მესტიის სოფელ იდლიანში, ტყეში გაჩენილი ხანძარი თანდათან დასახლებულ ტერიტორიას უახლოვდება და საკარმიდამო ნაკვეთებამდე 200-300 მეტრია დარჩენილი.
ამის შესახებ რადიო
„ათინათს" სოფლის რწმუნებულმა უთხრა. ბეჯან ჭკადუას თქმით, თუ ცეცხლის ლოკალიზება ვერ მოხერხდება, შესაძლოა, მოსახლეობის ევაკუაცია გახდეს საჭირო.
„ვერტმფრენს, რომელიც ახლა მთის მხარეს აქრობს ხანძარს, ვთხოვეთ ახლა აქეთ წამოვიდეს. თუ ასე გაგრძელდა ძალიან საშიში იქნება... ახლაც, უკვე ძალიან ძლიერი დაკვამლიანებაა. სტიქიასთან ახლოს ყველაზე ახლოს ორი ოჯახია, სულ რამდენიმე მეტრი აშორებს ცეცხლთან“, - თქვა ბეჟან ჭკადუამ.
ერთ-ერთი ადგილობრივი ავთანდილ კვანჭიანი ამბობს, რომ ვითარება თანდათან რთულდება და საჭიროა ორი ოჯახის ევაკუაცია.
„მათი ღობე უკვე დამწვარია, ძალიან ახლოსაა ცეცხლი და ეს ადამიანები უნდა მოვაშოროთ იმ ადგილს“, - გვითხრა იდლიანის მკვიდრმა.
რწმუნებულის ინფორმაციით, სტიქიასთან ახლოს 10-მდე ოჯახი ცხოვრობს.
მასალის გამოყენების პირობები