მარტვილის მუნიციპალიტეტში ბალდის კანიონის მშენებლობას ადგილობრივების ნაწილი, თვეებია, აპროტესტებს.
დღეს, მათ კომპანიის მანქანები ტერიტორიაზე არ შეუშვეს, რამაც ადგილზე პოლიციის მობილიზება გამოწვია. პროტესტის მონაწილეების მტკიცებით, გამოხატვის ამ ფორმას წინ გუშინ მომხდარი დაპირისპირება უძღოდა. მათიივე თქმით, წინა დღეს მათ მშენებელი კომპანიის დირექტორი რამდენიმე პირთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა, რის შედეგადაც ერთ-ერთმა ადგილობრივმა დაზიანებები მიიღო. თავის მხრივ, კომპანია აღნიშნულ ფაქტს უარყოფს და პროტესტანტებს პროვოკაციის მოწყობაში სდებს ბრალს.
ადგილობრივი ბაჩო თვარაძე, რომელიც პროტესტის მონაწილეა, გვიყვება, რომ ის დილით ჩვეულებრივსამებრ „პატრულირებდა“, რა დროსაც, მისი თქმით, კომპანიას ტერიტორიაზე ჩუმად შეჰქონდა ე.წ ხრეში და გამოუძახა გზდ-ს.
„როცა გამოვდიოდით, ჯერ წამოვიდნენ პროვოკაციაზე, სიტყვიერი შეურაცყოფა მოგვაყენეს, ამის შემდეგ ერთმანეთს ვუთხარით, რომ უნდა ჩავმსხდარიყავით და გამოვსულიყავით ადგილიდან.
ვაპირებდით გამოსვლას, როცა წამოვიდნენ ჩვენსკენ, მე მანქანაში ჩამსვა ჩვენმა თანამებრძოლმა, ჩვენმა მეგობარმა, რა დროსაც გინებით წამოვიდნენ თაზო რუხაიასკენ, რომელიც ოთხმა-ხუთმა ადამიანმა დააკავა. პირველად გიორგი მერკველაძემ დაარტყა, შემდეგ დანარჩენებმაც და დაახლოებით, ორი წუთის მანძილზე ეს ადამიანები ურტყამდნენ თაზოს. თან ემატებოდნენ, ქვევიდან მუშებიც ამოვიდნენ და ისინიც ეხმარებოდნენ.ჩვენ დაგვკითხეს უბრალოდ, თაზო ექსპერტიზაზეა წასული. ჩვენი პროტესტი გაგრძელდება. პირველ რიგში იმიტომ, რომ უსამართლოდ არის ეს პროექტი დაწყებული, არაკანონიერად, ამის ფონზე კიდევ მრავალი დარღვევა აქვთ, ანადგურებენ ბუნებას და ამას დამატებული ვხედავთ, რომ გადმოდიან აგრესიაზე.
ვითხოვთ, სადაც დაირღვა ეს ჩვენი უფლებები, დავბრუნდეთ იმ მონაკვეთში და დაიწყოს საჯარო განხილვები. ჩვენი აზრიც უნდა მოისმინონ“, - ამბობს ბაჩო.
პროტესტს უერთდება ადგილობრიი მაკა ნაჭყებიაც, რომელიც აქ 24 ოქტომბრიდან გაშლილი კარავთან მოდის და საკუთარ გულისტკივილს გამოხატავს. მაკა ამბობს, რომ აქ ხალხი საკუთარ „ოდაბადეს“ იცავს.
„ადგილობრივი მკვიდრი ვარ, ჩემი შვილები აქ გაიზარდნენ და ეს ადგილი უძვირფასესია ნამდვილად. დღეს გვესმის აქაურების გულისტკივილის, მოსახლეობა ერთ მუშტად არის შეკრული და ვიცავთ ჩვენს ოდაბადეს. დღეს რა მოხდაც, ამის მიუხედავად, ისევ აგრძელებენ მუშაობას. ვის უნდა ყოველთვის ასეთი შეხლა-შემოხლა. ეს ყველაფერი უნდა დალაგდეს და პირველ რიგში, სოფლის საკეთილდღეოდ გადაწყდეს. თითქოს, ეს ადგილი ჩვენთვის უცხო გახდა, აქ ჩვენ ადგილობრივი არა, უფრო სტუმრები ვართ და შეურაცხყოფილად ვგრძნობთ თავს. არ ესმით ამათ ჩვენი სოფლის გულის ტკივილი, ამიტომ გვწყდება გული. ჩვენ ერთმანეთს უნდა დაველაპარაკოთ და სოფლის საკეთილდღეოდ უნდა გადაწყდეს ყველაფერი. მოსახლეობა ყველა ერთად დგას და ყველამ დააფიქსირა თავისი აზრი. ჩვენ ვითხოვთ სამუშაოების შეჩერებას, რომ დალაგდება და გაირკვევა ყველაფერი, მერე გაგრძელდეს კანონიერად სამუშაოები“, - განმარტავს მაკა.
