მალე ორი თვე გახდება მას შემდეგ, რაც ბახმუტთან რუსების სარაკეტო იერიშს ხუთი ქართველი ერთდროულად
ემსხვერპლა.
რომეო ფიჩხაია ერთ-ერთი მათგანია. ის აფხაზეთიდან დევნილი იყო. იბრძოდა აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომში. უკრაინაში წასვლამდე კი ცოლთან ერთად ჩხოროწყუში ცხოვრობდა.
ჯულიეტა ფიჩხაია რომეო ფიჩხაიას დაა. ის რადიო
"ათინათთან" იხსენებს, რომ რომეოსთვის სოხუმი მთელი სამყარო იყო და იქ დაბრუნების იდეა - უმთავრესი.
"ომი როგორც კი დაიწყო, თქვა, რუსები ქალებს და ბავშვებს ხოცავენ და მე აქ ვერ გავჩერდებიო. რომეო და მისი ძმაკაცები ფიქრობდნენ, რომ უკრაინაში რუსეთს დაასუსტებდნენ და ჩვენ აფხაზეთში დავბრუნდებოდით. მისთვის მთელი სამყარო იყო სოხუმი, არაფერი ფასეული და მატერიალური მისთვის არ არსებობდა ქვეყნის მთლიანობის გარდა. სოხუმის დაკარგვის შემდეგ წლები რუსების წინააღმდეგ პარტიზანულ ომში იბრძოდა,"- გვიყვება ჯულიეტა ფიჩხაია.
რომეოსა და მისი თანამებრძოლების ცხედრები ახლაც საომარ ზონაშია. ოჯახის წევრები ამ დრომდე მხოლოდ მათ ფოტოებსა და ტანსაცმელს დასტირიან. 3 დეკემბერს მასთან ერთად დაიღუპა ავთო რურუა - 41 წლის - აფხაზეთიდან დევნილი, ცხოვრობდა ზუგდიდში. იბრძოდა აფხაზეთისა და რუსეთ საქართველოს 2008 წლის ომში.
ამავე იერიშს ემსხვერპლა როლანდ კვარაცხელია - 49 წლის -აფხაზეთიდან დევნილი, ცხოვრობდა ფოთში. რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა აფხაზეთში და საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ომშიც 2008 წელს.
წალენჯიხელი
ედიშერ კვარაცხელია დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტთან მიმდინარე ოპერაციისას, 10 ოქტომბერს დაიღუპა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის სავარაუდოდ, ნაღმის აფეთქებას ემსხვერპლა.
მებრძოლი სამეგრელოდან 2008 წლის ომის მონაწილეა და უკრაინაში 2014 წლის მაისში წავიდა. ქართველი სამხედრო 25-ე ცალკეული მოტომსროლელი დივიზიის, "კიევის რუსეთის" წევრი, სამხედრო ინჟინერი და გამნაღმველი იყო.
"ედიშერი პატრიოტული ღირებულებებით იზრდებოდა. იმ ოცნებით მოკიდა ამ საქმეს ხელი, რომ საქართველოს გამთლიანების და რუსეთის დამარცხების იდეის ჯეროდა. თავისუფალი კაცი იყო. მე ვიცი მისი მთავარი იდეა და მიზანი. სანამ ადამიანები არ ვისწავლით თავისუფლებას მნიშვნელობას, არაფერს აზრი არ ექნება" - ასე იხსენებს გმირ ძმას ბაკურ კვარაცხელია.
ტატო ბიგვავა მარიუპოლში "აზოვსტალის" ტერიტორიაზე დაიღუპა. 8 მაისს, ის ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბის ჩამოვარდნას ემსხვერპლა. წარმოშობით ქართველი სამხედრო 18 თანამებრძოლთან ერთად ნანგრევებში მოყვა. მისი ცხედარი 9 მაისს ამოასვენეს.
ტელმან (ტატო) ბიგვავა 1995 წელს, უკრაინაში დაიბადა. დედა სოხუმელია. მამა კი ზუგდიდიდანაა.ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ის თითქმის ყოველ ზაფხულს ჩამოდიოდა საქართველოში.
ტატო ბიგვავა "აზოვის" პოლკის მებრძოლი 2015 წელს გახდა.
"დამოუკიდებლობისთვის და საქართველოს გამთლიანებისთვის იბრძოდა რუსების წინააღმდეგ. ხალხს იმავეს ეტყოდა, რაც თავისი საქმით დაამტკიცა - მონობაში ცხოვრებას გმირულად სიკვდილი ერჩივნა. სულ ამბობდა, რომ საქართველოს გაერთიანებისთვის და ქართველი ხალხის გამარჯვებისთვის ომობდა,"- ამბობს რადიო
"ათინათთან" ინტერვიუში ანი გრიგოლია - ტატო ბიგვავას ოჯახის წევრი.
ამ სამი მეომრის გარდა საქართველოს უკრაინაში რუსების წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული 33 გმირი ჰყავს, მათ შორის არიან მებრძოლები სამეგრელოდან და აფხაზეთიდან.
ერთ-ერთი პირველი ქართველი, რომელიც 2022 წელს რუსეთის აგრესიას შეეწირა, სენაკელი 55 წლის
ბახვა ჩიქობავაა. ის 2012 წლამდე განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს ხელმძღვანელობდა, იბრძოდა 2008 წლის ომში. დაიღუპა მარიუპოლში 2022 წლის 19 მარტს. მისი ცხედრის სამშვიდობო ზონაში გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ალიკა ცაავა - 40 წლის - აფხაზეთიდან დევნილი, ცხოვრობდა ჯვარში. იბრძოდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, დაიღუპა 2022 წლის 16 აპრილს რუბეჟნოეში.
გიორგი გრიგოლია - 41 წლის - აბაშიდან. დაიღუპა 6 ივნისს დონეცკის ოლქში.
გელა გოგია - 55 წლის სენაკიდან. დაიღუპა 26 აგვისტოს დონეცკის ოლქში, სარაკეტო იერიშისას.
მასალის გამოყენების პირობები