ანანო ბულიამ უცხოური განათლების მისაღებად აღმოსავლეთ აზია, იაპონია აირჩია.
ის ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან კერძო, "კეიოს" უნივერსიტეტში სწავლობს. ანანო იაპონური ენისა და კულტურის შემსწავლელ ერთწლიან კურსზე გასულ წელს ჩაირიცხა.
სკოლის პერიოდიდანვე გატაცებული იყო ენებისა და სხვა სახელმწიფოების კულტურების შესწავლით, რაც წარმატებული ქვეყნების პოლიტიკის, დიპლომატიისა და ეკონომიკის მიმართ პროფესიულ ინტერესში გადაიზარდა.
"თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებზეც ამავე მიზეზით ჩავაბარე. მსურდა, რომ იმ ხიდის ნაწილი ვყოფილიყავი, რომელიც საქართველოსა და განვითარებული ქვეყნის დაკავშირებით ჩემს ქვეყანას წინსვლისკენ უბიძგებდა. მეორე კურსის ბოლოს კი, ისე მოხდა, რომ სტიპენდიის მეშვეობით, ერთი წლით გამგზავრების საშუალება მომეცა, სანამ კვლავ დავუბრუნდები სამშობლოს უნივერსიტეტს და მესამე კურსს განვაგრძობ", - ამბობს ანანო.
რადიო
"ათინათთან" ჰყვება, რომ წინასწარ მოიძია ქვეყნის შესახებ ინფორმაცია და თავდაპირველად, ადგილობრივ საელჩოში შემოწმდა მისი აკადემიური დონე. ასევე, გაიარა ენის გამოცდა და გასაუბრება, რის შემდეგაც, რეკომენდაციის საფუძველზე, მისი კანდიდატურა იაპონიის განათლების სამინისტროში განიხილეს.
"ვინაიდან ბავშვობიდან ოცნებად მქონდა ქცეული განათლების ამ ქვეყანაში მიღება, ტექნოლოგიების დახმარებით, ყველანაირი ინფორმაციის შეგროვება მოვახერხე. ხშირად ვკითხულობდი თავად იაპონელების და ამავდროულად, უცხოელების გამოცდილებების შესახებ. წინასწარვე მქონდა წარმოდგენა, თუ რა ტიპის სწავლება და კულტურა შეიძლებოდა შემხვედროდა ჩამოსვლის შემდეგ. ვფიქრობ, რომ 100%-ით გაამართლა ჩემი მოლოდინი იაპონიამ და გულწრფელად ბედნიერი ვარ, რომ ამ პროგრამის მეშვეობით შევძელი საკუთარ თავზე გამომეცადა ის ყველაფერი, რასაც ერთ დროს მხოლოდ ინტერნეტიდან ვხედავდი", - ამბობს ანანო.
მისთვის ერთ-ერთი გამოწვევა ტოკიოს ცხოვრების სწრაფი ტემპი და ქართული სამზარეულოს დეფიციტი აღმოჩნდა. ის გვიყვება, რომ ახალ ჩასულს მეტროსადგურში გადაადგილება კომპლექსურად ეჩვენებოდა, თუმცა მისი თქმით, მსგავს შემთხვევებში, ადგილობრივები ყოველთვის მზად არიან უცხოელებს დაეხმარონ.
"ცხოვრების სტილიც, ერთი სიტყვით რომ დავახასიათო, მოძრავია. ტოკიო არასდროს ჩერდება და არ გელოდება. გაიძულებს, რომ მის ჩქარ ტემპს აუწყო ფეხი, რაც ბევრ კონტექსტში დამეხმარა პიროვნულად გაზრდაში. ის, ვინც ამ ტემპის აყოლას მარტივს ხდის, გარშემო მყოფი ხალხია. ვფიქრობ, ასე დინამიკურად არსებობა ამ ქალაქში იმიტომ არის შესაძლებელი, რომ ადგილობრივებს დისციპლინა და კანონის დაცვა ყველაზე ღრმად აქვთ ბუნებაში გამჯდარი. ქუჩაში, მატარებელში, საჯარო შეკრების ადგილებში, აბსოლუტურად ყველგან წესრიგია. ეს მათი სხვა ადამიანების მიმართ პატივისცემისგან გამომდინარეობს. "საჯარო" ადგილი "ყველას" ადგილს ნიშნავს და ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, რომ სხვას პრობლემა არ შეუქმნან, რათა ყველამ სასიამოვნოდ მოახერხოს ერთ სივრცეში თანაცხოვრება".
