სტატია
კანდიდატის სტატუსი ჩვენია - ზუგდიდელების პირველი ემოციები
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ზეიმობს. მთელ ქვეყანასთან ერთად ისტორიული გადაწყვეტილებით კმაყოფილები და ბედნიერები არიან ზუგდიდელები.

ჩვენ სხვადასხვა პროფესიის ზუგდიდელებს ვკითხეთ, როგორია მათი პირველი ემოციები კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ და რას ნიშნავს ეს მათთვის.

გთავაზობთ რადიო "ათინათის" რესპონდენტების პასუხებს. 


დავით ლოგუა - "სამართლიანი არჩევნების" რეგიონული ხელმძღვანელი

"მოლოდინი მქონდა, მაგრამ რაღაცნაირად ორჭოფულ მდგომარეობაში ვიყავი იმიტომ, რომ უკრაინასთან მიმართებით უნგრეთი აფერხებდა კანდიდატის სტატუსს და შესაძლებელი იყო, რომ ეს ჩვენც შეგვხებოდა. ევროკავშირმა მოახერხა ამ პრობლემის გადალახვა.

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის უმნიშვნელოვანესი პრეცედენტი გამომდინარე იქიდან, რომ საუკუნოვანმა ბრძოლამ და არაერთმა ადამიანის თავგანწირვამ შედეგი გამოიღო.  მაგალითად, ჩვენ გუშინ გამსახურდიას ძეგლთან შევიკრიბეთ, სწორედ ამ ადამიანების, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სიცოცხლის შეწირვამ ფაქტობრივი შედეგი გამოიღო.

სოციალურ ქსელში დავპოსტე, მეგობრებთან და ახლობლებთან დავრეკე, რათა მოვბილიზებულიყავით და ერთობლივად აღგვენიშნა ეს უმნიშვნელოვანესი ღამე. გამოვედით კიდეც და ქალაქის სივრცეში საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნით მოვაწყვეთ მსვლელობა.

ჩემთვის ევროკავშირი ნიშნავს ადამიანის უფლებების კუთხით, მნიშვნელოვან წარმატებას, სამართლიან არჩევნებს, უკეთეს სასამართლოს, ხანდაზმულთა ბედნიერ საპენსიო პერიოდს, უკეთეს განათლებას, უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას".


ჯენეტ ქვარცხავა - მასწავლებელი

"ველოდი და ყოველი მიზეზის გარეშე პოზიტიურად ვიყავი განწყობილი.

რომ გამოცხადდა გადაწყვეტილება, სასწრაფოდ შვილებს დავურეკე და მივულოცე.

ჩემთვის ეს ნაბიჯი არის შეგრძნება, რომ ჩვენ და ევროპა ერთნი ვართ. ევროპული ღირებულებები ქართველებისთვის უცხო არ არის, ჩვენ ვიზიარებთ ღირებულებებს, მაგრამ ბოლო ორასმა წელმა უკან დაგვხია, ახლა კი ჩვენ ნამდვილად ვართ ევროპული ოჯახის წევრი. ჩვენთვის ახალი არ არის ადამიანის უფლებები, ეს ოდითგანვე გვქონდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ჩაიკლა, თუმცა ახლა ისევ აღორძინდა. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ვიცხოვრებთ თავისუფალ საქართველოში".

გახა შონია - აგრონომი

"სიმართლე გითხრათ, მოლოდინი მქონდა, გამომდინარე იქიდან, რომ ქართველი ხალხი ნამდვილად იმსახურებდა სტატუსის მინიჭებას, რაც თავის შინაარსით გულისხმობს, რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა მოვემზადოთ დიდ ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისთვის, ამისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

მთელი დღის განმავლობაში გვქონდა იმის მოლოდინი, თუ როდის გამოაცხადებდნენ ამ ყველაფერს და ვიზეიმებდით ამ ყველაფერს. განცდებს რაც შეეხება, ამ წამსაც ვერ გამოხატავ და ბოლომდე ვერ აღვიქვამ, თუმცა ძალიან დიდი სიხარული მოიტანა, ცხადია და მეგობრები ერთმანეთს ვულოცავდით ამ დიდ დღეს.

ჩემთვის, ევროკავშირი ნიშნავს უფრო მეტ შესაძლებლობას, უფრო მეტ პრივილეგიას, რომ განვვითარდეთ როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ისე განათლების კუთხით და გვქონდეს უფრო მეტი პერსპექტივა, ვიყოთ ევროპის ღირსეული წარმომადგენელი და გვქონდეს ჩვენი ძლიერი ეკონომიკა, რათა ჩვენი ახლობლები არ მიდიოდნენ ევროპაში სამუშაოდ იმის გამო, რომ საქართველოში მსგავსი პირობები არ აქვთ. ევროპაში უნდა დავდიოდეთ დასასვენებლად ან მეგობრების სანახავად".

