ოპოზიციური მმართველობის ერთადერთი მუნიციპალიტეტის - წალენჯიხის 2023 წლის ბიუჯეტი პირველი მოსმენით ჩავარდა.
დოკუმენტის მიღებას მხარი "გახარია-საქართველოსთვის" და "ქართული ოცნების" დეპუტატებმა არ დაუჭირეს. ამის მიზეზად, ისინი მერიის მხრიდან დაგეგმილ არამიზნობრივ ხარჯებს ასახელებენ. მათ შორისაა ქალაქის ტერიტორიაზე მონუმენტის დადგმის ინიციატივა.
"ბიუჯეტის პირველ ვარიანტზე ვიყავით შეთანხმებულები, თუმცა მოგვიანებით დაზუსტდა პარამეტრები და დაემატა 400 000 ლარი, რასაც ვფიქრობთ, რომ არამიზნობრივად ანაწილებენ - ამიტომ ჩავარდა ბიუჯეტი. ამ თანხიდან 220 ათასი პირველკლასელთა კვებისთვისაა გათვალისწინებული და ვუჭერთ მხარს. ამასთან, არის საუბარი იმაზე, რომ 180 ათასი უნდა მერიას მონუმენტის დადგმისთვის, რომლის არც იდეა აქვთ ჯერ, არც პროექტი. გაანაწილოს როგორც წესი და რიგია, იმ მოთხოვნების შესაბამისად, რაც გააჩნია მოსახლეობას, იმ წამსვე დავუჭერთ მხარს", - გვითხრა საკრებულოს თავმჯდომარემ კორნელი სალიამ, რომელიც პარტიას "საქართველოსთვის" წარმოადგენს.
კორნელი სალია
წალენჯიხის ყოფილი მერი და დღეს უკვე საკრებულოს წევრი მმართველი პარტიიდან ბესიკ ფარცვანია ამბობს, რომ ბიუჯეტთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები მერიამ გაითვალისწინა და და ფინანსურ დოკუმენტში შესაბამისი ინიციატივები ნამდვილად აისახა, თუმცა, მისთვის ბუნდოვანია, როგორ გეგმავს მერია პირველკლასელთა კვებასთან დაკავშირებული ახალი ინიციატივის განხორციელებას. ამასთან, ის გვეუბნება, რომ იმ პირობებში, როცა მის მაჟორიტარულ ოლქში შემავალი სოფლებისთვის მწირი დაფინანსებაა გათვალისწინებული, თანხები დასაბუთებულად უნდა დაიხარჯოს.
"ფაქტობრივად, არცერთი თეთრი არაა სოფელ ლიისთვის და არც ეწერისთის. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც არ დავუჭირე მხარი. არის გაურკვევლობა თუნდაც იმ 400 000 ლართან დაკავშირებითაც - არ არის დასაბუთებული რაზე დაიხარჯება - ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე თუ მონუმენტზე. რაც შეეხება პირველკლასელების კვებას, რისთვისაც უნდა დაიხარჯოს 220 000 ლარი - ეს კარგი იდეაა, მაგრამ ძალიან რთულად განსახორციელებელი. ჩვენ ვეუბნებით, განმარტეთ, როგორ უნდა გახარჯოთ ეს თანხა, რას აჭმევთ ამ ბავშვებს, როგორია გეგმა. ან ხომ არ არის დისკრიმინაციული მიდგომა ის, რომ აჭმევ პირველკლასელს და მეორეკლასელს ტოვებ ისე. ვეთანხმებით, რომ საჭირო ინიციატივაა, მაგრამ არ ჩანს გზა, როგორ უნდა ამოქმედდეს", - ამბობს დეპუტატი.
ბესიკ ფარცვანიათავის მხრივ, წალენჯიხის მერის მოადგილე ვანო ბურდული გვპასუხობს, რომ ბიუჯეტზე მუშაობისას საერთო ენის გამონახვა ყველა პოლიტიკურ ძალასთან ცადეს. ამასთან, პროცესში ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენლებიც ჩართეს.
