სტატია
ორი სამშობლო და ორმაგი სიყვარული - ზუგდიდში მცხოვრები ასირიელების ამბავი (ფოტო/ვიდეო)
66 წლის ზუგდიდელი გურამ აშკაშიძე ერთ-ერთია იმ ასირიელთაგან, ვისი წინაპრებიც რუსეთის იმპერიიდან საქართველოში საუკუნეზე მეტი ხნის წინ ჩამოვიდნენ. ემოციების გარეშე საუბარი უჭირს ისტორიულ სამშობლოზე, სადაც რელიგიური თუ ეთნიკური ნიშნით ადამიანებს დღემდე დევნიან. გვიყვება, რომ მისმა ბაბუამ დარმან ასიქსაიამ, რომელიც მანამდე თანამედროვე ერაყისა და სირიის საზღვარზე ცხოვრობდა, 1914-1918 წლებში ჯერ რუსეთს შეაფარა თავი, თუმცა მზესა და სითბოს შეჩვეულმა ჩრდილოეთის მკაცრ კლიმატს ვერ გაუძლო, საქართველოში ჩამოვიდა და გარდაცვალებამდე ამაოდ ელოდა ბათუმი-სტამბოლის გემის გასვლას, რომ სამშობლოში დაბრუნებულიყო.

გურამ აშკაშიძე

„ბაბუა ერაყის ქალაქ ქამისტში ცხოვრობდა, სირიის საზღვართან. თავს, ძირითადად, მესაქონლეობით ირჩენდნენ, ბევრი ღორი და ცხვარი ჰყოლიათ.  საკმაოდ ნოყიერ მიწებზე ცხოვრობდნენ და სხვადასხვა მარცვლოვანი კულტურაც მოჰყავდათ. ვენახიც ჰქონდათ და ღვინოსაც აყენებდნენ. შეძლებულები ყოფილან, არ უჭირდათ. უძველესი ქრისტიანები ვართ, როგორც ვიცი ქრისტე ჩვენს ენაზე საუბრობდა... მერე დაიწყო ასირიელების დევნა. ათასობით კილომეტრი გამოიარეს სირიისა და თურქეთის გავლით. როგორც ბაბუისგან ვიცი, გზაში ძალიან ბევრი დაიხოცა, 20%  მაინც. ოჯახები, ვისაც ბევრი შვილი ჰყავდა, შვილებს თურმე გზად ტოვებდნენ, ყველას გადმოყვანა ვერ შეძლეს. მშობლებს მხრებით მოჰყავდათ პატარები, ჯოჯოხეთის გზა გამოიარეს“, -
გვიყვება გურამ აშკაშიძე.


ბაბუას მონაყოლიდან იცის, რომ ასირიელები რუსეთიდან ჩამოსვლის შემდეგ, ძირითადად, დასავლეთ საქართველოში დასახლებულან. თურქეთის საზღვართან ახლოს ყოფნა სურდათ, რათა პირველივე შესაძლებლობისთანავე სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ. ეს შესაძლებლობა არ დადგა, ნელ-ნელა მათზე პირადობის მოწმობების გაცემაც დაიწყო და ასე გახდნენ ასიქსაიები აშკაშიძეები, ბიცარუები სარულიძეები, ბიტიონანები იონანიძეები და ა.შ.

