სოფო ქვარცხავა საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მაგისტრია.
გარდა ამისა, მოკლევადიანი კურსების სახით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არაერთ პროექტში მიუღია მონაწილეობა. ახალგაზრდა სოხუმელ გოგოს ევროპულმა ღირებულებებმა და იქაურმა ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ ასწავლა, რომ განათლება ახალგაზრდისათვის პირველი პრიორიტეტია. მრავალფეროვანი ადგილობრივი თუ საერთაშორისო გამოცდილება იყო იმის საფუძველი, რომ ზუსტად 6 წლის წინ, სოფომ კოლეგებთან ერთად SS International Education დააფუძნა, რომელიც გლობალურ ბაზარზე პოზიციონირებს და მსოფლიოში ახალგაზრდებს განათლებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში ეხმარება.
დიდი ბრიტანეთიდან ახლახან ჩამოვიდა. როგორც თავად აღნიშნავს, ბიზნესკომუნიკაციის მიმართულებით ლონდონში მიღებული გამოცდილება და კონტაქტები უამრავი საინტერესო პროექტის გარანტი გახდება.
საქართველოდან პირველად აფხაზეთიდან დევნილი გოგო 2012 წელს წავიდა სასწავლო ვიზიტით პოლონეთში. რადიო
„ათინათს“ უყვება, როგორ აუწყო ფეხი თანამედროვე ევროპულ ცხოვრებას.
„უცხოეთში სწავლამ და იქაურმა ცხოვრებამ ბევრი რამ სხვანაირი თვალით დამანახა. როცა უცხო გარემოში ხვდები, შთაბეჭდილებების კორიანტელია ხოლმე ჩვენ ირგვლივ. განსხვავებული კულტურა, ადამიანები, გარემო უამრავ დადებით ემოციას იწვევს. ამ პროცესში ვითარდები, სწავლობ დამოუკიდებლობას, სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელ თანატოლებთან გიწევს ურთიერთობა, რაც ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი პროცესია. სირთულე, ალბათ, მხოლოდ უცხო გარემოსთან ადაპტირება და ახლობლებისგან შორს ყოფნა შეიძლება იყოს,“ - გვითხრა ჩვენმა რესპოდენტმა.
ამბობს, რომ ყოველწლიურად სწრაფი ტემპით იცვლება ყველაფერი. ახალგაზრდებს ზუსტად აქვთ გაცნობიერებული, რა სურთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - სად ხარ, რა გინდა და სად მიდიხარ. მიიჩნევს, რომ უცხოური გამოცდილებიდან საქართველოში უამრავი გამოცდილების დანერგვა შეიძლება.
„გამოვყოფდი ჩემი სფეროდან გამომდინარე - განათლებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, განათლების მიღების მიმართ შეიცვალოს მიდგომა, მაგალითად, პროფესიული განათლების მიმართ დამოკიდებულება. აჩქარებულ დროში, მოქნილი და საჭირო განათლების მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - ამბობს სოფო.
იხსენებს იმასაც, რომ გზა უცხო ადგილებში თავის დამკვიდრებისა მარტივი არ ყოფილა, თუმცა ძალიან დიდი გამოცდილება დააგროვა და გაუზიარა კიდევაც ახალგაზრდებს.
„ვთვლი,რომ ღირსეული მაშინ ხარ, როდესაც მონდომებულ ახალგაზრდას ეხმარები და აძლევ შესაძლებლობას მეტს მიაღწიოს. სამყაროში ყველაფერი დროებითია და როგორც შემიძლია, მე მზად ვარ ნებისმიერ მოტივირებულ ახალგაზრდას გავუზიარო ჩემი გამოცდილება და შეძლებისდაგავარად, დავეხმარო. მთავარია, გჯეროდეს შენი შესაძლებლობების. ყოველთვის ვამბობ ხოლმე და ახლაც ვიტყვი, ვინც თვლის, რომ იმსახურებს წარმატებას, ის აუცილებლად მიაღწევს წარმატებას. ახალგაზრდებს ვურჩევ, გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა რომელიც არსებობს სამყაროში განვითარებისათვის. მეტი გამოცდილება, მეტი ცოდნა და შრომა არის წარმატების მთავარი გარანტი“, - გვითხრა ქვარცხავამ საუბრის ბოლოს.
სოფო აპირებს, ახლაც და მომავალშიც წვლილი შეიტანოს როგორც განათლების სფეროს განვითარებაში, ასევე, ახალგაზრდებისათვის შესაძლებლობების შექმნაში.
ეს სტატია მომზადდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ [ავტორი] და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის შეხედულებებს.
This article was produced with the financial support of the European Union and UNDP. Its contents are the sole responsibility of [AUTHOR] and do not necessarily reflect the views of the European Union and UNDP.
მასალის გამოყენების პირობები