სტატია
რატომ ვერ ხერხდება ეკატერინე ჭავჭავაძის სასახლის რეკონსტრუქცია
დადიანების კომპლექსის მთავარი ნაგებობის, ეკატერინესეული  სასახლის რეაბილიტაციაზე საუბარი ჯერ კიდევ  7 წლის წინ დაიწყო, თუმცა ზუგდიდის მთავარი სავიზიტო ბარათისთვის საჭირო თანხა დღემდე ვერ გამოინახა. მისი რეკონსტრუქცია რამდენჯერმე დაანონსდა, თუმცა პირობა არ შესრულებულა. ინფრასტრუქტურის მინისტრი ამბობს, რომ ძეგლის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებიც არსებობს, მუნიციპალური განვითარების ფონდში კი „ათინათს“ უპასუხეს, რომ პანდემიის გამო ბიუჯეტი დაკორექტირდა და დედოფლისეული სასახლის აღდგენისთვის საჭირო თანხა გათვალისწინებული არ აქვთ.

ეკატერინესეული სასახლე

დადიანების სამუზეუმო კომპლექსი, რომელიც ორი სასახლის, ერთი ტაძრისა და ბოტანიკური ბაღისგან შედგება, საუკუნენახევარზე მეტს ითვლის.  ისტორიული წყაროების მიხედვით, ამ ნაგებობებიდან ყველაზე ძველი ეკლესიაა. მისი აგება 1830 წლისთვის დაუსრულებია სამეგრელოს მთავარს ლევან დადიანს. 70-იანი წლებში დაწყებულა და 1890 წლისთვის დასრულებულა დედოფალ ეკატერინე ჭავჭავაძის სასახლის მშენებლობა. ამავე პერიოდს მიეკუთვნება ეკატერინეს  ვაჟის, ნიკოს დადიანის სასახლეც.

მუზეუმი კორონავირუსის გავრცელების შემდეგ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების გამო რამდენჯერმე დაიხურა, მათ შორის, თანამშრომლებში ვირუსის გავრცელების მიზეზითაც. 2021 წლის გაზაფხულზე, როდესაც შეზღუდვების დიდი ნაწილი მოიხსნა და კულტურულ დაწესებულებებს გახსნის უფლება მიეცათ, სტუმრების მისაღებად მზადება დაიწყო დადიანებმაც, თუმცა კომპლექსი სრულად ვერ გაიხსნება. დამთვალიერებლები მხოლოდ ახლად გარემონტებული ნიკოსეული სასახლის ნახვას შეძლებენ, რადგან უსაფრთხოების გამო ეკატერინესეული სასახლე მალე დაიხურება, ექსპონატების ნაწილს კი ნიკოსეულ სასახლეში გადაიტანენ.

მუზეუმის ხელმძღვანელი ლილი ბერაია გვიყვება, რომ კომპლექსის ეს ნაწილი ამორტიზებულია. ძლიერი ხმაურის ან რყევების დროს სასახლე ზანზარებს, რამდენიმე წლის წინ კი ჭერი ჩამოინგრა და ექსპონატები დააზიანა.

„ახალი მინისტრი, თეა წულუკიანი იყო ჩამოსული და დაგვპირდა, რომ სასახლის რეაბილიტაცია განხორციელდება. საკმაოდ შრომატევადი და მნიშვნელოვანი სამუშაოები უნდა განხორციელდეს. ეს შენობა ძველია და მას განსაკუთრებული გაფრთხილება და მიდგომა სჭირდება“,- ამბობს ლილი ბერაია. 

დარბაზი, ჩამონგრეული ჭერი

კომპლექსის კვლევისა და რეაბილიტაციის ისტორია


“საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტომ“ დადიანების სასახლის კვლევასა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებაზე ტენდერი 2014 წელს გამოცხადდა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულ კომპანიას ნიკოსეული სასახლის საკვლევი-საპროექტო სამუშაოები უნდა შეესრულებინა, დედოფლისეული სასახლისთვის კი საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა იყო გათვალისწინებული. სამუშაოები ორგანიზაცია „ICOMOS საქართველომ“ შეასრულა. სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ პროექტი საქართველოში აშშ-ს საელჩომ 30 ათასი ლარით დააფინანსა.

