სტატია
ფაქტები და პასუხგაუცემელი კითხვები ოკუპირებულ გალში ირაკლი კვარაცხელიას სიკვდილის შესახებ (ფოტო)
28 წლის, აფხაზეთიდან დევნილი საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელია ოკუპირებულ ნაბაკევში, სამხედრო ბაზაზე ამ ეტაპზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ეს ერთადერთი დაზუსტებული ფაქტია, რაც 11 მარტს მომხდარი ამბის შესახებ ვიცით. სხვა დანარჩენზე ქართულ სახელმწიფოს, საზოგადოებას და გარდაცვლილის ახლობლებს კონკრეტული პასუხი არ აქვთ.

ჩვენ არ ვიცით თავი მოიკლა, მოკლეს თუ ცემაში შემოაკვდათ რუს სამხედროებს მათ მიერვე 10 მარტს, თაგილონი-ნაბაკევის მონაკვეთზე, ენგურის გასწვრივ, ე.წ. საზღვრის გადმოკვეთის მცდელობის დროს, „საზღვრის უკანონო კვეთის“ ბრალდებით დაკავებული კვარაცხელია. აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ამტკიცებს, რომ მან თავი დაკითხვის ოთახში მაშინ ჩამოიხრჩო, როცა მარტო დარჩა. ოკუპირებული რეგიონის ე.წ. უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ცხედარს აფხაზეთში ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომელმაც  დაადგინა, რომ კვარაცხელიას სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება. დე ფაქტო უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ გამოძიებას „რუსეთის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოები“ აწარმოებენ.

ეს განცხადება აფხაზურმა მხარემ ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებიდან მხოლოდ მესამე დღეს გააკეთა. კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ კი ქართული მხარისთვის ცნობილი 12 მარტს, მომხდარიდან მეორე დღეს გახდა ცნობილი. სამშაბათს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედ ცხელ ხაზზე დაყრდნობით გაავრცელა საგანგებო განცხადება, რომ დე ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლების ცნობით, გალში ერთ-ერთმა ადგილობრივმა, საქართველოს მოქალაქემ, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლებამ დააკავა, თავი მოიკლა.

ამავე საღამოს  სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ ყველა შესაბამისი სტრუქტურა მუშაობს და ყველა მექანიზმი ჩართულია, რომ 28 წლის ქართველი ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საქმეზე ობიექტური გარემოებები დადგინდეს.

„ჯერჯერობით, სხვა რამე ვარაუდის გამოთქვა არ შემიძლია, რადგან ვფლობთ იმ ინფორმაციას, რაც მათ მოგვაწოდეს. ასეთ მძიმე ფაქტზე მე ვალდებული ვარ, ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით აღვიჭურვო, რომ ვერ დავიწყებთ ვერანაირად სპეკულაციებს.ახლა სხვა ვარაუდის გამოთქმა იქნება ძალიან უპასუხისმგებლო იმიტომ, რომ ფაქტი თავისთავად არის მძიმე", - აღნიშნა მინისტრმა. 

იმავე დღეს დაიწყო მუშაობა ცხედრის გადმოსვენებისთვის. საბოლოოდ, მოლაპარაკებებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და წითელი ჯვრის ჩართულობით ირაკლი კვარაცხელია ენგურის ხიდიდან ზუგდიდში 13 მარტს, საღამოს გადმოასვენეს. ცხედარი ქართველმა ექსპერტებმა გადმოცემის დროს დაათვალიერეს, რის შემდეგაც ის თბილისში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.

ცხედრის გადმოცემის პროცესში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, დევნილთა მინისტრის მოადგილე, სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და შინაგან საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო მისიებთან ერთად მონაწილეობდა. მედიას კი არ მიეცა საშუალება, პროცესს დასწრებოდა. გამოსვენების შემდეგ ოფიციალურმა პირებმა არ ისურვეს დაეკონკრეტებინათ, აღენიშნება თუ არა დაზიანებები ცხედარს. მათ მხოლოდ ის თქვეს, რომ ვერსიებზე ვერ ისაუბრებდნენ და გამოძიებასა და ექსპერტიზის დასკვნას უნდა დაველოდოთ.