ბალდაში კანიონს „კანიონ 350’ აშენებს. მისი დირექტორი გიორგი მერკვილაძეა, რომელიც პოლიციამ გუშინ მომხდარი დაპირისპირების გამო უკვე დაკითხა. მერკილაძე ამბობს, რომ ყველა სამუშაო კანონის ფარგლებში სრულდება და მოწინააღმდეგეებს ბულინგსა და შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. ამასთან, კატეგორიულად უარყოფს მისი მხრიდან ძალადობის ფაქტს.
„ჩვენ ხუთი თვე ვმუშაობდით აქ და არანაირი პრობლემა არ ყოფილა ადგილობრივებთან. ხუთი თვის მერე ჩამოვიდნენ დამსვენებლები, ეგენი არცერთი არიან ბალდელები. მათ პირველივე შეხვედრაზე მომთხოვეს წილი, ჩვენი სოფლისთვის გამოყოფილი, სახელმწიფოს არ გადაუხადოთ და ჩვენ გადაგვიხადეთ წილიო, რაზეც უარი მოვახსენე. ამის შემდეგ დაიწყო ზეწოლა, ბულინგი, გინება, ლანძღვა, ონლაინ, პირდაპირ ჩემს თანამშრომლებზე. ადგილობრივი თანამშრომლები მყავდა 15-20 კაცი.
„თხუთმეტივე თანამშრომელი, ახალგაზრდა და ხანში შესული, ყველა დააბულინგეს და არცერთი აღარ გამოცხადდა სამსახურში. მე ახალი თანმაშრომლები ჩამოვიყვანე, დავიქირავე და გუშინ მოხდა ზუსტად იგივე, ჩვეულებრივ ვმუშაობდით და მოვიდნენ, პირდაპირ აგრესიაზე გადმოვიდნენ, როგორც ყოველთვის, რომ თქვენ აქ, ჩვენს სოფელში, როგორ გაბედეთ უჩვენოდ მუშაობა და მოგვაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაზეც მოხდა შეხლა-შემოხლა. მე მანქანაში ვიჯექი, უკან ხდებოდა ეს ამბავი. მათ მეგრულად დაიწყეს ლაპარაკი ერთმანეთში, შემდეგ წვდნენ ერთმანეთს ხელებით, გადმოვედი მანქანიდან, ჩავდექით შუაში, გავაშველეთ, თვითონ ჩასვეს თავიანთი ორი ბიჭი მანქანაში და ამით დასრულდა ყველაფერი.
ორი კვირის წინ შეხვედრა მქონდა ადგილობრივებთან, არ მოეწონათ ის ფაქტი, რომ ადგილობრივებს ვხვდებოდი, შემოგვივარდნენ ოთახში, ჩვენს მომხრეს სახლშიც მიუვარდნენ, შემოგვივარდნენ ოთახში და დააფიქსირეს ის ხალხი, რომელთანაც გვქონდა შეხვედრა. ეგ აინტერესებდათ. იმავე ღამეს დაადგნენ ათ-ათი კაცი ოჯახში, რომ მეტჯერ აღარ შემდგარიყო ჩვენს შორის შეხვედრა“ - უთხრა ჟურნალისტებს მერკვილაძემ.
კითხვაზე, ასეთ პირობებში, როგორ აპირებენ განაგრძონ სამუშაოები, კომპანიის დირექტორი გვპასუხობს, რომ ისინი კანონის ფარგლებში იმოქმედებენ.
ამის პარალელურად კი ბალდელების ნაწილი ყოველ ღამე კანიონის მიმდებარედ კარავში „პატრულირებს“ . მათი მოთხოვნა სამუშაოების შეჩერებაა მანამ, სანამ მათ სრული ინფორმაცია მშენებლობის შესახებ არ მიეწოდებათ და ადგილობრივების აზრებს არ გაითვალისწინებენ.
ბალდელები განმარტავენ, რომ მსგავსი პროექტის განხოციელება მხოლოდ ადგილობრივებთან განხილვის შემდეგ უნდა დაწყებულიყო.
კანიონი კი, რომელიც ბუნების ძეგლია, აუქციონის წესით, 20 - წლიანი საკუთრების უფლებითა და გარკვეული ვალდებულებებით სწორედ „კანიონი 350“-ს გადაეცა.
სახელმწიფო უწყებაში განმარტავენ, რომ ყველა სახის სამუშაო კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს. კომპანიამ ორი წლის განმავლობაში 3 მილიონ ლარამდე ინვესტიცია უნდა განახორციელოს, მომდევნო 3 წლის ვადაში კი ბუნების ძეგლზე მოაწყოს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა - ვიზიტორთა ცენტრი, როლერი ატრაქცია, კიდული ბილიკი და საფეხმავლო ბილიკი.
კანიონის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2023 წლის აპრილის თვიდან დაიწყო. პროექტის დაწყებამდე კი შეისწავლეს ბუნების ძეგლის გეოლოგიური, ჰიდროლოგიური კომპონენტი, რათა ბუნების ძეგლზე ინფრასტრუქტურის მოწყობა უსაფრთხო ყოფილიყო.
მასალის გამოყენების პირობები