მაშინ, როდესაც ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ, სტუდენტები, ალბათ, არ ფიქრობდნენ იმაზე, რომ რამდენიმე კვირაში მათ თბილისში საცხოვრებლის პრობლემა შეექმნებოდათ.
ბინებზე ნერვიულობა მალევე დაიწყო, რადგან, აღმოჩნდა, რომ დედაქალაქში ბინის ქირაც გაძვირებულია და ამ გაძვირებული ბინის ქირაობაც იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს.
დღემდე ვერ იშოვა სასურველი ბინა სასურველ ფასად ზუგდიდელმა თიკო ლაგვილავამ. ის ახლა „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ სტუდენტია და სწავლა სრულად უფინანსდება, თუმცა დროებით ნათესავთან უწევს ცხოვრება. ბინის ძებნა გამოცდების შედეგების გაგებიდან მალევე დაიწყო, მაგრამ ყვება, რომ, როგორც კი შესაბამის ვებ-გვერდებზე გასაქირავებელი ბინების შესახებ ინფორმაცია დაიდებოდა, 10 წთ-ში აღმოჩნდებოდა, რომ ბინა უკვე გაქირავებულია.
თიკო ლაგვილავა
„რუსების დიდი რაოდენობით შემოსვლის გამო ფასი გაიზარდა, არც იშოვება, როგორც კი ბინა დაიდება, 10 წთ-ში გაქირავებულია და უმეტესად უცხოელზე, რადგან მეტს იხდიან. დამირეკავს გამქირავებელთან, შევთანხმებულვარ ბინის ნახვაზე და მისვლა ვერ მომისწრია, რადგან უფრო ძვირად გაქირავდა. დაახლოებით, 1000 ლარის ფარგლებში ვეძებ, მაგრამ ვერ ვშოულობ და დროებით ნათესავთან ვარ“, - ამბობს პირველი კურსის სტუდენტი.
გამოსავალი თიკოსთვის სტუდენტური საცხოვრებლის აშენებაა, რომელიც მათ ღირსეულ საცხოვრებელ გარემოს შესთავაზებს, იქნება ხელმისაწვდომ ფასად და სასწავლებელთან ახლოს. თიკო ფიქრობს, რომ უცხოელებთან შედარებით იჩაგრება, რადგან იმ თანხას, რასაც ისინი ბინის ქირაში ყოველთვიურად იხდიან, ვერ გადაიხდის.
თიკოს მეგობარი, რომელიც გვთხოვს, რომ პირობითი სახელით მოვიხსენიოთ, ფიქრობს, რომ ქართველი და უცხოელი მოქალაქეებისთვის არათანაბარი გარემოა შექმნილი. ის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია და ხვალიდან, 19 სექტემბრიდან ქართული ფილოლოგიის შესწავლას შეუდგება. პარალელურად კი, ბინის ძებნაზე უწევს ფიქრი, რადგან ამ დრომდე საცხოვრებელი ვერ იშოვა და დროებით მამიდასთან დაბინავდა.
„მე და ჩემს მეგობარს გვსურდა, ერთად გვექირავებინა ბინა. ერთოთახიან ბინებზეც იყო ძალიან მაღალი ფასები, მეტროსთან ახლოს ვეძებდით, სადღაც 1000 ლარის ფარგლებში, მაგრამ ფიზიკურად არ იყო, ან იყო ცუდი პირობებით. უნივერსიტეტი ვაკეშია და ახლა თემქიდან მომიწევს სიარული. ალბათ, ვიგირავებთ, რადგან ქირაობას აზრი არ აქვს. რუსეთ-უკრაინის ომის გათვალისწინებით აქ იმდენი უცხოელია, რომ მეპატრონეებმა სტუდენტები გამოყარეს ბინებიდან და უცხოელებზე მაღალ ფასებში გააქირავეს. ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა თვითშეგნებაა, რადგან შენი ქვეყნის მოქალაქე, სტუდენტი არ უნდა გამოაგდო ბინიდან იმიტომ, რომ შემდეგ რუსებს მიაქირავო ან მიყიდო...“, - თქვა მაიამ (პირობითი სახელი).