„აქტიურად იყვნენ ჩართულნი საერთაშორისო პარტნიორები ცხედრის გადმოსვენების პროცესში, მათ შორის, განსაკუთრებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი პროცედურა ჩატარდა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, როგორც კი კონკრეტულად გახდება ცნობილი ცალკეული დეტალები, აუცილებლად ვაცნობებთ საზოგადოებას“, - უთხრა ჟურნალისტებს სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ.

ცხედრის ექსპერტიზა თბილისში ხუთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. ექსპერტის ირაკლი თოიძის ინფორმაციით, სხეულს ყელზე დაზიანებები აღენიშნება.

„არის თოკის ჩანართები. მეტი დაზიანებები ფაქტობრივად, არ არის. დამატებითი გამოკვლევების შემდეგ დადგინდება რაღაცები. დაზიანებები რაც იყო, არის ყელზე უმნიშვნელო ნაჭდევები, რომელიც სიცოცხლის დროინდელია თუ სიკვდილის შემდეგაა განვითარებული, ამაზე ლაბორატორიული კვლევები დაადგენს“, - თქვა თოიძემ.

ამის შემდეგ, 14 მარტს, დილის 11 საათზე კვარაცხელიას ცხედარი სენაკში მდებარე დევნილთა დასახლებაში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.


მას ადგილზე ახლო ნათესავები და მეზობლები დახვდნენ.  არცერთ მათგანს, ისევე, როგორც ჩვენ, არ აქვს ინფორმაცია, რა მოუვიდა ირაკლი კვარაცხელიას. მათ თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ და აცხადებენ, რომ ირაკლი თავს არ მოიკლავდა. ახლობლებმა ცხედრის გაპატიოსნების დროს მისი სხეული დაათვალიერეს და დაზიანებებიც აღმოაჩინეს. გარდაცვლილის ბიძაშვილი რადიო „ათინათს“ უყვება, რომ ცხედარზე ჩალურჯებები და სხვა დაზიანებები რამდენიმე ადგილას, მათ შორის, თავისა და ზურგის არეში აღენიშნება. ამასთან, ისინი ხაზს უსვამენ, რომ ენდობიან ექსპერტიზის დასკვნას და ელოდებიან მას.

„შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ დაზიანებები აქვს, თუმცა დეტალებს ვერ გეტყვით, ყველაფრის თქმა არც არის მისაღები. მაგალითად, ზურგზე, თავთან აქვს დაზიანებები, ჩალურჯებები... დაველოდოთ ექსპერტის დასკვნას და გამოძიებას და ყველა ერთად გავიგებთ, რა მოხდა სინამდვილეში“, - გვითხრა კვარაცხელიამ. 


მისი კიდევ ერთი ნათესავი თამარ ფიფია კი დარწმუნებულია, რომ თვითმკვლელობის ვერსია ტყუილია. მან გვითხრა, რომ ბოლო პერიოდში ირაკლი კვარაცხელია მონასტრებში დადიოდა და ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობდა.

„ბოლო დროს მონასტერში, იყო, ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობდა. ოჯახის წევრები რომ გარდაეცვალა, მას მერე, ფაქტობრივად აღარავინ ჰყავდა. ყოფილ ცოლსაც, თურმე, წლებია არ უნახავს. მე ბოლოს ერთი წლის წინ ვნახე, ცოტა ხნით ვისაუბრეთ და  ისევ მონასტერში წავიდა. გალში რატომ გადავიდა, ვერ ვხვდები, არავინ იქ არ ჰყოლია, სახლიც დამწვარია აჩიგვარაში, არც ახსოვდა იქაურობა, ისეთი პატარა გადმოიყვანეს... გამორიცხულია, თავს არ მოიკლავდა, ამას ვერ დავიჯერებ, შემოაკვდათ, ალბათ, ცემაში“, - გვითხრა ფიფიამ. 

