ზუგდიდის 45-კაციან საკრებულოში თავმჯდომარე ვერ აირჩიეს, რადგან ერთპარტიული გადაწყვეტილებისთვის არც ერთ პარტიას მანდატების რაოდენობა არ ყოფნის.
როგორც აღმოჩნდა პარტიებმა ამ დრომდე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და კანდიდატებიც არ წარუდგენიათ. საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სხდომა დატოვეს, ხოლო გახარიას პარტიამ, რაც ფრაქცია - "ზუგდიდი - საქართველოსთვის“ დაფუძნების შესახებ დეპუტატებს ცნობა მიაწოდეს.
"ჩვენ მოვისმინეთ სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლების, მათ შორის, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების აზრი და პათოსი - ეს მათი არჩევანია. ეს ჩვენთვის ბუნდოვანია და ამ სიტუაციაში მიგვაჩნია, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება აბსურდის სცენარი იქნება ჩვენი მხრიდანაც. ის, რაც ხორციელდებოდა მთელი საარჩევნო კამპანიის პერიოდში იყო არა სააარჩევნო კამპანია, არამედ სპეცოპერაცია, რომელიც განხორციელდა ზუგდიდელი მოსახლეობისა და ამომრჩევლის მიმართ. ჩვენ ვხედავდით, თუ როგორ იყო დაკნინებული ადამიანის არჩევანი და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება დაგტოვოთ, იმუშავეთ ყოველგვარი აჟიოტაჟის გარეშე", - მიმართა ენმ-ის წევრმა თეიმურაზ ბასილაიამ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს და თანაგუნდელებთან ერთად სხდომა დატოვა.
ვიდრე გახარიას პარტიის წარმომადგენლები სხდომას დატოვებდნენ, „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა და ახლად არჩეულმა დეპუტატმა, გიგა ფარულავამ თქვა, რომ ყოფილი და ამჟამინდელი მმართველი პარტიების წარმომადგენლები კანდიდატზე იმიტომ ვერ შეთანხმდნენ, რომ ერთი მხარე ძალაუფლების შენარჩუნების ჟინით, ხოლო მეორე ძალაუფლების დაბრუნების სურვილით არის შეპყრობილი.
„მას შემდეგ, რაც ისინი ვერ შეთანხმდნენ, ჩვენ შევთავაზეთ ჩვენი წინადადება - იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ჩვენ გვაქვს გადამწყვეტი ხმები, ვთავაზობთ ჩვენს კანდიდატურებს იმ შემთხვევაში, თუ მოადგილეები იქნებოდნენ ერთი პარტიიდანაც და მეორე პარტიიდანაც. ასე იქნებოდა დაბალანსებული საკრებულო და ერთად ვიმსჯელებდით ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე. მაგრამ, როგორც ჩანს ვერც ერთი პარტია ვერ ელევა ერთპარტიული ძალაუფლების სურვილს“, - მიიჩნევს ფარულავა.
რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, მმართველი პარტიის წარმომადგენლებისთვის გაუგებარია, თუ რატომ დატოვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სხდომა მას შემდეგ, რაც დეპუტატების უფლებამოსილება ცნეს. საკრებულოს წევრი და დროებითი სამანდატო კომისიის თავმჯდომარე, სანდრო სორდია თვლის, რომ დეპუტატების უფლებამოსილების ცნობით არჩევნების კანონიერება აღიარებულია.
"დროებითმა სამანდატო კომისიამ საკრებულოს სრულ შემადგენლობას წარუდგინა საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის საკითხი, სადაც ხაზგასმული იყო, რომ ეს არჩევნები ჩატარდა კანონიერად, რასაც კენჭისყრის პროცედურის დროს ყველა მხარემ ერთხმად დაუჭირა მხარი. ამის შემდეგ "ნაციონალურმა მოძრაობამ" საჯაროდ გააკეთა განცხადება, რომ ეს არჩევნები არ იყო სამართლიანი. ეს არის კონტრვერსიული მსჯელობა, ისინი არგუმენტებში საკუთარ თავს ეწინააღმდეგებიან და არა სხვას“, - თქვა სორდიამ.
მას შემდეგ, რაც 25-მა დეპუტატმა საკრებულო დატოვა პირველი სხდომის სხვა პროცედურების ჩასატარებლად კვორუმი ვერ შედგებოდა და სხდომის გადადების გადაწყვეტილება მიიღეს. ერთ კვირაში გახდება ცნობილი, ამჯერად მაინც თუ მოახერხებენ პარტიები თანამშრომლობას და საკრებულოს თანამდებობის პირების არჩევას.
ამავე თემაზე:
ზუგდიდში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს 6 მოადგილე ეყოლება
"საქართველოსთვის" წევრებმა ზუგდიდის საკრებულოს პირველი სხდომა დატოვეს
ენმ-ის დეპუტატებმა საკრებულოს სხდომა დატოვეს
ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ენმ-ს წევრმა მირანდა მესხს ხელბორკილები გადასცა
ზუგდიდის ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომა დაიწყო
მასალის გამოყენების პირობები