ზუგდიდელი ასირიელები

„თავდაპირველად, როცა არც ენა იცოდნენ და არც მიწები ჰქონდათ, მათხოვრობდნენ და ასე შოულობდნენ ლუკმა-პურს. შემდეგ ფეხსაცმლის საწმენდი საცხის დამზადება უსწავლიათ და არავის ეთაკილებოდა, რომ ფეხსაცმლის წმენდა დაიწყეს. ერთმანეთისთვის სამუშაო, რომ არ წაერთმიათ სხვადასხვა ქალაქებში გადასახლებულან. ბაბუა ზუგდიდში ჩამოსულა და აქ დარჩა... აგრარულ ბაზართან, სადაც ახლა ვცხოვრობთ, ტყე ყოფილა. ბაბუას გაუწმენდია აქაურობა და ფეხსაცმლის წმენდით შეგროვებული ფულით აუშენებია სახლი. ერთი რამ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, არცერთ ასირიელს საქართველოში თავი უცხოდ არ უგრძნია. მე გავიზარდე ქართველებთან და დღეს ჩემი სამშობლო საქართველოა. ერთად ვთამაშობდით ბურთს, ერთმანეთის სახლში ვჭამდით საჭმელს, ერთად ვიზრდებოდით. არასოდეს თავი დაჩაგრულად არ მიგრძნია, პირიქით ყველას ვუყვარვარ და პატივს მცემს, ისევე როგორც მე მათ“.

იშვიათად მოიძებნება ზუგდიდელი, ვისაც კოპლებიანი საბავშვო ფეხსაცმელი არ ახსოვს. იმ ფეხსაცმელებს გურამ აშკაშიძის სახელოსნოში კერავდნენ, სადაც მას 30-მდე ადგილობრივი ჰყავდა დასაქმებული.

„1985 წელს მივიღეთ პატენტის უფლება, თავდაპირველად საბავშვო "ჩუსტებს" და "ბასანოშკებს" ვკერავდით, კოპლებიანებს. ზუგდიდში 80-იანებში დაბადებულ ყველა ბავშვს ჩვენი შეკერილები ეცვა. შემდეგ უფროსებისთვისაც დავიწყეთ ფეხსაცმელების წარმოება და თურქეთშიც გაგვქონდა, მაგრამ სამოქალაქო ომმა ყველაფერი დაანგრია და შეცვალა. ჩემი შვილები რუსეთში წავიდნენ ემიგრაციაში და უკვე 20 წელზე მეტია მოსკოვში ცხოვრობენ“.

გურამ აშკაშიძესთან ეს ინტერვიუ ონლაინ ჩავწერეთ, რადგან რუსეთში შვილიშვილის ქორწილისთვის გაემგზავრა, პანდემიის გამო კი ჯერჯერობით საქართველოში დაბრუნება ვერ შეძლო.
„შვილებს ვეუბნები, ზამთრის პერიოდში მოვდივარ ხოლმე რამდენიმე კვირით, თუ აქ რამე დამემართა, აუცილებლად საქართველოში, ჩემს ქვეყანაში უნდა წამიყვანოთ-მეთქი. მე აქ (რუსეთში) ვერავინ და ვერაფერი გამაჩერებს. ძალიან განვიცდი, რომ შვილები ემიგრაციაში მყავს“, - გვეუბნება გურამი.

„ჯოჯოხეთურ გზაზე“,  როგორც გურამ აშკაშიძე გვიყვება, ბევრი ოჯახი გაიხლიჩა, ერთმანეთი დაკარგეს და-ძმებმა, ბიძაშვილებმა. ასირიელები ერთმანეთს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დღემდე ეძებენ და პოულობენ. 1989 წლის 25 დეკემბერს ჩიკაგოში შედგა ერთ-ერთი ასეთი მოულოდნელი შეხვედრა, რომელსაც გურამ აშკაშიძე ასე იხსენებს:

„ერთი ჩვენი ახლობელი ჩამოვიდა აშშ-დან და გვითხრა, თქვენი ნათესავები, ამერიკელი ასირიელები გეძებენო და მათი ტელეფონის ნომერი მოგვცა. დავუკავშირდი მათ და იმავე წელს ჩავფრინდით ჩიკაგოში. კათოლიკური შობის დღე იყო და ყველა რესტორანში ყოფილა წასული. ბავშვი დაგვხვდა სახლში, 15 წლის იყო მაშინ, დაურეკა მამამისს და შეატყობინა ჩვენი სტუმრობა. რამდენიმე წუთში 100 კაცი შეგროვდა, ყველა ჩვენი ნათესავი იყო. უნდა გენახათ ის ცრემლები და ის სიხარული... მკვიდრი ბიძაშვილები შევხვდით ერთმანეთს. საქართველოდან მე, მამაჩემი და ჩემი ბიძაშვილი ჩავედით, ეს იყო დიდი სიხარული“.

