და ა.შ. დარჩენილი სამუშაოები კი სალაროებისთვის დამხმარე შენობა-ნაგებობების მშენებლობას და შ.შ.მ პირებისთვის სტადიონის ადაპტირებას მოიცავს.
რაც შეეხება სათადარიგო სტადიონს, დოკუმენტის მიხედვით, მოწყობილია ტრიბუნის საძირკველი. საპროექტო ორგანიზაციამ კი უნდა მოამზადოს ხელოვნურსაფარიანი სათადარიგო სტადიონის დეტალური პროექტი. სასურველია, ახალი ტრიბუნა არსებულ საძირკველზე მოეწყოს.
ამავე დოკუმენტაციით, გათვალისწინებულია პროექტში ცვლილებების შეტანა ცენტრალური სტადიონის მშენებლობის დასრულებისა და სათადარიგო სტადიონის მშენებლობისთვის, რაც მოიცავს შემდეგ სამუშაოებს:
1. ბუნებრივი და ხელოვნური საფარის მოწყობას;
2. ტრიბუნებისა და სივრცეების მოწყობა და ადაპტაციას;
3. სადრენაჟე სისტემის მოწყობას;
4. შიდა და გარე საინჟინრო კომუნიკაციის მოწყობას;
5. ბუნებრივი და ხელოვნური საფარის მოწყობას;
6. ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებს;
გასაწევი მომსახურება სამ ეტაპად (I ეტაპი - საპროექტო ტერიტორიის კვლევა; ესკიზური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება; II ეტაპი - დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება; III ეტაპი - საავტორო ზედამხედველობა) უნდა განხორციელდეს.
რაც შეეხება შესყიდვის ობიექტების (საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოდერნიზაციის/ადაპტაციის მომსახურება) სავარაუდო ღირებულებასა და მომსახურების გაწევის სრულ ვადას, ტენდერის გამოცხადების შემდეგ გახდება ცნობილი.
რადიო
„ათინათი“ დეტალების გასარკვევად მუნიციპალური განვითარების ფონდს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში გვითხრეს, რომ კითხვებზე პასუხების მისაღებად საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.
რატომ გახდა საჭირო პროექტში, რომლის თანახმადაც, სტადიონი უკვე აშენებული უნდა იყოს, ცვლილებების შეტანა, ან ვინ არის პასუხისმგებელი დაშვებულ შეცდომებსა და ხარვეზებზე, მკითხველს ინფორმაციას მგფ-დან პასუხების მიღების შემდეგ შემოგთავაზებთ.
ზუგდიდის სტადიონის საკითხი ისევ აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მშენებლობის დასრულების ვადების შესახებ კითხვა პარლამენტში სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა დაუსვა. გახარიას განცხადებით, სტადიონის მშენებლობა მაქსიმალურად მჭიდრო ვადებში გაგრძელდება და დასრულდება.
გიორგი გახარიამ თქვა, რომ ეს მთავრობისთვის მტკივნეული საკითხია და შეცდომები ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაუშვა. გახარია მიიჩნევს, რომ საკითხი გამოძიების საგანიც უნდა გახდეს.
პრემიერ-მინისტრის ამ განცხადების პასუხად ზუგდიდის მერიაში ამბობენ, რომ მათ არაერთხელ დააფიქსირეს, რომ იყო ხარვეზი და კორექტირებაზე მიმდინარეობდა მუშაობა.
ინფორმაციისთვის, ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში უეფას მესამე კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა 2016 წლის თებერვალში დაიწყო. მშენებლობის მომდევნო წელს სტადიონზე, სათამაშო მოედანს ბეტონის სარტყელი შემოავლეს, რომლის მორღვევის რეკომენდაცია ფეხბურთის ფედერაციამ ფეხბურთელების უსაფრთხოებიდან გამომდინარე გასცა, რადგან კედლის არსებობის შემთხვევაში სტადიონი უეფას მესამე კატეგორიის სტანდარტებს არ დააკმაყოფილებდა.
სტადიონის დასასრულებლად და სათადარიგო სტადიონის ასაშენებლად ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ამ დრომდე არ დასრულებულა. ბეტონის კედლის მორღვევის ვალდებულება კი მეორე ეტაპზე ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას დაეკისრა.
სტადიონის პროექტის საერთო ღირებულება 20 მილიონი ლარია, სტადიონის პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 9 747 000 ლარი დაიხარჯა, მეორე ეტაპისთვის კი 10 მილიონზე მეტი ლარია გათვალისწინებული. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. სტადიონები და დამხმარე ინფრასტრუქტურა 6,5 ჰექტარ მიწის ფართობს დაიკავებს.
პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები