სტატია
სამჭედლო საქმის უძველესი ტრადიცია სამეგრელოში, რომელიც შესაძლოა გაქრეს
მჭედლობა ოდითგან სამეგრელოს ყოფის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგი იყო. მეგრელები განსაკუთრებით დიდ მოკრძალებას იჩენდნენ სამჭედლო ადგილისა და იარაღების მიმართ.

"მჭედლობა საპატიო და ღირსეულ საქმედ ითვლებოდა და სამი სახისა იყო: რკინის (რომელსაც მეგრულად ერქვა "რკინაშ ჭკადუ", სპილენძის - "ლინჯის ჭკადუ" და ოქრო-ვერცხლის მჭედელი "ვარჩხილის ჭკადუ", - გვიყვება ეთნოლოგი იოსებ შენგელია, რომელმაც სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელი მოიარა სამჭედლო ტრადიციის კვლევისას.

"გარდა ძირითადი დანიშნულებისა, სამჭედლო ერთ-ერთ ყველაზე საკრალურ ადგილად ითვლებოდა ძველ სოფელში, ისევე როგორც როგორც წისქვილი. აქ არასოდეს ქრებოდა შუქი", - ეთნოლოგი, მწერალი და ჟურნალისტი ნონა ქობალია, თავის ახლად გამოცემულ წიგნში "მთვარის მოზაიკა" წერს, რომ "ჭრაქი, რომელიც საღვთო ადგილების ატრიბუტი იყო შორეული ხანიდან, იმედად და ორიენტირად ეგულებოდა შორიდან მომავალ უცხო მგზავრსაც და სოფლის მკვიდრსაც, რომელსაც გარეთ შემოაღამდა...".

აქვე ვკითხულობთ, რომ ჩვენი წინაპრების წარმოდგენებში, მჭედელთა მფარველი ღვთაება "სოლომო" (სოლომონი) იყო, რომელიც "სამყაროს შემქმნელისა და დამმაგრებლის (მეგრ. ქიანაშ გორჩქინუ დო დამარგებუ) ჰიპოსტასია. მიიჩნეოდა, რომ მჭედელს სწორედ ის უმართავდა ხელს.

"ღვთისგან ხელდალოცვილი (მეგრ. ხემოჭკადილი) მჭედელი ერთდროულად ხელოსანიცაა და ქურუმიც. შუამავალი ადამიანსა და ზეცასა და ქვესკნელში მობინადრე ღმერთებს შორის. ის ჭედავს და ამაგრებს ცაზე ვარსკვლავებს. მასზეა დამოკიდებული რამდენად მყარად და დიდხანს დამაგრდება ცაზე ჩვენი ბედის ვარსკვლავი. ის განგვიფრთხობს ავსულებს, სნეულებას, ის გვიჯავარდნებს გულს (მეგრ. მიჯარდუნა გურს). ის გვაცმევს რკინის პერანგს (მეგრ. რშვილ-ჭკადილ ოსარე, შიბოსარე), რკინის ქალამანს (მეგრ. კინაიჩაფლას) სიმართლის ძიებაში, გვიჭედავს თოხსა და სახნისს არსობის პურის მოსაპოვებლად. შემთხვევითი არ არის, რომ უძველეს სამაროვნებში ნაპოვნ საბრძოლო და სამუშაო იარაღებზე ვარსკვლავია ამოტვიფრული. გავიხსენოთ თუნდაც ერგეტაში ნაპოვნი ცული, რასაც ესთეტიკაზე უფრო საკრალურ საკულტო ცოდნასთან აქვს კავშირი".

მკვლევრების თანახმად, მჭედლები ახალი წლის წინა დღეს, სწორედ წმინდა "სოლომოს" სახელზე ასრულებდნენ ლოცვას, რომელსაც სამეგრელოში "ხეხუნჯობას", მეზობელ აფხაზეთში "ხეჩხვამას" (ან მეორენაირად "ღეჩხვამას") უწოდებდნენ.