აშშ-დან საქართველოში აშკაშიძეების ბიძაშვილი მეორე წელს ჩამოვიდა და მას შემდეგ ყოველ ზაფხულს ზუგდიდში დიდი სტუმრიანობა იწყება.

„მამაჩემის ბიძაშვილი პირველად, რომ ჩამოვიდა, გაოცებული დარჩა, ეგონა საშინელ ქვეყანაში და სიღარიბეში ვცხოვრობდით. უკან ჩასულს შვილებს და შვილიშვილებს მოუყვა, თუ როგორი კარგი ქვეყანაა საქართველო... ყოველ წელიწადს ჩამოდიან ჩემთან. შარშან ვერ ჩამოვიდნენ პანდემიის გამო, შარშანწინ კი 6 პარტიად ჩამოვიდნენ და ვუმასპინძლეთ. გვეხვეწებიან, რომ ყველა ერთად წავიდეთ საცხოვრებლად ჩიკაგოში, მაგრამ ჩვენ არ მივდივართ. მე ვერც ჩიკაგოში გავძლებ და ვერც მოსკოვში. ახლა აქ დაბმულივით ვყავარ, ყოველ წუთს მინდა წასვლა, 10 აპრილამდე გადამედო ფრენა, მეტს ვერ გავჩერდები. ზუგდიდში, რომ ჩავალ უნდა ვითევზაო, ჩემპიონი ვარ თევზაობაში, არ გატყუებთ მართლა ჩემპიონი ვარ “.

ამერიკელი ასირიელები - დან და მარგარეტ ხურები შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად

ზუგდიდში 12 ასირიელი ოჯახი ცხოვრობს. ისინი დღემდე ინარჩუნებენ საკუთარ ადათ-წესებს, თუმცა ზოგიერთი მათი ტრადიცია ქართულ ყაიდაზე გადავიდა. ასირიელებისთვის ქორწილი 3 დღეს გრძელდებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ქორწილების გადახდა რესტორნებში დაიწყო ჩვეულების შეცვლა მოუწიათ.

„შაბათ ღამეს სიძე საპატარძლოსთან რჩებოდა სახლში, მას სტუმრების ოთახში უნდა გაეთია ღამე. მეორე დღეს სიძეს ქალი ეკლესიაში მიჰყავდა და ჩვეულებრივ, მართლმადიდებლური წესით იწერდნენ ჯვარს. ამის შემდეგ ორი დღე გრძელდებოდა სუფრა. თუმცა ამ ბოლო დროს ახალგაზრდებს რესტორნები ურჩევნიათ და შეიცვალა ყველაფერი. რაც შეეხება ქელეხს, ზუსტად ისე ვიქცევით, როგორც ამას სამეგრელოში აკეთებენ. ჩვენი რელიგიის მიხედვით მიცვალებულს მესამე დღეს ვასაფლავებდით, მაგრამ შემდეგ მეგრელების წესებზე გადავედით და ცხედარს სახლში 6-7 დღე ვაჩერებთ, თუმცა ახლა ისევ ნელ-ნელა ვუბრუნდებით, როგორც მეგრელები, ქრისტიანულ წესს და ვცდილობთ მიცვალებული სახლში დიდხანს არ გავაჩეროთ“.

ასირიელი ქალი ამზადებს ღომს

ზუგდიდელი ასირიელების სამშობლო საქართველოა, თუმცა ერთი წამით არ შეუწყვეტიათ წინაპრების მიწა-წყალზე ფიქრი. გურამ აშკაშიძეს იმედი აქვს, რომ მომავალი თაობა მაინც შეძლებს ოდესმე დაბრუნდეს იქ, საიდანაც განდევნეს. უფრთხილდებიან და იცავენ თავიანთი სახელმწიფოს სიმბოლიკას - დროშას.