თეა ხარბედია - ექიმი

"მე ძალიან ოპტიმისტი ადამიანი ვარ და რა თქმა უნდა, ველოდებოდი. ეს სასიხარულო ფაქტია და შინაგანი მოლოდინი ნამდვილად მქონდა.

ძალიან დიდი სიხარულით, ემოციური პიკი გვქონდა, რის გამოც თანამოაზრეებმა გუშინ სპონტანურად გადავწყვიტეთ ბულვარის ტერიტორიაზე, გამსახურდიას ძეგლთან შევიკრიბეთ და ასე აღვნიშნეთ ეს ფაქტი. დიდი სიხარული იყო და ემოციურად დატვირთული საღამო იყო.

პირადად ჩემთვის, ეს გადადგმული ნაბიჯი არის ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, ჩვენი ქვეყნის გამთლიანების პერსპექტივა უფრო მკაფიოდ ჩანს, დიდი მოლოდინი მაქვს ყველა სფეროს გაუმჯობესებისა და რეფორმირების. ეს აუცილებლად იქნება პროგრესის მომტანი".

ნიკა ლაშხია - პოეტი

"ბევრ შესაძლებლობას ნიშნავს პირველ რიგში, მე ორ ქვეყანაში ვარ ნამყოფი ევროკავშირის, ორივე ქვეყანაში ისეთი განცდა მქონდა, რომ ვხედავდი ბედნიერ ადამიანებს, ყველას რაღაცნაირი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე და ძალიან მინდოდა ეს ყველაფერი საქართველოშიც მენახა.

არ ვიცი, რამდენად მოიტანს ამ ყველაფერს, ბედნიერებას ევროკავშირი, თუმცა დარწმუნებული ვარ რომ უფრო ლაღ, კარგ და უფრო ღიმილით სავსე ქვეყანაში ვიცხოვრებთ. ფრენების დრო დადგა და ჩვენც ვართ იმისი ღირსი, რომ ვიფრინოთ სხვადასხვა ქვეყანაში და ვიგრძნოთ თავი ერთიან სივრცეში, ისე რომ ვიყოთ თავისუფალი, კარგები და მომავლისკენ გავიხედოთ, რა თქმა უნდა, უფრო მეტი შესაძლებლობების პერსპექტივით.

ყველაფრისთვის კარგია აბსოლუტურად - სპორტისთვის, მწერლობისთვის და ყველა სივრცისთვის არის მნიშვნელოვანი, მათ შორის ბიზნესისთვისაც. იმედი მაქვს, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება, ეს კანდიდატის სტატუსი დიდხანს არ დარჩება სტატუსად და ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება ჩვენი სახელმწიფოების მიმართ.

სიმართლე გითხრათ,  მოლოდინი მქონდა, რაღაცნაირად ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა, როგორც წინა ხელისუფლების პირობებში, ასევე, ამ ხელისუფლების პირობებშიც ასე თუ ისე კუს ნაბიჯებით მაინც მივიწევდით წინ და შეიძლებოდა მიგვეღო ეს სტატუსი. პირველ რიგში, რაც გავაკეთე, მივწერე მეგობრებს, ისეთი განცდა მქონდა ნუ კეთილისმომგვრელი."

რუსუდან ყალიჩავა - ასოციაცია ,,ათინათის'' დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე

"როდესაც რაღაც ძალიან გინდა, ცხადია გაქვს მოლოდინი. . .დიახ ველოდი, მაგრამ ამავე დროს, ცოტა არ იყოს, მეშინოდა. . . ალბათ 50/50-ზე ვიყავი, ამიტომ გუშინდელი დღე და ის კონკრეტული მომენტი ჩემთვის უსაზღვროდ სასიხარულო იყო.

რა განცდა მქონდა და რა გავაკეთე? საღამოს მე და ჩემი მეუღლე სტუმართან ერთად ვსაუბრობდით, როცა ეს სასიხარულო ინფორმაცია გამოცხადდა და რასაკვირველია, ჩვენი პირველი რეაქცია იყო საქართველოს სადღეგრძელო და ერთმანეთისთვის მილოცვა ჭიქა ღვინით. ყველაფერი ძალიან სიმბოლურად დაემთხვა ერთმანეთს.

პირადად ჩემთვის, ევროკავშირი ნიშნავს თავისუფლებას, შემდეგ კი უდიდეს პასუხისმგებლობას. ევროკავშირი ასოცირდება სტაბილურობასთან და უზარმაზარ შესაძლებლობებთან, ამავე დროს ევროკავშირი არის იდენტობის, რელიგიის, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და დაცვა. ევროპული ფასეულობები ჩემთვის ქრისტიანული ღირებულებებია და სლოგანი "შინ ევროპისკენ" ვფიქრობ, ძალიან უხდება საქართველოს! ჩვენ ვბრუნდებით შინ, ევროპაში!