ცხადია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონო პატიმრობაში საქართველოს მოქალაქის დაუდგენელ ვითარებაში გარდაცვალება კითხვის ნიშნებს არა მხოლოდ ახლობლებში აჩენს.

12 მარტს, როცა ქართულმა მხარემ კვარაცხელიას სავარაუდო თვითმკვლელობის ამბავი გაიგო, რადიო „ათინათს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ უთხრა, რომ, მისი ინფორმაციით, ცხედარს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა და ამასთან, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე, თუმცა მეორე დღეს ქობალიას დაზიანებებზე აღარაფერი უთქვამს. სამაგიეროდ, ჩვენ გვესაუბრა თვითმხილველი, რომელიც კვარაცხელიას დაკავების ფაქტს შეესწრო. ის ყვება, რომ ამ დროს რუს „მესაზღვრეებსა“ და საქართველოს მოქალაქეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.  მან ვინაობის გამხელა არ ისურვა, თუმცა გვითხრა, რომ ნაბაკევში ყველა დარწმუნებულია იმაში, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ცემაში შემოაკვდათ.

„აქ ყველა დარწმუნებულია, რომ ცემაში შემოაკვდათ. რუსების მხრიდან ხშირად არის ფიზიკური ძალადობა, ძალიან ხშირად სცემენ, მით უმეტეს, დაკავებულებს “, -უთხრა რადიო "ათინათს" ნაბაკეველმა მამაკაცმა.

ირაკლი კვარაცხელიას ინტერესებს გამოძიების მიმდინარეობისას წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ დაიცავს.  „ემპათიაში“ აცხადებენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, იყო ეს მკვლელობა თუ თვითმკვლელობა, საქართველოს მოქალაქის მიმართ არაადამიანური მოპყრობა იკვეთება.

„ყველა ვარიანტში ეს ადამიანი იყო უკანონო პატიმრობაში რუსეთის სამხედრო ბაზაზე, თავისუფლება აღკვეთილი. სახეზე და ყელის არეში აქვს რამდენიმე დაზიანებული ადგილი. ნიმუშები ლაბორატორიულ კვლევაზეა გადაგზავნილი, რომელიც დაადგენს რა სახის და როდინდელია ეს დაზიანებები. ჩვენ გამოვითხოვთ საქმის მასალებს პროკურატურიდან, ექსპერტიზის დასკვნას სოხუმიდან და რუსეთის ფედერაციიდან. ამის შემდეგ კი თავად ჩავატარებთ საერთაშორისო სტანდარტებით კომპლექსურ ექსპერტიზას, რომელიც გარკვეულობას შეიტანს ამ საქმეში“, - გვითხრა ცენტრის დირექტორმა მარიამ ჯიშკარიანმა.

იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ფედერაცია გამოძიებასთან არ ითანამშრომლებს და დამნაშავეებს არ დასჯის, „ემპათია“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს.

ირაკლი კვარაცხელია 1990 წელს აფხაზეთში დაიბადა. მას დედ-მამა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა, რის შემდეგაც ბებიასთან ერთად ცხოვრობდა. ბოლო წლებში კი მუდმივი საცხოვრებელი არ ჰქონია. ახალგაზრდა მამაკაცს 9 წლის შვილი დარჩა, მეუღლესთან კი განქორწინებული იყო.  ახლობლები ამბობენ, რომ ირაკლი გალში სეზონური სამუშაოებისთვის გადადიოდა ხოლმე, თუმცა არ იციან, ამ დღეებში რას აკეთებდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ბოლო დროს მასთან კონტაქტი არცერთ მათგანს არ ჰქონია.


რუსულ სამხედრო ბაზაზე დაუდგენელ ვითარებაში გარდაცვლილ 28 წლის აფხაზეთიდან დევნილს სენაკში, საკუთარი დედის გვერდით კვირას, 17 მარტს დაკრძალავენ.


ავტორი: სალომე ფაცაცია




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.