ანანო ქართულ და იაპონურ განათლების სისტემებს შორის ბევრ მსგავსებას ხედავს. მისი თქმით, სტუდენტების მაქსიმალურად ჩართვა და მათი როგორც აკადემიური, ასევე პერსონალური განვითარებისკენ მიმართული კურიკულუმები, ის დიდი და ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილია, რომელიც ორ ქვეყანას აკავშირებს.
"ერთადერთი დამატებით, რასაც ვისურვებდი, რომ საქართველოსაც ჰქონოდა, უნივერსიტეტის/სკოლების "წრეებია", ის აქტივობები, რომლებშიც მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ აკადემიური საათების შემდეგ და ცალკეულ სოციალურ წრეში თავიანთ უნარებს ივითარებენ. ეს უნივერსიტეტებში უფრო მაღალ საფეხურზე გადადის და არსდება საერთაშორისო, სხვადასხვა კულტურის ხალხის დასაკავშირებლად, გაზეთისა და მრავალი სხვა საგანმანათლებლო კლუბები, რომლებიც ხშირად აკადემიურ კურიკულუმზე მეტად ეხმარება სტუდენტს პიროვნულად ჩამოყალიბებაში. მაგალითად, ვფიქრობ, ჩემივე უნივერსიტეტის საერთაშორისო წრეც გამოდგება, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ერთ სივრცეში იკრიბებიან და ერთმანეთს თავიანთ კულტურასა და ცოდნას უზიარებენ", - გვიზიარებს რესპონდენტი.
მისთვის მნიშვნელოვანია, გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა და როგორც თვითონ გვეუბნება, ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გამოცადოს ადამიანმა დამოუკიდებლად, სრულიად სხვა გარემოსა და წარმომავლობის საზოგადოებასთან თანაცხოვრება.
"თითქოს, ერთსა და იმავე დროს რადიკალურად განსხვავდებით, მაგრამ თან სრულიად ერთნი ხართ. უცხო ქვეყანაში მოკლე პერიოდით ცხოვრებისას უფრო მეტ მრავალფეროვან ცხოვრებისეულ გამოცდილებას იღებ, ვიდრე ერთსა და იმავე ადგილას წლების განმავლობაში. არა მხოლოდ იმ ადამიანების გამო, ვინც შენს გარშემო არიან, არამედ იმიტომ, რომ სწავლობ მარტო ცხოვრებას, ყველაფერთან სრულიად მარტო გამკლავებას.
ვთვლი, რომ ის ცხოვრებისეული გაკვეთილები, რომლებიც აქ ცხოვრებისას მივიღე, ფასდაუდებელია. არის რაღაცები, რასაც ერთ სივრცეში ტრიალით ვერ ისწავლი, რისთვისაც საჭიროა, რომ ფრთები გაშალო და დროებით ცოდნის ასამაღლებლად სხვა გარემოში იცხოვრო", - გვიყვება ზუგდიდელი სტუდენტი.
ანანოს სამომავლო გეგმები საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებს უკავშირდება. ფიქრობს, რომ იაპონიაში მიღებული განათლებით უკეთ შეძლებს დიპლომატიის მეთოდები და მისი პრაქტიკაში განხორციელების გზები სამშობლოში გამოიყენოს, რაც მისი თქმით, დაეხმარება სამომავლოდ ამ ორი ქვეყნის კავშირის გაღრმავებაში.
ეს სტატია მომზადდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ [ავტორი] და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის შეხედულებებს.
This article was produced with the financial support of the European Union and UNDP. Its contents are the sole responsibility of [AUTHOR] and do not necessarily reflect the views of the European Union and UNDP.
მასალის გამოყენების პირობები