"წალენჯიხაში, მისი განსაკუთრებული სტატუსიდან გამომდინარე, შევეცადე ერთად დავმსხდარიყავით და გაგვეთვალისწინებინა ყველაფერი. თითოეული პოლიტიკური ძალისგან, მათ შორის მაჟორიტარებისგან, ვიგებდით, რა სჭირდებოდათ მათ. ბუნებრივია, ყველა არის მოსახლეობის წარმომადგენელი და დეტალურად გავიარეთ რა საჭიროებები ჰქონდათ. ბოლოს როგორც იქნა, შევჯერდით. შემოგვივიდა დამატებით 400 000 ლარი, დღგ-ს ნამატი. ეს თანხა ასე გადავანაწილეთ - მერს ჰქონდა ინიციატივა, რომ პირველკლასელების კვება დაფინანსებულიყო. 180 000 ლარი კი ჩავაბრუნეთ ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რისთვისაც მხოლოდ 150 000 იყო მხოლოდ გათვალისწინებული და ეს იყო თანხა, რომელიც მცირე პროექტებზე ძლივს გვყოფნიდა. საუბარია შიდა ბიუჯეტზე, რეგიონული ფონდი და სხვა დამატებითი სახელმწიფო დაფინანსებები ბუნებრივია ამაში არ შედის - გზების რეაბილიტაცია, წყალი - ამას დიდი თანხები სჭირდება და ამათ ჩვენ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვერ ვაკეთებთ", - ამბობს მერის მოადგილე.
ვანო ბურდულიის გვიხსნის, რომ მას შემდეგ, რაც მონუმენტის იდეამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, საკრებულოს ალტერნატიული პროექტის განხორციელება შესთავაზეს.
"იყო ინიციატივა, ხომ არ გაგვეკეთებინა რამე მონუმენტი ცენტრალურ პარკში, იმიტომ, რომ ყველა მუნიციპალიტეტშია რაღაც განსაკუთრებული მონუმენტი. იდეის დონეზე შევთავაზეთ, მაგრამ არ მოეწონათ და თუ მონუმენტი არა, მაშინ ვთქვით, რომ პარკის რეაბილიტაცია გავაკეთოთ. ან ქუჩა, ან განათებები, ანუ მოვახმაროთ ინფრასტრუქტურას. ვინაიდან მერიის ინიციატივა ბავშვთა კვების დაფინანსებაზე იყო მნიშვნელოვანი და ხალხმა აიტაცა, ამაზე გაბრაზდნენ, სავარაუდოდ. უცნაური დამოკიდებულება იყო სხდომაზე და ვუთხარი, 14 მილიონს 180 ათასის გამო რატომ აგდებთ, გვითხარით რა გინდათ...მონუმენტი არ გინდა, ბალახი გავაკეთოთ, ბალახი არა - იყოს ბორდიური, განათება, ან გვითხარით რაში დავხარჯოთ - პასუხი - ნული. დავწერთ და გამოგიგზავნითო", - განმარტავს ბურდული.
მას იმედი აქვს, რომ საბოლოოდ, დარჩენილ მცირე დროში ოპონენტებთან შეთანხმების მიღწევას შეძლებენ და მუნიციპალიტეტი პოლიტიკური დაპირისპირების გამო არ იზარალებს.
წალენჯიხის საკრებულო 27 წევრისგან შედგება. 11-11 წარმომადგენელი ჰყავთ ენმ-სა და "ქართულ ოცნებას". პარტია "საქართველოსთვის" 3 მანდატი აქვს. ერთი დეპუტატი კი "ლელოდანაა".
წელს წალენჯიხის ბიუჯეტი პროექტის მიხედვით 14 144 000 ლარია.
მასალის გამოყენების პირობები