"ამ დღისთვის, სპეციალურად კლავდნენ გოჭს, აცხობდნენ რიტუალურ პურებს და ორ კვერს, აგრეთვე ამზადებდნენ საკმეველს, სანთელს. ეს ყველაფერი მიჰქონდათ სამჭედლოში, სადაც უფროსი მჭედელი გაიყოლებდა თავის ვაჟებს და სამჭედლო გრდემლის წინ დააჩოქებდა. შემდეგ მათ თავზე გადაავლებდა სანთელ-საკმეველს და დაამწყალობებდა წმინდა სოლომოს სახელზე, დალოცავდა... ამის შემდეგ ოჯახში მიდიოდნენ და იქ შლიდნენ სუფრას", - ამბობს იოსებ შენგელია.

ცნობილია, რომ მჭედლები მსაჯულისა და მიმტევებლის ფუნქციასაც ასრულებდნენ. მათვე შეეძლოთ მიწის გამოლოცვის რიტუალის შესრულება და სნეულთა განკურნება.

"...ეჭვმიტანილს გრდემლთან აფიცებდნენ უდანაშაულობაში, ისინი ასრულებდნენ ხატზე გადაცემის სახით ჩადენილი დანაშაულის გამოსყიდვის რიტუალს. მჭედლები ახდენდნენ "გითოფუნაფას" მიწის გამოლოცვას, დაფიცების, ფიცვერცხლის ჭამის – "მეფუჩუას" რიტუალს. მჭედლებთან მიდიოდნენ საშველად სნეულთა პატრონებიც, რადგან დამლოცველთა გარდა, მათ მკურნალის ფუნქციაც მიეწერებოდათ", - ვკითხულობთ "მთვარის მოზაიკაში".

სულ რაღაც 60-70 წლის წინ, სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელში იყო სამჭედლო, დღესდღეობით კი მხოლოდ 5-მდე ასეთი ადგილია დარჩენილი. სამჭედლო საქმის ტრადიცია ნელ-ნელა ქრება.

"ჩაწერილი მყავს მოხუცი მჭედლები, რომელთა ნაწილი ცოცხალი აღარაა უკვე. მათ მითხრეს, რომ საბჭოთა პერიოდში იარაღის გაკეთებას გვიკრძალავდნენო, მაგალითად, დანის და ა.შ. ისე აკეთებდნენ გუთნებს, ნაჯახებს, ცულებს, მრეწველობისთვის საჭირო ნივთებს, უფრო მეტად", - ამბობს იოსებ შენგელია.

ერთ-ერთი ასეთი ძველი სამჭედლო წალენჯიხაში, სოფელ მუჟავაში მდებარეობს. მისი მფლობელი ვალიკო შონია წინაპრების ტრადიციას დღემდე აგრძელებს. ხანდაზმული ოსტატი არასდროს შედის სამჭედლოში პირჯვრის გარეშე.

"ასეთი აღთქმა აქვს დადებული ამ ვალიკო შონიას, რომ ფულს არ იღებს სამჭედლო საქმეში. 73 წლისაა და სამჭედლო წმინდა ადგილია მისთვის" - გვიხსნის იოსებ შენგელია.

როგორც ვალიკო შონია ჰყვება, სამჭედლო საქმეს მისდევდნენ მისი ბაბუა, ბაბუის ძმა და მამა. ამბობს, რომ ამ ხელობაზე, დღესაც არის მოთხოვნა, განსაკუთრებით მოშორებულ სოფლებში, სადაც ჯერაც იყენებენ გუთანს, ურემს და მეურნეობისთვის აუცილებელ ხელსაწყოებს.

ამ ეტაპზე მას შეგირდები არ ჰყავს. თითქმის ორსაუკუნოვან სამჭედლოში საქმის შესწავლით არც მისი უახლოესი ნათესავები დაინტერესებულან, რაც ოსტატის წუხილს იწვევს.

მიუხედავად ამისა, ის დღემდე ერთგულად ემსახურება საკუთარ ხელობას, აგრძელებს წინაპართა ტრადიციას და ყოველ ახალ წელს, უცვლელად წარმოთქვამს "ხეხუნჯობის" ლოცვას, რომლითაც ოჯახის კეთილდღეობას და ჯანმრთელობას შესთხოვს ღმერთს.


მთავარი ფოტო: ზუგდიდის სამჭედლო, 1927 წელი.


ეს პუბლიკაცია მომზადდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ "ათინათი“ და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის შეხედულებებს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.