სტატია
რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში დაღუპული მებრძოლები სამეგრელოდან და აფხაზეთიდან - ომიდან ერთი წლის შემდეგ (ფოტო)
მალე ორი თვე გახდება მას შემდეგ, რაც ბახმუტთან რუსების სარაკეტო იერიშს ხუთი ქართველი ერთდროულად ემსხვერპლა.

რომეო ფიჩხაია ერთ-ერთი მათგანია. ის აფხაზეთიდან დევნილი იყო. იბრძოდა აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომში. უკრაინაში წასვლამდე კი ცოლთან ერთად ჩხოროწყუში ცხოვრობდა.

ჯულიეტა ფიჩხაია რომეო ფიჩხაიას დაა. ის რადიო "ათინათთან" იხსენებს, რომ რომეოსთვის სოხუმი მთელი სამყარო იყო და იქ დაბრუნების იდეა - უმთავრესი.


"ომი როგორც კი დაიწყო, თქვა, რუსები ქალებს და ბავშვებს ხოცავენ და მე აქ ვერ გავჩერდებიო. რომეო და მისი ძმაკაცები ფიქრობდნენ, რომ უკრაინაში რუსეთს დაასუსტებდნენ და ჩვენ აფხაზეთში დავბრუნდებოდით. მისთვის მთელი სამყარო იყო სოხუმი, არაფერი ფასეული და მატერიალური მისთვის არ არსებობდა ქვეყნის მთლიანობის გარდა. სოხუმის დაკარგვის შემდეგ წლები რუსების წინააღმდეგ პარტიზანულ ომში იბრძოდა,"- გვიყვება ჯულიეტა ფიჩხაია.

რომეოსა და მისი თანამებრძოლების ცხედრები ახლაც საომარ ზონაშია. ოჯახის წევრები ამ დრომდე მხოლოდ მათ ფოტოებსა და ტანსაცმელს დასტირიან. 3 დეკემბერს მასთან ერთად დაიღუპა ავთო რურუა - 41 წლის - აფხაზეთიდან დევნილი, ცხოვრობდა ზუგდიდში. იბრძოდა აფხაზეთისა და რუსეთ საქართველოს 2008 წლის ომში.

ამავე იერიშს ემსხვერპლა როლანდ კვარაცხელია - 49 წლის -აფხაზეთიდან დევნილი, ცხოვრობდა ფოთში. რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა აფხაზეთში და საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ომშიც 2008 წელს.



წალენჯიხელი ედიშერ კვარაცხელია დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტთან მიმდინარე ოპერაციისას, 10 ოქტომბერს დაიღუპა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის სავარაუდოდ, ნაღმის აფეთქებას ემსხვერპლა.

მებრძოლი სამეგრელოდან 2008 წლის ომის მონაწილეა და უკრაინაში 2014 წლის მაისში წავიდა. ქართველი სამხედრო 25-ე ცალკეული მოტომსროლელი დივიზიის, "კიევის რუსეთის" წევრი, სამხედრო ინჟინერი და გამნაღმველი იყო.

"ედიშერი პატრიოტული ღირებულებებით იზრდებოდა. იმ ოცნებით მოკიდა ამ საქმეს ხელი, რომ საქართველოს გამთლიანების და რუსეთის დამარცხების იდეის ჯეროდა. თავისუფალი კაცი იყო. მე ვიცი მისი მთავარი იდეა და მიზანი. სანამ ადამიანები არ ვისწავლით თავისუფლებას მნიშვნელობას, არაფერს აზრი არ ექნება" - ასე იხსენებს გმირ ძმას ბაკურ კვარაცხელია.

ტატო ბიგვავა მარიუპოლში "აზოვსტალის" ტერიტორიაზე დაიღუპა. 8 მაისს, ის ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბის ჩამოვარდნას ემსხვერპლა. წარმოშობით ქართველი სამხედრო 18 თანამებრძოლთან ერთად ნანგრევებში მოყვა. მისი ცხედარი 9 მაისს ამოასვენეს.

ტელმან (ტატო) ბიგვავა 1995 წელს, უკრაინაში დაიბადა. დედა სოხუმელია. მამა კი ზუგდიდიდანაა.ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ის თითქმის ყოველ ზაფხულს ჩამოდიოდა საქართველოში.

ტატო ბიგვავა "აზოვის" პოლკის მებრძოლი 2015 წელს გახდა.

"დამოუკიდებლობისთვის და საქართველოს გამთლიანებისთვის იბრძოდა რუსების წინააღმდეგ. ხალხს იმავეს ეტყოდა, რაც თავისი საქმით დაამტკიცა - მონობაში ცხოვრებას გმირულად სიკვდილი ერჩივნა. სულ ამბობდა, რომ საქართველოს გაერთიანებისთვის და ქართველი ხალხის გამარჯვებისთვის ომობდა,"- ამბობს რადიო "ათინათთან" ინტერვიუში ანი გრიგოლია - ტატო ბიგვავას ოჯახის წევრი.


ამ სამი მეომრის გარდა საქართველოს უკრაინაში რუსების წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული 33 გმირი ჰყავს, მათ შორის არიან მებრძოლები სამეგრელოდან და აფხაზეთიდან.

ერთ-ერთი პირველი ქართველი, რომელიც 2022 წელს რუსეთის აგრესიას შეეწირა, სენაკელი 55 წლის ბახვა ჩიქობავაა.

ის 2012 წლამდე განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს ხელმძღვანელობდა, იბრძოდა 2008 წლის ომში. დაიღუპა მარიუპოლში 2022 წლის 19 მარტს. მისი ცხედრის სამშვიდობო ზონაში გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ალიკა ცაავა - 40 წლის - აფხაზეთიდან დევნილი, ცხოვრობდა ჯვარში. იბრძოდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, დაიღუპა 2022 წლის 16 აპრილს რუბეჟნოეში.

გიორგი გრიგოლია - 41 წლის - აბაშიდან. დაიღუპა 6 ივნისს დონეცკის ოლქში.

გელა გოგია - 55 წლის სენაკიდან. დაიღუპა 26 აგვისტოს დონეცკის ოლქში, სარაკეტო იერიშისას. 



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.