კომპანია "რუხი დედოფლის" მიერ წარმოებული თაფლის კოსმეტიკური საშუალებები კატარში ექსპორტზე გავიდა.
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში წარმოებულ თაფლზე დამზადებული პროდუქცია 14 სხვადასხვა სახეობას მოიცავს და თითოეულმა მათგანმა ორწლიანი ცდებისა და ლაბორატორიული კვლევევების შემდეგ იხილა დღის სინათლე. დეტალებზე რუხელი მეწარმე თამარ კვარაცხელია რადიო
"ათინათთან" თავად საუბრობს.
"კოსმეტიკა უშუალოდ უკავშირდება ამ პროგრამას, რომელიც სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ იყო ორგანიზებული. გამოფენაზე, რომელიც ჩატარდა გასულ წელს, 2023 წელის მარტში, კატარში, დოჰაში, თაფლთან ერთად მცირე ოდენობით მქონდა წაღებული კოსმეტიკის სინჯები, რომელმაც ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და საკმაოდ დიდი მოწონებაც, როგორც ადგილობრივ მოსახლეობაში დოჰაში, აგრეთვე უცხოელ სტუმრებში. ეს არ იყო მხოლოდ ის, რომ ჩვენ გვქონდა შემოთავაზება კატარიდან, იყვნენ ომანიდანაც გამოფენის მონაწილეები, რომლებმაც საკმაოდ დიდი მზაობა გამოიჩინეს, გაგვეტანა, აგრეთვე, ომანში, მაგრამ, ჯერჯერობით, კონტრაქტზე არ გვაქვს ხელი მოწერილი, მოლაპარაკებების ეტაპზე ვართ. კოსმეტიკა, ექსპორტზე, ჯერჯერობით, რთ ქვეყანაში გავიდა ასეთ ფართო მასშტაბზე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უკვე დღეს კატარიდან გადავიდა საუდის არაბეთში. ვფიქრობთ, დისტრიბუციის სქემა ასე ავაწყოთ, რომ ერთ აღმოსავლურ ქვეყანაში განვახორციელებთ ექსპორტს და უშუალოდ იმ ქვეყნიდან განხორციელდება დისტრიბუცია. ევროპაზეც ვფიქრობთ, რადგანაც, დროა, უკვე კომპანიამ იფიქროს ევროპული ბაზრის ათვისებაზე", - ამბობს კვარაცხელია.
ყვება, რომ კოსმეტიკის იდეა მეტი შემოსავლის მიღების გამო გაუჩნდა. ბევრი არ უფიქრია, რადგან ნატურალური თაფლითა და ფუტკრის პროდუქტებით დამზადებული კოსმეტიკა არაერთ უცხოურ ბაზარზე აღმოაჩინა. სირთულე იყო, რომ ამ მიმართულებით გამოცდილება და ცოდნა არ ჰქონდა, თუმცა ქართულ კოსმეტიკურ კომპანიასთან თანამშრომლობით კოლაბორაცია შედგა და პროდუქცია დამზადდა.