ნიკოსეული სასახლის რეკონსტრუქცია ამ ტენდერის გამოცხადებიდან მალევე, 2015 წელს დაიწყო და  2018 წელს დასრულდა. სამუშაოებისთვის საჭირო 3 მილიონი ლარი ფონდმა „ქართუმ“ გაიღო.

რეაბილიტირებული ნიკოსეული სასახლე

მოგვიანებით, 2015 წელს, ასევე აშშ-ს საელჩოს დაფინანსებით, ეკატერინესეული სასახლის მრავალდარგობრივი კვლევა და საპროექტო რეკომენდაციები ორგანიზაცია „საერთაშორისო ხელოვნების ცენტრმა“ შეიმუშავა. 

ჯერ კიდევ 6 წლის წინ შედგენილ და 200-გვერდიან დოკუმენტში  ვკითხულობთ, რომ  შენობა  კონსტრუქციულად მდგრად მდგომარეობაშია, თუმცა არსებობს მთელი რიგი დაზიანებებისა, რომლებიც საკმაოდ დიდი აღდგენითი სამუშაოების ჩატარებას მოითხოვს.

დაზიანების რუკა - "ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი"

„მიუხედავად იმისა, რომ შენობის მზიდი კედლების კონსტრუქციული მდგრადობა დღესდღეობით ეჭვს არ იწვევს, საგანგაშოა მისი ინტენსიური დატენიანება. ჭარბი ტენის გამო დაზიანებულია ფასადის კედლის "ცოკოლის" ნაწილები, განსაკუთრებით, შენობის მოგვიანებით მიშენებულ ნაწილში. აგურის წყობის ფასადის მხარე იშლება შეხებისაგან. აუცილებელია კედლების ფრაგმენტული გამაგრება არმატურის ბადეებითა და ქვიშა-ცემენტის შელესვით, რის შემდეგაც შესაძლებელია მთლიანი კედლის შელესვა კირის ხსნარით. ჭარბი დატენიანების პრობლემები ჩანს შენობის ყველა ოთახში, ყველა სართულზე. ეს აიხსნება ბუნებრივი განიავების არარსებობით, შენობის მზიდ კედლებში მშენებლობის დროს გაყვანილი სავენტილაციო და საკვამლე არხები დღეისათვის დაგმანული და გაუქმებულია და არ ფუნქციონირებს. უნდა მოხდეს მათი აღდგენა და, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი განიავების მოწყობა, რისთვისაც აუცილებელია ვენტილაცია-კონდიცირების პროექტის დამუშავება“, - წერია „საერთაშორისო ხელოვნების ცენტრის“ დოკუმენტში.

დაზიანების რუკა - "ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი"

ორგანიზაციის მიერ გაცემული ტექნიკურ რეკომენდაციის მიხედვით, შენობის ყველა ოთახი და სათავსო ვენტილაცია-კონდიცირებას საჭიროებს, სასახლის მთელ პერიმეტრზე  დრენაჟი უნდა მოეწყოს, ხის აივნებს კი რესტავრირება უნდა ჩაუტარდეს. ამასთან, ირკვევა, რომ შენობის საძირკველს სახურავიდან დაღვრილი წვიმის წყალი დიდ საფრთხეს უქმნის.

დასავლეთ ფასადი

„სამშენებლო მასალის კვლევის, დაზიანებების იდენტიფიცირების და დამაზიანებელი ფაქტორების დადგენის შედეგად გაირკვა, რომ ზემოთ აღნიშნული სხვადასხვა დამაზიანებელი ფაქტორის არსებობის გამო სამშენებლო მასალაში დაჩქარებული ფსევდოოლითური კირქვის და დუღაბის გამოფიტვისა და გაუარესებისპროცესები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს“.