ჩვენ მას ვკითხეთ, ხომ არ უფიქრია სტუდქალაქში ცხოვრებაზე, რაზეც გვიპასუხა, რომ იქ საცხოვრებლად და სამეცადინოდ შესაბამისი პირობები არ არის და თავი შეიკავა. მაია სტუდენტების რამდენიმე ჯგუფშია, სადაც, როგორც გვეუბნება, სხვადასხვა კურსელები წერენ, რომ სასოწარკვეთაში არიან, სტუდქალაქებში რეგისტრირდებიან, რადგან სხვა გამოსავალი არ აქვთ.
შედარებით გაუმართლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ ზუგდიდელ გოგონას, რომელმაც სასურველი ბინა საბურთალოზე მეგობართან, სამედიცინო უნივერისტეტის პირველ კურსელთან ერთად 500 დოლარად იქირავა. სტუდენტის დედა ანა თოდუა ამბობს, რომ ბინის მეპატრონის პრინციპული გადაწყვეტილება იყო, საცხოვრებელი მხოლოდ ქართველებისთვის მიექირავებინა. ამასთან, ანა ამბობს, რომ გაუმართლათ მეწყვილეშიც, რადგან მხოლოდ თვითონ ამ თანხას ვერ გადაიხდიდა. ამ ბინის მოძებნამდე კი მათაც ბევრი იწვალეს.
ანა თოდუა
„პანდემია იყო და ჩემს შვილს ონლაინ რეჟიმში უწევდა სწავლა, შესაბამისად, მხოლოდ ახლა მოგვიწია ბინის ქიროაბამ. აგვისტოდან აგვისტოდან დავიწყე ძებნა, იაფად მოვძებნით-მეთქი, ვფიქრობდი, უნივერსიტეტთან ახლოს, რაც ნაკლები ფულის და დროსი ხარჯვას გულისხმობს... აღმოჩნდა, რომ აგვისტოდან 400 დოლარი რომ ღირდა ის ბინები, კვირების განმავლობაში გაძვირდა და გახდა 500 დოლარი. თან ისეთი ბინები, ცხვირს ვერ შეყოფდი, იყო თითო ოთახი, გამათბლობლის პრობლემა და ასე შემდეგ. იყო შემთხვევა, როცა ვებ-გვერდზე 500 დოლარი ეწერა ფასი და რეალურად მეპატრონე აქირავებდა 500 ევროდ. 40 კვადრატში 2000 ლარის გადახდა კი ჩვენთვის სრულიად წარმოუდგენელია. მაკლერები ამბობდნენ, რომ გაქირავებულია ბინები, რუსები და ბელორუსები არიან შემოსულები და ქირაობენ კარგ უბნებში მეტ ფასადო - ასეთი იყო მათი პასუხი. პრობლემა იყო ის, რომ ბინის პატრონები ამბობდნენ, ქართველები და მით უმეტეს, სტუდენტები გადახდისუნარიანები არ არიანო... მე გამიმართლა, რადგან ორნი ვართ, მაგრამ ასე ცალკე აღებული თითო სტუდენტი, მცირე ბიუჯეტით, არ ვიცი, როგორ შეძლებს ბინის შოვნას“, - გვიყვება ანა და ბაზრის დარეგულირების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.
ბინის ქირის ფასების ზრდა მიმდინარე წლის მარტიდან დაიწყო. მთავარი ფაქტორი, რამაც გაძვირება გამოიწვია, მიგრანტების, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეების, შემოდინებაა, რასაც პანდემიის შემდეგ უნივერისტეტებში სწავლების განახლება ემატება. ამ მოცემულობით კი, არ არსებობს დედაქალაქში უბანი, სადაც სტუდენტი ბინას იმ ფასად იქირავებს, რა ფასადაც გასუი წლებში იყო შესაძლებელი. რაიონებიდან თბილისში ჩასულ სტუდენტებსა და მათ მშობლების არჩევანის გაკეთება მაღალფასიან საცხოვრებლებს შორის უწევთ.
მასალის გამოყენების პირობები