"ამ პერიოდში არანაირი გამოცდილება არ გვქონდა ამ მიმართულებით, რადგანაც ამას სჭირდება სხვანაირი ცოდნა, სპეციალური ლაბორატორია, საწარმო სივრცე, რომელიც არ გაგვაჩნდ. რეალურად, მომიწია მომეძია კომპანია საქართველოში, რომელსაც შეეძლო ჩვენთვის გაეწია მომსახურება. მე, რადგანაც უშუალოდ თაფლი არის ჩემი პრიორიტეტი, მუდმივად მიჩნდებოდა იდეები და აზრები, რა შეიძლება შეგვექმნა კოსმეტიკის მიმართულებით. ცდებს ვატარებდით, დაახლოებით, ორი წლის განმავლობაში. იყო პროდუქტები, რომლებმაც ძალიან კარგად იმუშავა, იყო პროდუქტები, რომელთა ფორმულის შეცვლაც მოგვიწია. საკმაოდ დიდი და გრძელვადიანი პროცესი აღმოჩნდა. მე მიმქონდა ხოლმე სია პროდუქციის, რომელიც მჭირდებოდა, მაგალითად, თმისთვის. ვეძებდი ინტერნეტში, რა შეიძლება ყოფილიყო თაფლის მიმართულებით კოსმეტიკა, მერე სპეციალისტები არგებდნენ ხოლმე ფორმულებს, როგორ შეიძლებოდა დამზადებულიყო. თაფლი ისეთი სპეციფიკური პროდუქტია, მით უმეტეს, ცოტა ალერგიულიც არის, შესაბამისად, უფრო მეტი ცდის ჩატარება უწევდათ, ვიდრე სხვა პროდუქტებზე შეიძლებოდა. საბოლოოდ ჩამოყალიბდა 14 პროდუქტი. გვაქვს სკრაბები, გვაქვს საპნების სხვადასხვა ვარიანტი, აგრეთვე, ტუჩის მოვლის საშუალებები როგორც სკრაბი, ასევე ბალმი, გლოსი უშუალოდ გვაქვს გაკეთებული თაფლით, ეთერზეთები, შრატები, კრემები და ისეთი ფართო სახის ნიღაბიც გვაქვს, რომელიც არის დამზადებული დინდგელის ექსტრაქტზე. თაფლსა და დინდგელს უშუალოდ საკმაოდ დიდი თვისება აქვს სამკურნალოდ. არის ანტისეპტიკური საშუალება, რომელიც კანისთვის არის უებარი წამალი. უწყობს ხელს კანის რეგენერაციას, აღდგენას. არის ნაოჭსაწინააღმდეგო, აქვს აკნეს საწინააღმდეგო თვისებები, თვითონ დინდგელი და თაფლიც შეიცავს ძალიან ბევრ ვიტამინს, შესაბამისად, ეს არის, ალბათ, სრულიად ვიტამინების ბუკეტი, რომელიც შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენს ორგანიზმს", - ახასიათებს საკუთარ პროდუქციას რუხელი მეწარმე.
მას მშობლიურ სოფელთან დაკავშირებითაც დიდი გეგმები აქვს. მიიჩნევს, რომ თაფლზე დამზადებულ კოსმეტიკას საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს და სწორედ ამიტომ, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში საწარმოს გახსნას გეგმავს.
"გვინდა, რომ საწარმო სივრცე გავაკეთოთ სოფელ რუხში, რადგანაც სოფელი ძალიან დიდი დატვირთვის არის ჩვენი კომპანიისთვის. გვინდა, რომ სოფლის პოპულარიზაცია მოვახდინოთ და აგრეთვე გვინდა, რომ "საზღვრისპირა" სოფლისთვის შევქმნათ შემოსავლის წყარო ამ საწარმოს სივრცის გახსნით, უშუალოდ, აგროტურიზმის პოპულარიზაციით, რომელიც ხელს შეუწყობს, როგორც შემოსავლის და ინვესტიციის მოზიდვას, აგრეთვე, საკმაოდ ფართო მასშტაბებზე გაგვიყვანს, როგორც კომპანიას და ასევე, ცნობადობაც საკმაოდ გაიზრდება", - გვიყვება გეგმების შესახებ ჩვენი რესპონდენტი.
თამარ კვარაცხელიას კომპანიას ფუტკრების ასობით ოჯახი ჰყავს. ის თაფლს 2019 წლიდან აწარმოებს და ასევე, წლებია, პროდუქტი ექსპორტზე გააქვს. რაც შეეხება კოსმეტიკურ საშუალებებს, ის "რუხი დედოფლის" ახალი პროდუქტია და ამ ეტაპზე, საქართველოში, მხოლოდ თბილისში მდებარე მაღაზიაში იყიდება, თუმცა მეწარმე პროდუქციის ონლაინ რეალიზებასაც აანონსებს.
მასალის გამოყენების პირობები