აღმოსავლეთ ფასადი

„საერთაშორისო ხელოვნების ცენტრის“ ხელმძღვანელმა მარიამ დვალიშვილმა გვითხრა, რომ  იმ შემთხვევაში თუ სასახლის რეაბილიტაცია მათ მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით ჩატარდება, სავსებით შესაძლებელია სასახლის შენობის ადრინდელი და უკეთესი კონსტრუქციული მდგრადობის მიღწევა. მისივე თქმით, იმ დროს როდესაც კვლევა ჩატარდა, ამ სამუშაოებისთვის დაახლოებით, 2 მილიონი ლარი იყო საჭირო.

„ჩვენ ეს პროექტი დაგვიკვეთა აშშ-ს საელჩომ საქართველოში. თუ კარგად მახსოვს ამისთვის საელჩომ 40 ათასი ამერიკული დოლარი გაიღო. ეს იყო საელჩოს საჩუქარი, რომელიც გადავეცით „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს“, - გვითხრა მარიამ დვალიშვილმა.

გაურკვეველი დროით გადადებული რეკონსტრუქცია

ამ პროექტის შემუშავების შემდეგ, ეკატერინესეული სასახლის რეაბილიტაცია რამდენჯერმე დააანონსეს. 2019 წელის გაზაფხულზე, მას შემდეგ, რაც შენობის მეორე სართულზე ჭერი ჩამოინგრა და დადიანების ნაქონი ჭურჭელი დააზიანა, „კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში“ თქვეს, რომ ნიკოსეული სასახლის მსგავსად, ამ სასახლისთვის საჭირო თანხასაც ფონდი „ქართუ“ გაიღებდა. სამუშაოების დაწყების თარიღად იმავე წლის აპრილის თვე დასახელდა.

„დაახლოებით ორ მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. ნიკოსეულ სასახლესთან შედარებით, გაცილებით კარგ მდგომარეობაშია მთავარი სასახლე. შემთხვევა რაც მოხდა (ჭერის ჩამონგრევა. ავტ.) ძალიან სამწუხაროა, ამიტომ გვინდა რომ სამუშაოები სწრაფად დაიწყოს. პროექტს ფონდი "ქართუ" დააფინანსებს“, - ამბობდა მაშინ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, რომელმაც თანამდებობა გასულ თვეში დატოვა.

ზუსტად ორი თვის შემდეგ, სააგენტოში თქვეს, რომ დედოფლისეული სასახლის რეაბილიტაცია გადაიდო, რადგან მას „ქართუ“ აღარ დააფინანსებდა.

„თავდაპირველად საუბარი იყო, რომ მუზეუმის რეაბილიტაციისთვის ფონდი „ქართუ“ გამოყოფდა თანხას. ჩვენ მოთხოვნა გაგზავნილი გვქონდა, როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის, ასევე "ქართუსთვისაც". როდესაც დადებითი პასუხი მივიღეთ მუნიციპალური განვითარების ფონდისგან, „ქართუს“ ჩვენივე ინიციატივით ვუთხარით უარი დაფინანსების მიღებაზე“, - უთხრა მაშინ ნიკოლოზ ანთიძემ რადიო „ათინათს“.

ახლა რას ფიქრობენ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში და აქვთ თუ არა რაიმე გეგმა, ჩვენთვის უცნობია. სააგენტოოს პრესამსახურში ჩვენს შეკითხვებს არ უპასუხეს.   საჯარო ინფორმაციაც გამოვითხოვეთ, გვაინტერესებდა, მუშაობენ თუ არა სასახლის რეაბილიტაციის საკითხზე, თუმცა პასუხი კანონმდებლობით გათვალისწინებული 10-დღიანი ვადის გასვლის შემდეგაც ვერ მივიღეთ.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში, რომელსაც წესით რეაბილიტაციის თანხები უნდა მოეძიებინა,  გვითხრეს, რომ კორონაპანდემიის გამო ბიუჯეტის კორექტირება მოუწიათ და აღნიშნული სასახლისთვის თანხები ამჯერად არ აქვთ გათვალისწინებული.