ასურული დროშა

„რას ვაკეთებთ ამისთვის? ყველა ასირიელმა იცის საკუთარი ისტორია და ასურული ენა. სახლში ყველა ჩვენს ენაზე ვსაუბრობთ. ასევე, ერი უნდა გამრავლდეს და ამიტომ ვცდილობთ ოჯახები ისევ ასირიელთან შევქმნათ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს აკრძალული აქვს სხვა ერის შვილზე ქორწინება. გვყავს ქართველი სიძეები და რძლები, ისევე როგორც რუსები თუ ამერიკელები, მეზობლობა და მეგობრობა კი ძალიან კარგი გვაქვს აქაურებთან“.

რინოზ კაკაჩია ასეთი მეზობლობის მაგალითია. კაკაჩიებს ასურული ენა შესანიშნავად ესმით და საუბარსაც ახერხებენ. რინოზ კაკაჩიას არც კი ახსოვს, როგორ ისწავლა მეზობლის მშობლიური ენა. ამბობს, რომ ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ და ეს თავისთავად მოხდა.

რინოზ კაკაჩია

„თუ ერთი სიკეთე გაუკეთე ასირიელ ადამიანს, არა თუ ის, არამედ მისი შვილიშვილებიც კი ცდილობენ, სიკეთე ათმაგად დაგიბრუნონ. მე ჩემმა მშობლებმა შემაყვარეს ეს ხალხი და მეც ვალდებული ვარ, ეს ერთობა ჩემს შვილებს ვასწავლო. ბევრი ქართველი საუბრობს ასურულად. ჩვენს სამეზობლოში ცხოვრობს აფხაზეთიდან დევნილი კაცი. შემთხვევით მოხვდა თურმე ასირიელების სუფრაზე და არ უჯერებდნენ, რომ ასირიელი არ იყო, იმდენად კარგად საუბრობს მათ ენაზე. მეც ბავშვობაში ვისწავლე, გურამ აშკაშიძე ჩემი მეზობელია, ჩვენს სახლებს შორის დაშორება 3-4 მეტრია, პრაქტიკულად ძმებივით გავიზარდეთ“, - იხსენებს რინოზ კაკაჩია.

ასირიელების კალენდრის მიხედვით, რამდენიმე დღეში, 1 აპრილს ახალი წელი დადგება და 6 671 წლის შემოსვლას იზეიმებენ. ზუგდიდელმა ასირიელებმა ახალი წელი მეზობლებთან ერთად 1 იანვარსაც იზეიმეს. ხუმრობით ამბობენ, რომ ჩვენგან განსხვავებით, ორი სამშობლო და ორი ახალი წელი აქვთ, რაც იმას ნიშნავს ორმაგად უხარიათ და უყვართ.

2014 წლის მონაცემებით, საქართველოში 2 377 ასირიელი ცხოვრობდა. 1990-1991 წლების სამოქალაქო ომამდე მათი რაოდენობა 6 206-ს აღწევდა, თუმცა როგორც ირკვევა მათი უმეტესობა ემიგრაციაში წავიდა.

ასირიელები, იგივე ასურელები, უძველესი წარმოშობის ხალხია ჩრდილო შუამდინარეთიდან. ისინი ძირითადად თანამედროვე ერაყის, ირანის, თურქეთისა და სირიის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. მათი სალაპარაკო ენა ასურულია, რომელსაც დღეს ნეო-არამეულს უწოდებენ.

ასურელები საკუთარ მიწა-წყალს ტოვებენ. ფოტო: Basil Nikitin

ისტორიული წყაროების მიხედვით, პირველ მსოფლიო ომთან დაკავშირებულმა მოვლენებმა ერის ნახევარი შეიწირა. მათი მხრიდან, ეს მოვლენა შეფასებულია, როგორც ასირიელი ხალხის გენოციდი. 1914-1918 წლებში რუსეთის იმპერიაში 100 ათასამდე ასირიელი დასახლდა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.