მე მადლიერი ვარ "ათინათის", ჩემი კოლეგების, მეგობრების, რადგან ამ მნიშვნელოვან მიღწევაში მათი დიდი შრომა, ძალისხმევა, ერთგულება და თავდადება არის ჩადებული. ამიტომაც ვარ ბედნიერი და ვულოცავ ყველას. თუმცა აწი გაცილებით დიდი მეტი მობილიზება და ძალისხმევა გვმართებს".

ბესიკ არახამია - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორი

"რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი დღეა დღეს და საუკუნეებია ველოდებით ევროპასთან სიახლოვეს. ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის წევრები და მთელი ჩვენი წარსული მიმართულია აზროვნებით, განათლებით და გონებით ევროპისკენ. ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც სამეგრელოდან ევროპაში განათლების მისაღებად აგზავნიდნენ ახალგაზრდებს. ეს არის ჩვენთვის ევროპული არჩევანი და გზა. სიმართლე გითხრათ, მოლოდინი არის სასწაული რაღაც, უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ნათელი წერტილი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში აისახება, როგორც ყველზე მნიშვნელოვანი თარიღი.

განცდასთან დაკავშირებით, პირველი რაც მომაფიქრდა იყო, რომ ახალგაზრდებს, თაობას, რომელიც ჩვენს შემდგომ მოდის ამათ ექნებათ ნათელი მომავალი. ეს იქნება მომავალი ადამიანობის, ურთიერთობისა და განათლების. ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ევროპა ფართოვდება და ჩვენი ქვეყნის საზღვრები ხვდება ევროინტეგრაციაში. ეს ორი თემა ძალიან მჭიდრო კავშირშია და ერთადერთი, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი ეს არის ახალგაზრდების მომავალი.

ამ ამბის გაგების შემდეგ ის იყო, რომ მთელი ემოცია და განცდა მომართული იყო იმისკენ, რომ ნუთუ ეს მართლა მოხდა. ძალიან მიხარია ის, რომ მთელი ჩემი წარსული, ერთობა და საქმიანობა დაკავშირებული იყო იმისკენ რომ გვღირსებოდა ევროპული მომავალი.

ჩემთვის ევროკავშირი და ზოგადად, ევროპული ღირებულებები ნიშნავს ინოვაციას, დაწყებული სოფლის მეურნეობით, დამთავრებული ნებისმიერი სფეროთი. მე მჯერა, რომ ჩვენ მთელი ჩვენი არსით ვართ ევროპელები".

ეკა მინჯორაია - "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების" ქსელის ზუგდიდის ოფისის კოორდინატორი

"კი, მოლოდინი მქონდა, პოზიტიური განწყობა მქონდა ამ კუთხით. ძალიან მოულოდნელი იყო, წუხელ მართლა აღარ ველოდით, მღელვარება იყო, რა თქმა უნდა. როგორც ასეთი, მოლოდინი მქონდა, რომ აუცილებლად მივიღებდით კანდიდატის სტატუსს.

ოჯახის წევრებმა ვიმხიარულეთ, მივულოცეთ ერთმანეთს და ეს იყო ზღვა ემოცია, შემდეგ მიულოცეთ ახლობლებს და სოციალურ ქსელში სადაც კი ვარ გაწევრიანებული, ჯგუფებში ყველგან ყველას მიულოცე.

ეს არის მეტი კეთილდღეობა, ეს არის წესრიგი მეტი ქვეყანაში, ეკონომიკური წარმატება, სამართლიანობა და ნუ, ყველაფერი ეს არის. მეტი უსაფრთხოება, მეტი მშვიდობა, მეტი თავდაცვის უნარი ქვეყანაში, ქვეყნის განვითარება, სამართლიანი სასამართლო, მიუკერძოებელი მართლმსაჯულება, რაც ვფიქრობ, უპირველესია.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
23 / ნოემბერი 2024
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილმა „მინისტრმა“ და ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა, ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა შეიძლება გახდეს რუსეთ-ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს ერთიანი ვალუტის საცდელი ადგილი. ამის შესახებ მან რუსულ РБК - სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
23 / ნოემბერი 2024
„ახლა აფხაზეთში არ ვარ, რამდენიმე დღით მიფრინავ მოსკოვში“, - ამის შესახებ რუსულ „ტასს“ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ განუცხადა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ მდინარე ჩხოუშის ხიდისკენ.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.