მუზეუმის რეაბილიტაციის საკითხზე კითხვა დავუსვით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ირაკლი ქარსელაძესაც, რომელიც ზუგდიდში პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრაზე იყო ჩამოსული. მინისტრი ამბობს, რომ ძეგლის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებიც არსებობს.

„ეს საკითხი, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში დგას, თუმცა შეზღუდული რესურსებიდან გამომდინარე ერთბაშად ყველაფერს ვერ ვაკეთებთ სამწუხაროდ. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ნიკოსეულ სასახლეს, ბოტანიკურ ბაღს. ფაქტია, რომ ზუგდიდში ბოლო წლებში ბევრი რამ გაკეთდა და ეს არის მდგრადი და უწყვეტი განვითარება. აი, მაგალითად, დღეს პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რეაბილიტაცია ჩაუტარდეს ბულვარს, რომელიც ხეივნის დაგრძელება და მის დადიანების კომპლექსამდე მიერთებას ითვალისწინებს “,- აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

ზუგდიდი გენერალურ გეგმაში, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული და ქალაქის საკრებულომ ცოტახნის წინ დაამტკიცა, ნათლად არის ასახული ქალაქის ეკონომიკური განვითარების ძირითადი პრიორიტეტები.

აქვე ყურადღებაა გამახვილებული იმ ფაქტზე, რომ მალე მესტია-ლენტეხის გზა გაიხსნება, რაც პირდაპირ აისახება ზუგდიდში ტურისტების შემცირებაზე. ამ ფონზე სპეციალისტები თვლიან, რომ საჭირო გახდება ტურიზმის ხელშეწყობა.

ზუგდიდში ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი სწორედ დადიანების სამუზეუმო კომპლექსია. 2019 წელს, ვიდრე ჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაცია კორონავირუსის პანდემიას ოფიციალურად გამოაცხადებდა, სასახლეებს 40 ათასამდე ვიზიტორი სტუმრობდა, შემოსავალი 100 ათას ლარს აჭარბებდა.

2020 წელს დამთვალიერებლების რაოდენობა 8 ათასამდე ჩამოვიდა. ეს რიცხვი ძირითადად, პირველი და მეორე კვარტლის მონაცემებია, სანამ ქვეყანაში შეზღუდვები დაწესდებოდა და დაწესებულებები დაიხურებოდა. მიმდინარე წელს კი მუზეუმმა მხოლოდ 700-მდე სტუმარი მიიღო.

დადიანების კომპლექსის ხელმძღვანელობამ არ იცის, როდემდე მოუწევს ეკატერინესეული სასახლის დახურვა, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი დაწყებულია და ამან შესაძლოა ტურისტული სივრცეების გახსნა დააჩქაროს. პარალელურად კი, ვიდრე, უწყებები რეაბილიტაციისთვის საჭირო არცთუ ისე დიდ თანხას მოიძიებენ, დედოფლისეული სასახლის კედლებში „ფსევდოოლითური კირქვის და დუღაბის გამოფიტვისა და გაუარესების პროცესები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს“.


მთავარი ფოტო:
შერმაზანა


ამავე თემაზე :

დადიანების სასახლის ჭერი ჩამოინგრა

ლილი ბერაია: ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაზიანებულ ექსპონატებს აღადგენენ

დადიანების სასახლის რეაბილიტაციისთვის თანხას ფონდი "ქართუ" გამოყოფს

ეკატერინესეული სასახლის რეაბილიტაცია გადაიდო - მას ფონდი "ქართუ" არ დააფინანსებს

დადიანების კომპლექსის მთავარ სასახლეს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება

ნიკოსეული სასახლის რეაბილიტაცია ნოემბერში დასრულდება



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.